"ბარსელონას" საზაფხულო გეგმები ცნობილია

AutoSharing Option
"ბარსელონას" ზაფხულის სატრანსფერო გეგმები უკვე დაწყობილი აქვს, მაგრამ რამდენად გამოვა მათი განხორციელება, ეს სხვა თემაა...

როგორც ამბობენ, კატალონიურ გუნდს, სულ ცოტა, მარჯვენა მცველის, მარცხენა მცველისა და ორი ნახევარმცველის დამატება სურს.

ვიცით სასურველი კანდიდატებიც - ექსბარსელი, ლონდონის "არსენალის" ექტორ ბელერინი, მადრიდის "ატლეტიკოს" საკუთრებაში მყოფი, "ალავესში" განათხოვრებული ტეო ერნანდესი, "ლივერპულის" ლიდერი ფილიპე კოუტინიო და "პარი სენ-ჟერმენის" იტალიელი ლეგიონერი მარკო ვერატი.

22 წლის ბელერინი ბარსელონაშია დაბადებული და "ლა მასიას" აკადემიიდან გასაშვებად 2011 წელს გაიმეტეს. ის "არსენალმა" წაიყვანა, სადაც დებიუტი 2013 წელს ჰქონდა.

"მეოთოფეებს"
ცოტა ხნით "უოტფორდშიც" ჰყავდათ განათხოვრებული. წინა სეზონი ბელერინს შესანიშნავი ჰქონდა და სიმბოლურ ნაკრებშიც კი წარადგინა "არსენალი", მიმდინარეშიც არა უშავს და მის ასაკს თუ გავითვალისწინებთ, წესით, კიდევ უნდა მოუმატოს. ექტორი დაახლოებით 30 მილიონ ევროდ ფასდება. ის ცოტა გაბუტული კი ჩანს მშობლიურ კლუბზე, მაგრამ საქმე საქმეზე თუ მიდგა, "კამპ ნოუზე" დაბრუნებაზე უარს, ალბათ, არ იტყვის.

"რაიო ვალეკანოს", "კომპოსტელას", "მარსელის", მადრიდის "ატლეტიკოსა" და სხვა გუნდების ყოფილი ფეხბურთელის, ჟან-ფრანსუა ერნანდესის ორი ვაჟიდან ერთი (ლუკასი) "ატლეტიკომ" თავისთან დაიტოვა, ხოლო მეორე (ტეო) "ალავესში" გაანათხოვრა.

იქ ტეოს უფრო დიდი სათამაშო დრო შეხვდა და მიმდინარე ლა ლიგაში შესანიშნავად გამოიყურება. იგი ძმაზე 2 წლით უმცროსია, 19 წლის გახლავთ და მასზე ფაქტობრივად ნადირობაა გამოცხადებული. მართალია, 24 მილიონად ფასდება, მაგრამ "ათლეტები" ეცდებიან, შექმნილი ვითარება და მისდამი ინტერესი გამოიყენონ და ხელი მაქსიმალურად მოითბონ. მთხოვნელთა შორისაა "რეალიც".

რაც შეეხებათ კოუტინიოსა და ვერატის, აქ უფრო მძიმედ, უფრო სწორად, უფრო ძვირადაა საქმე… - "ვასკო და გამას" აღზრდილი კოუტინიო 2010-13 წლებში მილანის "ინტერის" საკუთრებაში იყო. ის ცოტა ტრავმებისკენაა მიდრეკილი და იტალიაში ეს განსაკუთრებულად აწუხებდა, ხოლო 2013 წლიდან "ლივერპულშია" და აშკარად პროგრესირებს. მერსისაიდელთა წამყვანი ფეხბურთელობის გარდა, 24 წლის ფანტაზისტა ბრაზილიის ნაკრების ლიდერთაგანი გახდა.

მან ცოტა ხნის წინათ "ლივერპულს" ერთგულება შეჰფიცა, იურგენ კლოპსაც სასტიკად არ უნდა მისი წასვლა და კოუტინიოც "ენფილდით" "მოიწამლა", მაგრამ თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვერ მოხვდება და უფროსობა ტრანსფერებისთვის სერიოზულ თანხას ისევ არ გამოჰყოფს, "ბარსას" წინადადებაზე უარის თქმა ძნელი იქნება.

ასევე 24 წლისაა პესკარაში დაბადებულ-გაზრდილი ვერატი. იგი მშობლიური ქალაქის კლუბმა გამოწვრთნა და 2012 წელს არაერთი გუნდის შეთავაზებიდან ვერატიმ და "პესკარას" შეფობამ "პარი სენ-ჟერმენი" აარჩიეს, პარიზელები ფინანსური კუთხით ყველაზე გულუხვები გამოდგნენ. კოუტინიოსი არ იყოს, ტრავმები ვერატისაც საკმაოდ ხშირად აწუხებს, მაგრამ ზრდა მაინც განაგრძო, მოუმატა და დიდი ფეხბურთისთვისაა მომწიფებული. აი, ის დიდი ნაბიჯი სწორედ ახლა უნდა გადადგას.

თანაც, ფაქტია, პსჟ-ის მცდელობების მიუხედავად, ევროტიტულის მოგება არ გამოსდის. მიმპატიჟებელი ვერატის ახლაც უამრავი ჰყავს, იტალიური ფეხბურთის გრანდებიდან დაწყებული, არაევროპული გუნდებით დამთავრებული. მარკო, სავარაუდოდ, ფინანსურ მხარეს კვლავაც მიაქცევს ყურადღებას და თან გუნდის რესურსით იხელმძღვანელებს. მას არასდროს დაუმალავს, რომ კატალონიელებისადმი სიმპათიები აქვს.

"ბარსელონას" ვერატისა და კოუტინიოს შესაძენად მინიმუმ, 100 მილიონი დასჭირდება და ამხელა ფინანსური რესურსი ამ წუთას კლუბში არ არის, ბიუჯეტი გადასახედია და გამოსავალი რამდენიმე მოთამაშის გასხვისებაში ჩანს. ამბობენ, რომ "კამპ ნოუდან" მინიმუმ ორ ფეხბურთელს - ჟერემი მატიოსა და არდა თურანს გაუშვებენ.

შესაძლო წამსვლელთა შორის არიან პაკო ალკასერი, ლუკა დინი, ალეიშ ვიდალი და ანდრე გომეშიც. მოკლედ, ბოლო დროს დამატებული ფეხბურთელები, რომლებიც "ბარსას" არ გამოადგნენ (სამუელ უმტიტის გარდა), თუმცა გომეში ბოლოს კარგად ათამაშდა.

პარალელურად, ლუის ენრიკეს შემცვლელზეც მიდის მუშაობა და სატრანსფერო პოლიტიკა რაღაც დოზით ამაზეც იქნება დამოკიდებული, თუ ვის "გადააბარებენ" გუნდს "ლუჩოს" მერე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული