უეფა, დაიცავი "ფეარ პლეი"...

AutoSharing Option

"მალიორკამ" უეფაში საჩივარი შეიტანა, ბალეარული კლუბი ევროპის ლიგის გათამაშებიდან მოხსნას აპროტესტებს. უეფამ "მალიორკა" კლუბის ფინანსური შესაძლებლობების შემოწმების შემდეგ მოხსნა გათამაშებიდან, რადგან გუნდი ძალზე ახლოს იყო გაკოტრებასთან. თუმცა, საქმე იმაშია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში "მალიორკაში" სიტუაცია დიამეტრულად შეიცვალა, გუნდში ახალი ხელმძღვანელობა მივიდა, საკმაოდ კარგი ფინანსური შესაძლებლობებით. მოკლედ, "მალიორკა" გაკოტრებას კი გადარჩა, მაგრამ უეფას კომისიამ ეს საკითხი მანამდე შეისწავლა...

ოფიციალური აპელაციის გარდა კლუბის ხელმძღვანელობამ მედიას სპეციალური განცხადებაც გააცნო, სადაც ნათქვამია, რომ კუნძულელები ბოლომდე იბრძოლებენ თავიანთი სიმართლის გასატანად. "არავის აქვს უფლება ამ

ბიჭებს წაართვას ის, რაც მათ შრომით მოიპოვეს. "მალიორკამ" სპორტული პრინციპით დაიმსახურა ევროპის ლიგაზე თამაში. ისინი არ იმსახურებენ ასეთ დამცირებას", - ვკითხულობთ "მალიორკას" ოფიციალურ ვებსაიტზე.

"მალიორკას" ახალი თავკაცი მიქაელ ლაუდრუპი ყველაფერს გააკეთებს, იმისათვის, რომ პლატინის გული მოიგოს და გუნდი ხელახლა დაუშვან ევროპის ლიგაში. "ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. კარგად ვიცნობ პლატინის და ვიცი, რომ ის პატიოსანი ადამიანია", - განაცხადა ლეგენდარულმა დანიელმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ უეფას სადისციპლინო კომიტეტმა "მალიორკას" კუთვნილი საგზური "ვილიარეალს" გადასცა. მალე გამოცხადდება, თუ როდის განიხილავს უეფა "მალიორკას" საჩივარს. ორი დღის წინ "მალიორკამ" მორიგი სპარინგი ჩაატარა. ბალეარელთა ფეხბურთელები უცნაური მაისურებით გამოვიდნენ თამაშზე: "უეფა, დაიცავი "ფეარ პლეი", გთხოვთ", - ვკითხულობთ "მალიორკას" მაისურებზე.

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული