ანდრესი: ამის გამეორება ძნელი იქნება

AutoSharing Option
“ბარსელონას” ვარსკვლავი ანდრეს ინიესტა აცხადებს, რომ მის კლუბს მომავალ სეზონში მიღწეულის გამეორება ძალიან გაუჭირდება. ანდრესი იუნესკო-ვალდინიას სპორტული მიღწევებისთვის დაჯილდოვების ცერემონიალზე გამოვიდა, სადაც მან მთელი საფეხბურთო სეზონი შეაჯამა. შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 11 ივლისს ინიესტა ესპანეთის გმირი გახდა, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გადამწყვეტი გოლის გატანით. იუნესკომ ინიესტა სწორედ ამ გოლის აღნიშვნისას ჩადენილი ჟესტისთვის დააჯილდოვა. მაშინ ინიესტამ გოლი “ესპანიოლის” კაპიტნის, დანი ხარკეს ხსოვნას მიუძღვნა. “მაგალითი სხვებისთვის” – ასე დაახასიათეს ანდრეს ინიესტა დაჯილდოების ცერემონიალზე.

ინიესტამ გასულ სეზონს “განსაკუთრებული” უწოდა. “მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ძალიან კარგი
წელიწადი მქონდა. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ტიტულები კვლავ მოვიგეთ. მე კი ერთ ძალიან დიდ პირად ტიტულს შევწვდი – მამა გავხდი. ძალიან, ძალიან ძნელი იქნება ასეთი კარგი სეზონის გამეორება, თუმცა ჩვენ შევეცდებით. კლუბში დიდებული ატმოსფეროა, ყველას მხოლოდ საუკეთესო უნდა ჩვენთვის. განსაკუთრებით მხარში პრეზიდენტი სანდრო როსელი გვიდგას”, - განაცხადა 27 წლის ნახევარმცველმა.

ლუის ენრიკეს შემცვლელი
“ბარსელონას” ხელმძღვანელებმა ოფიციალურად დაამტკიცეს ლუის ენრიკეს შემცვლელი ბ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე. როგორც მოსალოდნელი იყო, “ბარსელონას” სარეზერვო გუნდი ეუსებიო საკრისტანმა ჩაიბარა. უახლოეს დღეებში კონტრაქტიც გაფორმდება. ეუსებიო მომავალ სეზონში უხელმძღვანელებს “ბარსელონა ბ”-ს, კონტრაქტის მიხედვით, შესაძლებელია თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით ავტომატურად გაგრძელება. ეუსებიო საკრისტანი 47 წლის სპეციალისტია. ფეხბურთელობისას ის ნახევარმცველი იყო და “ბარსაში” 1988 წლიდან 1995 წლამდე ითამაშა. ესპანეთის ნაკრებში ეუსებიომ 15 მატჩი ჩაატარა. 2003-08 წლებში ეუსებიო ფრანკ რაიკაარდის სამწვრთნელო შტაბში იყო. ამას მოჰყვა უიღბლო მწვრთნელობა “სელტაში”, საიდანაც ზუსტად ერთი წლის წინათ გაუშვეს.

სანჩესი 50 მილიონი ღირს?
“ბარსელონას” გულშემატკივრები ახლა ყველაზე მეტად გუნდში ჩილელი ალექსის სანჩესის შესაძლო ტრანსფერზე ლაპარაკობენ. თუმცა ეს სუპერტრანსფერი არც ისე ახლოსაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. აი, რას ამბობს “უდინეზეს” მფლობელი ჯამპაოლო პოცო:

“ალექსისი, სულ მცირე, 50 მილიონი ევრო ღირს. ეს სამართლიანი ფასია. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ასეთი დონის ფეხბურთელის შენარჩუნება გაგვიჭირდება”. მოკლედ, ვყიდითო, მაგრამ ძალიან ძვირადო. გავიხსენოთ, ერთი კვირის წინ ესპანურ მედიაში გავრცელებული ცნობა – სანდრო როსელმა სატრანსფერო საქმეებზე სულ 45 მილიონი ევრო გამოყო. ამით მხოლოდ სანჩესი არ მოვა, არადა, “ბარსას” კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავს შეგულებული.

“ბარსელონა” გამოსავლის ძიებაში სხვა ვარიანტს ათანხმებს – თანხას + ფეხბურთელები. ასეთი იქნება კატალონიელთა წინადადება და აქედანვე ცნობილია, რომ პოცო ყაბულსაა, მაგრამ იტალიელებს არ მოსწონთ “ბარსას” ვარიანტი: სანჩესში თანხის გარდა ბოიან კრკიჩი და ჯონათან სორიანო გაიმეტონ. ჯერ ერთი, კრკიჩი კატეგორიული წინააღმდეგია, ვინმეს სატრანსფერო გარიგებაში “ხურდის” როლში გამოვიდეს, მეორეც, იტალიელები არ არიან დაინტერესებულნი სეგუნდადივიზიონის ბომბარდირ სორიანოს დამატებით. პოცოს წარმომადგენელი ესპანეთში, კიკე პინა სხვა გვარებს ასახელებს: ხეფრენ სუარესი და ჯონათან დოს სანტოსი. სხვათა შორის, სამხრეთამერიკული წარმოშობის კატალონიელი სუარესი მოვლენათა ასეთ განვითარებაზე ყაბულსაა.

სტატისტიკური დეტალი: ალექსის სანჩესი იმდენად ტექნიკურია, რომ მის წინააღმდეგ უჯარიმოდ თამაში ყველას უჭირს. სერია ა-ს გასულ სეზონში ყველაზე მეტჯერ ჩილელის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ – საშუალოდ ყოველ 21 წუთში ერთხელ.

ბოლო ცდა
როგორც კატალონიური მედია აცხადებს, “ბარსელონამ” სესკ ფაბრეგასის ტრანსფერის განხორციელების ბოლო ცდა წამოიწყო. მოლაპარაკების პირველი ეტაპი, რომ გაიმართა “არსენალის” პრეზიდენტმა პიტერ ჰილ-ვუდმა თავადვე აღიარა. ჰილ-ვუდმა ისიც თქვა, რომ ეს საკითხი შეიძლება დროში გაიჭიმოს. “არსენალის” პრეზიდენტს მთელი ყურადღება ისეთი ფეხბურთელების შენარჩუნებაზე აქვს გადატანილი, როგორიც სამირ ნასრია, რაც შეეხება გუნდის ესპანელ კაპიტანს, ის შეიძლება მართლა გაუშვან “ბარსაში”, თუმცა, რა თქმა უნდა, სათანადო შემოთავაზების შემთხვევაში. პრეზიდენტისგან განსხვავებით, სესკის გაშვება სამშობლოში ცოცხალი თავით არ სურს არსენ ვენგერს.

ბარსა-ესპანიოლი, კონფლიქტი პატარების დონეზე
“ბარსელონა” და “ესპანიოლი” ყველაფერში ერთმანეთის მოქიშპენი არიან. ახლა განსაკუთრებით გაღვივდა კონფლიქტი თანაქალაქელთა კინტერებს, ანუ ახალგაზრდულ კლუბებს შორის. რა თქმა უნდა, მიზეზი ნიჭიერ ფეხბურთელთა გადაბირებებია, რომლებიც ხშირად მალულად და კანონის დარღვევით ხდება. ბოლო სეზონში კლუბებმა ერთმანეთში “თავდაუსხმელობის პაქტი” დადეს, თუმცა ბოლოდროინდელმა “ტარნსფერებმა” ყველაფერი ძველებურად არია. გასულ კვირაში “ბარსამ” “ესპანიოლის” 6 პატარა ტალანტი გადაიბირა, რამაც ამ გუნდის ხელმძღვანელთა აღშფოთება გამოიწვია. “ესპანიოლის” საპასუხო სვლამაც არ დაახანა – მათ “ბარსას” კადეტი მარკ ნავარო გადაიყვანეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული