მზადება პირველი "ელ კლასიკოსთვის"

AutoSharing Option
"ბარსას" კოტდივუარელმა ნახევარმცველმა სეიდუ კეიტამ "მარკას" ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზი გაუსვა იმას, თუ რა მნიშვნელობა აქვს სეზონის მაჟორულ ნოტზე დაწყებას. შეგახსენებთ, რომ 14 და 17 აგვისტოს "ბარსელონა" და "რეალი" ესპანეთის სუპერთასისთვის ორმატჩიან დუელს გამართავენ.

"რა თქმა უნდა ეს არ არის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი, მაგრამ სუპერთასი ძალიან მნიშვნელოვანი ტიტულია როგორც ფეხბურთელების, ისე გულშემატკივრებისთვისაც. ამასთან, შეუძლებელია დავივიწყოთ, რომ სეზონის გამარჯვებით დაწყებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს," - განაცხადა კეიტამ.

"რეალის" ფეხბურთელები მომავალ დაპირისპირებებზე ჯერჯერობით უფრო მეტს ლაპარაკობენ, ვიდრე მეტოქეები. იმავე "მარკას" იკერ კასილიასმა განუცხადა, რომ
სუპერთასისთვის საბრძოლველად მისი თანაგუნდელები ძალიან სერიოზულად არიან განწყობილნი:

"ჩვენ არ ვართ კომერციული ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ მატერიალურ სარგებელზე ფიქრობს. მერე რა, რომ ჩინეთში ვართ? აქაც ძალიან სერიოულად შეიძლება მომზადება მომავალი დაპირისპირებებისთვის. ამჟამად ჩვენი უპირველესი ამოცანა სწორედ სუპერთასისთვის მომზადებაა. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი აკვიატებულ იდეას ემსგავსება, მაგრამ ამ შეხვედრებში რაც შეიძლება კარგად გამოსვლას ვგეგმავთ. სწორედ ამიტომ არის, რომ ვარჯიშისას ძალებს არ ვზოგავთ".

მომავალ სუპერკლასიკოებზე ლაპარაკობს "რეალის" საყრდენი ჩაბი ალონსოც. მან გამოთქვა იმედი, რომ გუნდი შეძლებს და ყველა იმ ამოცანას გადაჭრის, რაც კი ახალ საფეხბურთო სეზონში მის წინაშე დგას. ბასკი შუახაზელი კმაყოფილია თანაგუნდელებთან შეთამაშების ხარისხით.

"უკვე მეორე წელი იწყება, რაც ჩვენ ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით ვთამაშობთ. ასე რომ, ერთმანეთს უკეთ ვიცნობთ, ვიდრე შარშან. ამჟამად კონკრეტული ამოცანების გადასაჭრელად ვვარჯიშობთ და კონცენტრაციას სუპერთასის მატჩებზე ვცდილობთ. როცა "რეალში" თამაშობ, უნდა იცოდე, რომ ბრძოლა ყოველი ტიტულისთვის აუცილებელია," - განუცხადა ფეხბურთელმა "მარკას".

ცოტა განსხვავებულ თემებზე მსჯელობს სერხიო რამოსი. მან ინტერვიუ ფიფას ოფიციალურ საიტს მისცა, სადაც ჩემპიონთა ლიგის მომავალი გათამაშების ფავორიტებზე მსჯელობს. სერხიოს თქმით, ის ორ უმთავრეს კონკურენტს ხედავს, "ბარსელონასა" და "ინტერს". რამოსი ფიქრობს, რომ "რეალი" შარშანდელთან შედარებით ბევრად უფრო ძლიერია, რადგან გუნდს ახალი, კვალიფიციური ფეხბურთელები ჰყავს, ლაპარაკია ფაბიო კოენტრაუზე, რაფაელ ვარანზე, ჰამით ალთინთოფზე, ნური შაჰინსა და მარია კალიეხონზე.

"რეალში" ახალი გუნდის ფორმირება მიდის. ამიტომ ერთმანეთთან შეჩვევა გვმართებს. ლიგის მოგების ფავორიტებზე ლაპარაკი ძალიან ნაადრევია, მაგრამ "ინტერი" და "ბარსელონა" მათ შორის ულაპარაკოდ იქნებიან," - ფიქრობს ფეხბურთელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული