მცირე შვებულებიდან სამშობლოში დაბრუნებულმა დავიდ ვილიამ "მარკას" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.
- როგორ ხართ? არ გადაიღალეთ მომქანცველი მუნდიალის შემდეგ?
- არა, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ახლა უკვე სამშობლოში ვარ და ინდივიდუალური ვარჯიშიც დავიწყე.
- მსოფლიოს ჩემპიონატის წინ თუ წარმოიდგენდით, რომ ტრიუმფი გელოდათ?
- დიდი იმედი გვქონდა. გუნდში დიდებული სიტუაცია იყო შექმნილი. ვიცოდით, რომ შეგვეძლო საუკეთესო შედეგის მიღწევა.
- მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულებულია, რა გველის მომავალში?
- როცა ტიტულებს იგებ, კიდევ უფრო მეტი გინდა, გუნდური თუ ინდივიდუალური ტიტული, ბევრი გოლი. მსურს "ბარსელონასთან" ერთად ლა
- ალბათ, იცით, რომ ესპანურმა მედიამ საუკეთესოდ დაგასახელათ მუნდიალზე?
- ალბათ იმიტომ, რომ გადამწყვეტი გოლები გავიტანე. პორტუგალიასა და პარაგვაის 1:0 მოვუგეთ, ჩემი გოლების წყალობით.
- თქვენს შესახებ ძალიან ბევრი დაიწერა. თავად როგორ შეაფასებთ დავიდ ვილიას თამაშს სამხრეთ აფრიკაში?
- სენსაცია, რომელიც შვეიცარიის ნაკრებმა შემოგვთავაზა, ჩვენთვის კარგი გაკვეთილი გამოდგა. ამის შემდეგ გაცილებით კონცენტრირებულნი გავდიოდით სათამაშოდ. რა თქმა უნდა, მსოფლიოს ჩემპიონატზე ყოველთვის მოსაგებად მიდიხარ, მაგრამ ამჯერად ვგრძნობდით, რომ მიზნის მიღწევა რეალურად შეგვეძლო. და ეს შვეიცარიასთან წაგების მიუხედავად. ბეწვის ხიდზე გავიარეთ. ჰონდურასის მატჩამდე თითოეული დღე საოცრად რთული იყო, ხოლო ჩილეს ნაკრებთან გადამწყვეტი მატჩისწინა 2 საათი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი დრო იყო.
- რატომ?
- ეს იყო ყველაზე რთული დაპირისპირება. ჩვენ ჯგუფიდან ვერგასვლის საფრთხის წინაშე ვიყავით. ერთი უიღბლობა, არასწორი გადაწყვეტილება, პენალტი ან ცუდი რიკოშეტი საკმარისი შეიძლება ყოფილიყო ესპანეთის ნაკრების ჯგუფში ჩარჩენისთვის. ფეხბურთში კი ყველაფერი ხდება. ფეხი რომ დაგვცდენოდა გულშემატკივრებს რა პასუხს გავცემდით?
- როგორ ფიქრობთ, ნაკრების სხვა ფეხბურთელებიც თქვენს დღეში იყვნენ ჩილესთან მატჩის წინ?
- დიახ, აბსოლუტურად ყველა! მაგრამ კარგი ის იყო, რომ თამაშის დაწყებისთანავე ეს დაძაბულობა სადღაც გაქრა.
- ასეთი რა გითხრათ მწვრთნელმა გასახდელში?
- არც არაფერი. იქ იყო საოცარი სიჩუმე, ყველა კონცენტრირებული იყო და მომავალ თამაშზე ფიქრობდა. მაგრამ მანამდე ძალზე ნერვული საათები გამოვიარე, განსაკუთრებით მაშინ, როცა სასტუმროდან სტადიონისკენ გავემართეთ.
- გავიგეთ, რომ ჩილესთან გაგიჭირდათ, რომელ გუნდთან იგრძენით თავი საუკეთესო კონდიციებში?
- პორტუგალიასთან მატჩში. ეს იყო საოცარი მატჩი. ასე მეგონა, რომ იმ დღეს ვერც ერთი მცველი შეძლებდა ჩემს დაჭერას.
- თქვენი მამა ხშირად გაკრიტიკებთ ხოლმე...
- ახლაც ასე იყო, ყოველი თამაშის შემდეგ ვურეკავდი მას. განსაკუთრებით პენალტის გამო "მომხვდა".
- ფინალში დელ ბოსკემ თქვენ შეგცვალათ, არ გაგიკვირდათ?
- არა, მწვრთნელმა სწორი გადაწყვეტილებები მიიღო.
- გუნდი გააკრიტიკა ლუის არაგონესმა, როგორ ფიქრობთ დაგეხმარათ თუ ხელი შეგიშალათ ამ კრიტიკამ?
- დაგვეხმარა. მე მგონი, ამ კრიტიკამ მეტოქეები უფრო დააბნია. არაგონესმა განსაკუთრებით სერხიო ბუსკეტსი გააკრიტიკა, შემდეგ კი აღიარა, რომ ის ლამის გადამწყვეტი ფიგურა იყო ნაკრებში.
- თქვენი აზრით ვინ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა ნაკრები?
- იკერი რა თქმა უნდა, ის ლეგენდაა. ყველას გაგვიჭირდა, ერთადერთი კასილიასი იყო, რომელიც სიმხნევეს წამითაც არ კარგავდა. გამხნევება მხოლოდ მას არ დასჭირვებია.
- თქვენ უკვე ორჯერ გაიარეთ ავტობუსით ტრიუმფით მადრიდის ქუჩებში, რა განხსვავება იყო ამ ორ ზეიმს შორის?
- ახლა ხალხი გაცილებით მეტი მოვიდა, ყველა ქუჩა გადავსებული იყო, მათ რიცხვს თვლა არ ჰქონდა. მგონი, მთელი ესპანეთი ქუჩაში იყო გამოსული ჩვენს შესახვედრად.
- დაბრუნების შემდეგ თუ ესაუბრეთ ლუის არაგონესს?
- რა თქმა უნდა. ის ერთ-ერთი იმათთაგანი იყო, რომელსაც ყველაზე მეტად უნდოდა დედამიწის ზურგზე ჩვენი გამარჯვება. გაგვაკრიტიკა და სათქმელიც ეთქმოდა. მისმა სიტყვებმა ჩვენზე დადებითად იმოქმედეს.
- ჩილეს ნაკრებთან გოლის გატანის შემდეგ თქვენი ზეიმი წინასწარ დაგეგმილი იყო?
- მე ვიტყოდი ეს იყო სპონტანური.
- მსოფლიოს ჩემპიონატმა ბევრ ფავორიტს ჩაუტარა მძიმე გაკვეთილი...
- კიდევ კარგი მათ რიცხვში ჩვენ არ მოვხვდით. ყველაზე მეტად ჯგუფურ ეტაპზე ფრანგებისა და იტალიელების ჩარჩენა გამიკვირდა. განსაკუთრებით კი ფრანგების. იტალიელებს მაინც ახლებური გუნდი ჰყავდათ. ფრანგებმა კი ყველა ლიდერი ჩამოიყვანეს. ძალიან საკვირველია მათი ასეთი ჩავარდნა.
- თქვენ კრიშტიანო რონალდოსთან ახლოს ხართ, როგორ გადაიტანა მან ესპანეთთან მარცხი?
- ასეთი რამ იოლად არავის გადააქვს. იგივე შეგვემთხვა ჩვენ გერმანიაში საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ. მთელი ენთუზიაზმით ხარ მომართული, გადის ორი საათი და სახლში გიწევს წასვლა... მძიმე გრძნობაა. მახსოვს, როცა საფრანგეთთან გამოვვარდით, მას მერე მუნდიალის ერთი მატჩიც კი არ მინახავს.
- რომ წაგეგოთ ფინალში, ჩემპიონატს როგორ შეაფასებდით?
- ფინალამდე მედიის ნაწილი ამტკიცებდა, რომ ჩვენ მაინც გმირები ვიყავით, მიუხედავად იმისა, როგორ დასრულდებოდა ჰოლანდიასთან შეხვედრა. ეს სასიამოვნო მოსასმენი იყო, მაგრამ თითოეული ჩვენგანი კარგად გრძნობდა, რომ წაგების შემთხვევაში სიცოცხლის ბოლომდე გავიხსენებდით ამ მატჩს, როგორც ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას.
- იყო თუ არა ეს თქვენი კარიერის მატჩი?
- კი. მართალია, იყო დიდი დაძაბულობა, მაგრამ როგორც კი რეფერიმ ჩასტვინა და თამაში დაიწყო, ყველაფერი სადღაც გაქრა. თამაშით დიდი სიამოვნება მივიღეთ.
- როგორ შეხვდა ოჯახი ამ გამარჯვებას?
- ისინი ახლოს ცხოვრობდნენ ჩვენგან და როცა ვნახე, ყველა ტიროდა სიხარულისგან.
- თქვენც?
- გასახდელში აბსოლუტურად ყველამ ვიტირეთ სიხარულისგან. ახლაც არ მავიწყდება იკერის სახე, ინიესტას გოლიდან მოყოლებული ვერ გავაჩერეთ. პეპე რეინა მას ამშვიდებდა. უცნაური სანახავები იყვნენ ჩავი და ინიესტა, რომელთაც ყველაფერი უნახავთ ფეხბურთში, მახსენდება კაპდევილა ბავშვივით ტიროდა, სხვაზე რაღას ვლაპარაკობ, მეც ასეთ მდგომარეობაში ვიყავი.
- ფინალი თუ დაგსიზმრებიათ მუნდიალის შემდეგ?
- დიახ. მთელი თამაში ვნახე, თავისი ზეიმით.
- გვარდიოლა თუ გეხმიანებოდათ?
- გვარდიოლა მესიჯებს ჩავისა და პუიოლის წყალობით გვწერდა.
- როგორ ფიქრობთ, რას შეგმატებთ თქვენი მომავალი თანამშრომლობა?
- ვფიქრობ, ძალიან ბევრს. დიდად ვარ მოწადინებული პეპთან თავი გამოვიჩინო. პუიოლმა მითხრა, რომ არასოდეს შეხვედრია ისეთი მწვრთნელი, როგორიც გვარდიოლაა.
- გუნდში სიურპრიზებს ელით?
- არა მგონია, "ბარსელონა" ისევ 4-3-3 სისტემით ითამაშებს და ასეთ შემთხვევაში თავს შეტევის სამივე პოზიციაზე ერთნაირად კარგად ვგრძნობ, არა მგონია, ნახევარდაცვაში მათამაშონ.
- თქვენ ხშირად გაკრიტიკებენ, რომ არ გიყვართ პასის მიცემა, ეს კი პეპს არ მოსწონს...
- თავდამსხმელი მაინც გოლზე უნდა იყოს მომართული და ხშირად ურტყას კარში.
- "ინტერისა" და "ბარსელონას" დაპირისპირება თუ ნახეთ?
- დიახ. ორი სხვადასხვა სტილის გუნდია, მე "ბარსას" სტილი უფრო მესიმპატიურება. ხალხმა მგონი გადააფასა "ინტერი". ჩემი აზრით, 10-დან 9 შემთხვევაში "ბარსელონა" მოიგებდა. თუმცა მოიგო "ინტერმა", ასეთია ფეხბურთი.
- ფიქრობთ თუ არა უკვე "რეალთან" სამომავლო დაპირისპირებაზე?
- "ელ კლასიკოზე" თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დიდი პატივია, ჩემთვისაც. ამ თამაშმა შეიძლება ლიგის ბედი გადაწყვიტოს, როგორც ეს შარშან მოხდა. უდიდესი დაძაბულობა, ძალიან თვალსასეირო ფეხბურთი - მოკლედ, "კლასიკო" ყველაფერია...
- "რეალში" უკვე მოურინიოა, არის თუ არა ეს დამატებითი მოტივაცია ორივე გუნდისთვის?
- სულ ორი დღეა აქ ვარ და კარგად ვატყობ, რომ მოურინიოს გამო კიდევ უფრო მეტი ფასი მიეცა "კლასიკოს".
- როგორ ფიქრობთ, "რეალში", რომ გადასულიყავით, როგორ წარიმართებოდა თქვენი კარიერა?
- ამაზე არ მიფიქრია. "ვალენსიაში" ძალიან კარგი დრო გავატარე და სანამ "ბარსელონასთან" ხელშეკრულებაზე ხელს არ მოვაწერდი, წასვლაზე სერიოზულად არც დავფიქრებულვარ, არც "რეალში" და არც "ბარსელონაში".