ლეო მესი: ყველაფერი ჩვენ გვინდა

AutoSharing Option

მაშინ როცა პრიმერა დივიზიონის ერთ-ერთი ფავორიტი "რეალი" კალიფორნიაშია, ჩემპიონი "ბარსელონა" სამხრეთ კორეაში დაბანაკდა. კატალონიური კლუბი აზიურ ტურნეზე ნორვეგიიდან გაემართა, სადაც "ვალერენგასთან" ამხანაგური მატჩი გამართა და 4:2 მოიგო. სულ ბოლოს გუნდს ლეო მესი და დანი ალვეში შეუერთდნენ, მაგრამ ბოიან კრკიჩი და ჟეფრენი დააკლდნენ, რადგან ისინი ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს. ამგვარად ხოსეპ გვარდიოლას განკარგულებაში პირველი გუნდის 9 წევრი და 17 სარეზერვო გუნდის ფეხბურთელი დარჩა. ერთი ფეხბურთელი უკვე აღარასოდეს შეუერთდება "ბარსელონას" მზადებას - რაფაელ მარკესი ოფიციალურად გამოეთხოვა გუნდს. შვიდწლიანი კატალონიური კარიერის შემდეგ მარკესი

გუნდს დაემშვიდობა, თუმცა განაცხადა, რომ სიკვდილამდე "ბარსას" ფანი იქნება. რაფა მარკესმა "ბარსელონასთან" ერთად 12 ტიტული მოიპოვა. წუხელ რაფა მარკესმა ოფიციალურად გააფორმა კონტრაქტი მლს-ის კლუბ "ნიუ იორკ რედ ბულზთან". 31 წლის მექსიკელი კვლავ ტიერი ანრის გუნდელი იქნება. ისევე როგორც ანრი, მარკესიც თავისუფალ აგენტად გადავიდა ნიუ იორკში.

"ბარსელონა" სეულში ჩაფრინდა, სადაც ხოსეპ გვარდიოლამ პრესკონფერენცია გამართა, რომელიც მომავალ მატჩს მიეძღვნა. 4 აგვისტოს "ბარსელონა" კეი ლიგის "ყველა ვარსკვლავის" გუნდს შეხვდება. სეულის აეროპორტში გუნდს ათასობით ფანი დახვდა. ყველას ყურადღების ცენტრში არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი იყო. კორეელ ჟურნალისტებს მესიმ განუცხადა, რომ "ბარსელონას" ყველა ტიტულის მოგება აქვს დასახული: "ჩვენ უნდა მოვიგოთ ყველაფერი, ვიცი, რომ ეს ძალზე რთულია, მაგრამ ჩვენ დიდებული ფეხბურთელები გვყავს და შეგვიძლია ტიტულების მოგება. როცა გუნდში მსოფლიოს ჩემპიონები დაგვიბრუნდებიან, ისინი კიდევ უფრო მეტი ენერგიით შეუდგებიან ვარჯიშს. ყველას მიზანი ერთია - ყველა ტიტული "ბარსას".

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული