22 წლის ფეხბურთელმა მენისკი და მარჯვენა მუხლის ჯვარედინი იოგები დაიზიანა. ეს ტრავმა მან ვარჯიშზე მიიღო, ახლა დიეგო კოშტას 6 თვის განმავლობაში უფეხბურთოდ ცხოვრება მოელის. გუშინ მაგნეტიკურმა სკანირებამ დაზიანება კარგად აჩვენა, ყველაფერი ძალიან რთულად იყო, ამიტომ მას ფრემაპ-ის კლინიკაში სასწრაფოდ გაუკეთეს ოპერაცია.
"ატლეტიკოს" ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო მატჩი ჰქონდა ნორვეგიულ "სტრომგოდსეტთან" და დიეგო კოშტამ ტრავმა ამ მატჩის წინა ვარჯიშზე მიიღო.
გოდინიც ესპანელია
"ატლეტიკოს" ურუგვაელმა მცველმა დიეგო გოდინმა გუშინ ესპანეთის კონსტიტუციაზე დაიფიცა და ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო. კოპა ამერიკას გამარჯვებული, რომელსაც მხოლოდ ფინალურ მატჩში მოუწია თამაში, ესპანეთის მოქალაქე პრაქტიკული მიზნით გახდა - ამით კლუბს ერთი არაევროკავშირელი ფეხბურთელის დამატების უფლება მიეცა. 25 წლის მცველი მადრიდში შარშან ამ დროს გადავიდა და მის სანაცვლოდ "ატლეტიკომ" "ვილიარეალს" 8 მილიონი ევრო გადაუხადა. სულ რამდენიმე დღის წინათ იგივე პროცედურა გაიარა მადრიდის "რეალის" ბრაზილიელმა მცველმა მარსელომ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"