ორი დღეა "სამეფო კლუბი" ლეგენდებს ემშვიდობება - გუტის შემდეგ რაულის ჯერი დადგა. გუშინ "სანტიაგო ბერნაბეუზე" პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც რაულ გონსალეს ბლანკო უკანასკნელად წარდგა მედიის წინაშე, როგორც "რეალის" ფეხბურთელი...
"დღეს ძალიან რთული დღეა ჩემს ცხოვრებაში. უფეხბურთოდ გაძლება არ შემიძლია და მსურს კიდევ ვითამაშო. ამიტომაც ჩემი მომავალი კარიერის ბედი დღეს ან ხვალ გაირკვევა... მაგრამ ახლა მხოლოდ "რეალზე" და აქ გატარებულ 16 წელიწადზე ვფიქრობ. მომავალზე ლაპარაკს ხვალაც შევძლებ დღეს კი მინდა ყველას დაგემშვიდობოთ, გულშემატკივრებს, ფეხბურთელებს, კლუბის წევრებს, ჟურნალისტებს... სხვა ქვეყანაში მივდივარ სათამაშოდ და
ლეგენდარული შვიდიანი წავიდა, დასრულდა 16-წლიანი ფანტასტიკური ეპოპეა, ტრიუმფების, გოლების, ტიტულების. ფეხბურთელი, რომელიც კარიერის განმავლობაშივე ლეგენდად იქცა და სამუდამოდ დაიკავა ადგილი თითოეული მადრიდისტას გულში.
პრესკონფერენციამდე რაული გულშემატკივრებს დაემშვიდობა, "ბერნაბეუზე" ლეგენდასთან გამოთხოვება ასობით გულშემატკივარმა ინება. რაული, რომელსაც ზურგს კარიერაში მიღებული აურაცხელი ტიტული უმშვენებდა, გულშემატკივრებს სტადიონის საპრეზიდენტო აივნიდან მიესალმა. ცერემონიალს დაესწრნენ ფლორენტინო პერესი, ხორხე ვალდანო და ჟოზე მოურინიო. ტრიბუნებიდან ისმოდა შეძახილები: "რაულ, რაულ, რაულ". სტადიონზე აჩვენეს დოკუმენტური ფილმი, რომელიც რაულის "რეალურ" კარიერას ასახავს. პრეზიდენტმა პერესმა სიტყვაში თქვა, რომ "მხოლოდ ერთეულებს აქვთ პატივი კლუბის სიმბოლოდ იქცნენ და ერთ-ერთი მათგანი რაულია. მადლობა რაულს ამ წლების გამო. ჩვენ მას ვეუბნებით არა მშვიდობითს, არამედ ნახვამდის, მომავალ შეხვედრამდე".
ალბათ, "რეალის" გულშემატკივარი ნაკლებად მოელოდა, რომ ეს დღე მალე მოვიდოდა - "რეალის" ლეგენდა რაული გუნდიდან წავიდა. თითოეულ ჭეშმარიტ მადრიდისტას სჯეროდა, რომ რაული, სულ მცირე, კარიერას მაინც დაასრულებდა "სამეფო კლუბში". გავიხსენოთ ყველა ის მეტსახელი, რაც რაულს წლების განმავლობაში მადრიდში შეარქვეს: "მადრიდის მფარველი ანგელოზი", "ესპანეთის ოქროს ბიჭუნა", "ლეგენდა", "ელ კაპიტანი", "ელ სიეტე"... 15 წლის რაული ჯერ კიდევ "ატლეტიკოს" აკადემიაში სწავლობდა, როცა კლუბმა აკადემია დახურა და რაულიც იძულებული გახდა სხვა გზა მოეძებნა, მან ქალაქის მეორე მხარეს, "რეალის" აკადემიას მიაშურა და უკვე ორ წელიწადში "ლოს მერენგესის" ძირითად გუნდში ითამაშა! მაშინ "რეალს" დღევანდელი გენერალური დირექტორი ხორხე ვალდანო წვრთნიდა. არგენტინელმაც მოკიდა ხელი C გუნდში მოთამაშე ნიჭიერ ყმაწვილს და პირდაპირ დიდ გუნდში გადაიყვანა. წინა მატჩში მარტინ ვასკესი დაშავდა და ვალდანომ მის ნაცვლად 17 წლის რაული დააყენა. მართალია, ის თამაში "რეალმა" 2:3 წააგო, მაგრამ დებიუტანტს ცუდად არ უთამაშია და მან სასტარტოში ადგილი შეინარჩუნა. უკვე მომდევნო თამაშში ("ატლეტიკოს" წინააღმდეგ - 4:2) რაულმა გაიტანა! ეს იყო პირველი გოლი, რომელიც რაულმა ბავშვობის კლუბს გაუტანა - მას მერე "ელ სიეტემ" ლა ლიგის 549 მატჩში 322 გოლი გაიტანა. ის არ იყო მორიგი ფეხბურთელი, მორიგი ფორვარდი, თაობები და ეპოქები იცვლებოდა რეალში, ვარსკვლავები, ზიდანები, ბექჰემები, რონალდოები, რობერტო კარლოსები მოდიოდნენ და მიდიოდნენ, რაული კი რჩებოდა "რეალის" ღირსების მატარებლად. არც არის გასაკვირი, რომ გულშემატკივართა უსაყვარლესი ფეხბურთელი ამ წლებში ყოველთვის რაული იყო. რაულმა 17 მწვრთნელი გამოიცვალა და 17-ივე დიდ პატივს სცემდა ფეხბურთელს. "რეალში" ყოფნისას რაულმა შეტევის საუკეთესო დუეტი შექმნა ფერნანდო მორიენტესთან. მათ შორის უხილავი, ტელეპატიური კავშირი არსებობდა მოედანზე. ამიტომაც რაულ-მორიენტესის წყვილი სუპერწარმატებული გახლდათ. 6 სეზონი გაატარეს ერთად რაულმა და მორიენტესმა და ერთად 245 გოლი გაიტანეს. 2003 წელს "ელ კაპიტანი" ძალიან ახლოს იყო "რეალიდან" წასვლასთან. ფლორენტინო პერესი დიდად იყო მოწადინებული - "ჩელსი" მის სანაცვლოდ 100 მილიონ დოლარს იხდიდა და წელიწადში გასამრჯელოს სახით 10 მილიონ დოლარზე მეტს გამოდიოდა. მაგრამ რაულმა ყველაფერი ჩაშალა თავის ერთი გაქნევით - არა, მე მხოლოდ "რეალში" ვითამაშებ...
რაული კარგი მეოჯახეა, მას ხუთი შვილი ჰყავს ოთხი ვაჟი (ხორხე, ვალდანოს საპატივცემულოდ, უგო, სანჩესის საპატივცემულოდ, ექტორი, რიალის საპატივცემულოდ და ლოთარი, მათეუსის საპატივცემულოდ) და გოგონა. ყოველი გოლის გატანისას რაული საქორწინო ბეჭედს კოცნიდა...
რაული "რეალში" ციფრებში
16 - წელიწადი და 15 სეზონი "რეალის" მაისურით.
17 - წლისა და 4 თვის რაულს ჰქონდა დებიუტი "რეალში".
228 - ლა ლიგის გოლი. მესამე შედეგი ლა ლიგის ისტორიაში.
323 - ოფიციალური გოლი "რეალის" მაისურით. "რეალის" ისტორიაში ყველაზე საუკეთესო მიღწევა.
66 - გოლი ჩემპიონთა ლიგაში. ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის რეკორდი, პირველი ფეხბურთელი, ვინც 50-გოლიან ნიშნულს გადაცდა.
550 - მატჩი ლა ლიგაში, "რეალის" ყველა დროის რეკორდი და ლა ლიგის ისტორიაში მე-2 შედეგი.
132 - მატჩი ჩემპიონთა ლიგაში, ისტორიაში მე-2 შედეგი.
16 - მთავარი ტიტული კარიერაში.
ყოველდღიური გაზეთი ლელო