ალექსის ბარსელონელი

AutoSharing Option
"პირველი ჩილელი "ბარსელონაში", - იუწყება კატალონიური გრანდის ოფიციალური ვებგვერდი. - მორჩა, გათავდა, ალექსის სანჩესი "ბარსელონაშია". 22 წლის ჩილელი ტალანტის სანაცვლოდ ესპანელებმა "უდინეზეს" 26 მილიონი ევრო გადაუხადეს, თუმცა ეს თანხა სხვადასხვა ვარიაციით კიდევ 11,5 მილიონი ევროთი გაიზრდება.

ფეხბურთელი, რომელიც ახლახან კოპა ამერიკაზე ასპარეზობდა, ბარსელონაში დღეს ჩავა, ორშაბათს კი სამედიცინო შემოწმება და კონტრაქტზე ხელის მოწერის ცერემონიაა დაგეგმილი. ალექსის სანჩესი "ბარსაში" 5 წელი დარჩება.

ჩრდილოეთ ჩილეს პატარა საპორტო ქალაქი ტოკოპილია ალექსის სანჩესის სამშობლოა. ადგილობრივ ინდიელთა ენიდან ესპანურზე ეს სახელწოდება ითარგმნება, როგორც "ელ რინკონ
დელ დიაბლო" ანუ ეშმაკის კუთხე. ასე 7-8 წლის წინათ ტოკოპილიას ძველები ამბობდნენ, რომ მე-4 ქუჩის ბოლოში ერთი მეთევზის ბიჭი ცხოვრობს, მისი თამაშის ყურება კი ერთ რამედ ღირსო, ის შორს წავაო - და მართლებიც იყვნენ. თუმცა ალბათ ისინიც ვერ წარმოიდგინდნენ, რა შორს წავიდოდა ალექსის სანჩესი, ჩილეური ფეხბურთის მომავალი, ახლა უკვე სრულუფლებიანი ბარსელონელი.

სანჩესმა პეპ გვარდიოლას ყველაფრის მპყრობელ, ელიტურ გუნდში თამაში აშკარად დაიმსახურა, საფუძველი ამ ყველაფერს კი სწორედ შორეულ სამხრეთ ამერიკაში ჩაუყარა. სანჩესმა ჯერ მათი გულები მოიგო ბრწყინვალე თამაშით. ბავშვობაში სანჩესი იმდენად ნიჭიერი იყო, რომ 13 წლის ასაკში ტოკოპილიას რეგიონალურ ჩემპიონატში წარადგენდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სანჩესის მშობლიურ ქალაქში ბეისბოლი და ფრენბურთი ფეხბურთზე პოპულარული სპორტის სახეობებია. ახალგაზრდულ ტურნირში (18-წლამდელებში) 13 წლის ბიჭმა 8 გოლი გაიტანა, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენია ჩილეს ამ პროვინციის ყველაზე კარგ საფეხბურთო კლუბ "კორბელოას", ალექსისი ამ კლუბის 14-წლამელებში ჩარიცხეს.

იქ მას დიდ ხანს ყოფნა რომ არ მოუწევდა, ცხადი იყო, ჩილეს ნაკრების ყოფილმა თავკაცმა (იმ დროს "კორბელოას" წვრთნიდა) ნელსონ აკოსტამ ტალანტი უმალ შემაჩნია და 2005 წლის თებერვალში მას ჩილეს ჩემპიონატში დებიუტი ჰქონდა. მან სულ 13 წუთი ითამაშა, ალექსისი 16 წლისა და 2 თვის იყო.

იმავე წლის მარტში ალექსისმა "დეპორტეს კონსეპსიონის" წინააღმდეგ გოლი გაიტანა და მის აქტიურობას მეტოქის ავტოგოლი მოჰყვა, მატჩი "კორბელოამ" 2:1 მოიგო, ალექსის კი ხალხში "კორბელოას მხსნელის" სახელი შერჩა.

2005 წელს სრულიად ჩილემ მას "ელ ნინიო მარავილია" შეარქვა, რაც ქართულად საოცნებო ბიჭი - ეს ბიჭიც სათანადოდ პასუხობდა ქომაგს, ჩემპიონატში ვარგოდა ლიბერტადორესის თასზე ბრწყინავდა, სამხრეთ ამერიკის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე ყოჩაღობდა...

ევროპული გრანდების რადარები გვიან ჩაირთო, ყველას "უდინეზემ" დაასწრო და 2006 წელს 3 მილიონი ევრო გადაუხადა "კორბელოას" მეთევზის ნიჭიერ ბიჭში, რათა ზუსტად 5 წლის შემდეგ 10-მაგად გაეყიდა... მაშინ "უდინეზემ" "ბაიერნს" და "მანჩესტერ იუნაიტედს" აჯობა. იტალიურმა გუნდმა ნაყიდი სანჩესი ჩილეში დატოვა, "კოლო კოლოში" გაანათხოვრა.

"კოლო კოლოში" ალექსისის ტალანტი კიდევ უფრო გაიფურჩქნა, მან კარგად ითამაშა ჯერ სუდამერიკანას თასზე (სადაც "კოლო კოლო" ფინალში გავიდა), შემდეგ - ლიბერტადორესის თასზეც. სანჩესმა კონტინენტი უზადო ტექნიკითა და მებრძოლი ხასიათით მოაჯადოვა.

სწორედ მაშინ ჩილელთა დღევანდელმა თავკაცმა კლაუდიო ბორგიმ თქვა: "თუკი სათანადოდ მოინდომებს და ბევრს იშრომებს, ის ფენომენი გახდება". ეს ფრაზა 2007 წლითაა დათარიღებული...

სანჩესის კარიერის შემდგომი ორი ეტაპი: იჯარა "რივერ პლეიტში" და თამაში "უდინეზეში" შედარებით ცნობილია და მათ არ შევეხებით.

ორშაბათს ალექსის სანჩესი პირველად მოირგებს "ბლაუგრანას" ფორმას და ეს მისი კარიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იქნება. არის ერთი მიზეზი, რომელიც ხსნის, თუ რატომ გაიძახდა მაის-ივნისში სანჩესი, რომ მხოლოდ "ბარსელონაში" გადავიდოდა - ორი თვის წინათ კიბოთი გარდაიცვალა ხოსე დელაიგე, მისი პირველი მწვრთნელი და "პაპიჩულე" (მამობილი), რომლის უკანასკნელი თხოვნა ყოფილა, თუ "ბარსელონაში" თამაშის შანსი რეალური იქნებოდა, ალექსისი მხოლოდ იქ გადასულიყო - შეგირდმა პირობა შეასრულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული