ორი ტანჯული ტრანსფერის ამბავი

AutoSharing Option

გახსოვთ ალბათ ნათქვამია, "ობლის კვერი ცხვა, ცხვა და"... შემდეგ ორნაირი დაბოლოება ვიცით, ოპტიმისტური და პესიმისტური. ობლის და დავრდომილის არაფერი ეტყობათ "ბარსელონასა" და "რეალს", მაგრამ მათი ორი სავარაუდო ტრანსფერი კი ("კვერი") ვერა და ვერ გამოცხვა და არც გვეშვება ფეხბურთის გულშემატკივრებს. ბუნებრივია მშობლიურ კატალონიაში სესკ ფაბრეგასის შესაძლო დაბრუნებასა და ბრაზილიელი მაიკონის მადრიდში ჟოზე მოურინიოსთან შესაძლო რე-უნიონს ვგულისხმობთ. სიმართლე გითხრათ, ეს ყველაფერი მომაბეზრებელიც კი გახდა...

საგა პირველი: სესკი და ბარსელონა

ეს "ტრანსფერი" საგა კი არა უკვე უიღბლო დაპირებების, იმედგაცრუებების, ახალი იმედების, ისევ იმედგაცრუებების და ლამის

საფეხბურთო ომის ეპოპეაა. ამ სიტყვების ავტორი უკვე შეეგუა, რომ სესკი წლეულს ვერაფრით ჩაცვამს (ოღონდ არა სალაღობოდ, როგორც 12 ივლისს მოხდა) "ბლაუგრანას", მაგრამ არ ნებდება სრულიად კატალონია! ახალი ამბავიც აქვს ესპანურ მედიას - თურმე "ბარსელონამ" სესკის საყიდელი მაზანდა აწია - 35 მილიონი ევროს ნაცვლად ლონდონურ "არსენალს" დღეიდან 42 მილიონს სთავაზობს! როგორ გინდა უარი თქვა ამხელა თანხაზე, თანაც იმ ფეხბურთელში, რომელსაც აშკარად აღარ უნდა შენთან თამაში და ძალისძალ კომენტარებს აკეთებს. მეორე მხრივ, როგორ უნდა შეელიო, კაპიტანს და ლიდერს, გუნდის "ძრავს"? არის კიდევ ერთი "დეტალი", პრინციპის საკითხი. "ბარსელონას" აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ იმდენი ქნა, რომ, მგონი, სამუდამოდ გააფუჭა ამ ორ გუნდს შორის ურთიერთობა. თავიდან ეს "ბარსას" ახალი ხელმძღვანელობის პიარკომპანია გვეგონა ლაპორტას წინააღმდეგ, მაგრამ შემდეგ ლონდონური კლუბიდანაც ისეთი ხმები გამოვიდა... მოკლედ, 42-ს შეიძლება, 52 მოჰყვეს ("ბარსას" ისედაც დიდი ვალი აქვს და + 10 არაფერს დაუშავებს), მაგრამ არ მოჰყვეს ტრანსფერი, ყველაფერი მართლა არ იყიდება და ეს უნდა გაეთვალისწინებინათ თავის დროზე...

საგა მეორე: მაიკონი და რეალი

ეს საგა შედარებით ახალია, ის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მეორე დღესვე დაიბადა, როცა გაირკვა, რომ "რეალს" ლიგის ტრიუმფატორი და "განსაკუთრებული" ჟოზე მოურინიო გაწვრთნიდა. მოუმ მაშინვე თქვა, მაიკონი მომყავსო და შესაძლოა, ამ ხმამაღალმა ნოტმაც შეუშალა ხელი ტრანსფერის რეალურად განხორციელებას.
ჯერჯერობით კი ასე მიქცევა-მოქცევასავითაა - მაიკონი ხან ხელის გაწვდენაზეა საოცნებო ტრანსფერთან, ხან კი შორდება. ჩვენი აზრი თუ გაინტერესებთ, ამ საგას უფრო ოპტიმისტურად დავასრულებდით, ეს შეიძლება მართლა "გამოცხვეს", მაგრამ გვიან... საქმე ისეთ აბსურდამდეც მივიდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ორმა მოწინავე ესპანურმა გაზეთმა, "მარკამ" და ას-მა ერთდროულად დაწერა ურთიერთგამომრიცხავი ცნობა: "მაიკონი უკვე "რეალშია" და "მაიკონი რეალში ჩაიშალა". ახლა აღარც კი მახსოვს, რომელმა როგორი პროგნოზი გააკეთა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას?
საგას კი ახალი ქვეთავი (სიახლე) აქვს. ახლა ამტკიცებენ, რომ "ინტერმა" "რეალის" წინადადება (26 მილიონი ევრო) ოფიციალურად უარყო, მაგრამ ფლორენტინო (პერესი) ის კაცია, ამ საქმეს მაინც "მოაკვარახჭინებსო".  მოდი, ახლა შენ და გაარკვიე რა ხდება...

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული