ძვირი გამარჯვება

AutoSharing Option

ჟოზე მოურინიოს "რეალმა" ამერიკული ტურნე გამარჯვებით დაიწყო და გამარჯვებითვე დაასრულა - "სამეფო კლუბმა" ლენდონ დონოვანის "ლოს ანჯელეს გალაქსისთან" პირწმინდად წააგო პირველი ტაიმი, მაგრამ მეორეში იყოჩაღა - 3:2. ამ შეხვედრის საუკეთესო მომენტი თინეიჯერი სერხიო კანალესის ქუსლური პასი იყო, რომელსაც მოჰყვა კიდეც გამარჯვების გოლი. თუმცა მოურინიოს ძვირად დაუჯდა ეს გამარჯვება - შეხვედრაში ტრავმა მიიღო პორტუგალიელმა მცველმა პეპემ, რომელმაც შარშან თითქმის მთელი სეზონი გამოტოვა...

პორტუგალიელმა შესვენებაზე შეცვალა რაულ ალბიოლი და მატჩი ჩაამთავრა, თუმცა "რეალის" ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ მას ტრავმა მიუღია. პეპემ თამაშის ბოლოს

ტკვილი იგრძნო მარცხენა წვივის კუნთში, სავარაუდოდ მას საფუძვლიანი გამოკვლევა ესაჭიროება ტრავმის ხარისხის დასადგენად. შარშან პეპემ მარჯვენა მუხლის მყესები გაიწყვიტა და მოედანს მხოლოდ სეზონის ბოლოს დაუბრუნდა. 27 წლის ფეხბურთელმა შეძლო მუნდიალზე ასპარეზობა.

"გალაქსისთან" მოურინიომ ახალი ექსპერიმენტი შემოგვთავაზა. ახლა "რეალმა" ერთი ფორვარდით ითამაშა - წინ მოუმ ფრანგი ქარიმ ბენზემა გაამწესა, რომელსაც ფლანგებიდან ანხელ დი მარია და რაფაელ ვან დერ ვაარტი ეხმარებოდნენ. კრიშტიანო რონალდო კი სკამზე დასვა. "რეალმა" უამრავი შანსი შექმნა პირველ ტაიმში, მაგრამ ვერც ერთი გამოიყენა. ყველაზე ახლოს მიზანთან დი მარია იყო, არგენტინელმა ბურთი ძელს გაარტყა. ნახევარი საათის გასვლის შემდეგ ამერიკელებმა იგდეს ხელთ ინიციატივა. პირველი გოლი მათ კუთხურიდან გაიტანეს, მადრიდელთა საჯარიმოში ჩაწოდებამ ენით აუწერელი არეულობა გამოიწვია, რითაც დუნივანმა ისარგებლა. ტაიმის მიწურულს "გალაქსის" უპირატესობა გუნდის ლიდერმა ლენდონ დონოვანმა გაზარდა, საჯარიმოში წესი როისტონ დრენტემ ნაიჯელ დე იონგის "სტილში" დაარღვია ბრაზილიელი ჟუნინიოს წინააღმდეგ, დონოვანმა კი დუდეკს აჯობა პენალტის ნიშნულიდან.
მოურინიომ ლამის მთელი გუნდი გამოცვალა და ამ ცვლილებებმა გაამართლა - "სამეფო კლუბმა" ხელთ იგდო ინიციატივა და მთელი ტაიმი ფლობდა უპირატესობას. 52-ე წუთზე კრიშტიანო რონალდომ მარცხენა ფლანგიდან შეუტია და ცაციათი დიდებული პასი გადააწოდა საჯარიმოში გონსალო იგუაინს, რომელსაც არ გასჭირვებია გატანა. მალე არგენტინელმა კვლავ შეაგდო, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე (არასწორად) დააფიქსირა, გონსალომ მაინც გაიტანა - 62-ე წუთზე მან საჯარიმოს კუთხიდან შორეულ მაღალ კუთხეში გაიტანა. 71-ე წუთზე ყველაზე პატარა რეალელისგან პატარა სასწაული ვიხილეთ - კანალესმა გუტის სტილში, ქუსლით დასარტყამ პოზიციაზე იგუაინი გაიყვანა, მეკარემ მას კი აუღო, მაგრამ პედრო ლეონის დამატებულს ვერაფერი მოუხერხა.

გონსალო იგუაინმა ამერიკულ ტურნეზე ორ მატჩში სამი გოლით გამოიჩინა თავი, თითოჯერ გაიტანეს რონალდომ, კანალესმა და პედრო ლეონმა.

"გალაქსის" წინააღმდეგ "რეალმა" ასეთი შემადგენლობით ითამაშა: დუდეკი (46. კასილიასი) - რამოსი (46. არბელოა), ალბიოლი (46. პეპე), გარაი, დრენტე (46. მარსელო) - ლ. დიარა (46. ჩაბი ალონსო), მ. დიარა (46. გაგო) - დი მარია (46. რონალდო), გრანერო (46. პედრო ლეონი/88. მორატა), ვან დერ ვაარტი (46. კანალესი/90. ალექსი) - ბენზემა (46. იგუაინი). 

ჟოზე მოურინიო: "ჩემი გუნდის ხასიათი მომწონს, მათ არაფრით უნდათ მარცხთან შეგუება. ყოველთვის ვეუბნები ჩემს ფეხბურთელებს, რომ ამხანაგური მატჩები არ არსებობს. არ მიყვარს ფეხბურთში სიტყვა "ამხანაგურის" გამოყენება. ორივე მატჩში იყო მომენტები, როცა არ მომეწონა ჩემი გუნდის თამაში, მაგრამ ეს ბუნებრივიცაა, სეზონი ჯერ არ დაწყებულა, ჯერ კიდევ ბევრი რამაა დასალაგებელი გუნდში. მაგრამ კარგიც ბევრი დავინახე, თუნდაც დღევანდელი მეორე ტაიმი და თამაში დაცვაში. იგუაინი მაღალი კლასის ფორვარდია, მან ორი გოლით დღეს ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა".

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული