ესპანეთში გაფიცვა შეწყდა, პირველი ტური გაიმართება

AutoSharing Option
როგორც იქნა, დაპირისპირებულმა მხარეებმა, ესპანეთის ფეხბურთის პროფესიულმა ლიგამ (LFP)და ფეხბურთელთა ასოციაციამ (AFE) ორკვირიანი გაფიცვის შემდეგ საერთო ენა გამონახეს, რამაც გადაარჩინა ლა ლიგის მეორე ტური, რომელიც შაბათ-კვირას გახსნის კიდევაც სეზონს.

ინტენსიური მოლაპარაკებები ზედიზედ 7 დღის განმავლობაში ეწყობოდა, თუმცა გუშინდლამდე ამას შედეგი არ მოჰყოლია - მხარეებს შორის მთავარი შემაფერხებელი კლუბების გაკოტრების კანონი იყო, რომელიც ცუდ დღეში აგდებს უხელფასოდ დარჩენილ ფეხბურთელებს.

სამშაბათს მოლაპარაკებამ 6 საათს გასტანა, თუმცა ეს რეკორდი სულაც არ ყოფილა, მეორე დღეს მხარეები ერთსაათიან შესვენებას თუ გამოვაკლებთ, 12 საათის განმავლობაში უხსნიდნენ
ერთმანეთს თავიანთ სიმართლეს (მათ მოლაპარაკების მაგიდასთან დაათენდათ - დილის 6-ის ნახევარზე დაიშალნენ).

გუშინ, ესპანეთის დროით ნაშუადღევს, პროფესიული ლიგის პრეზიდენტი ხოსე ლუის ასტიაზარანი და ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი ერთობლივად წარუდგნენ მედიას. მათ განაცხადეს, რომ გაფიცვა შეწყვეტილია და რომ ორივე მხარე კმაყოფილია მიღწეულით. პრინციპული საკითხები შეთანხმებულია და ახლა ორივე მხარე უფრო მშვიდ ვითარებაში ჩაამთავრებს ერთობლივ ხელშეკრულებაზე მუშაობას.

პირველი ტური, რომელიც გასულ უქმეებზე უნდა გამართულიყო, 21-21 იანვარს გაიმართება, II წრის პირველი ტურის მაგივრად, რომელიც, თავის მხრივ, მაისში გადაიწევს და ბოლოსწინა ტურად მოგვევლინება. მოკლედ, ესპანური ფეხბურთი პარასკევს სეგუნდადივიზიონის მატჩით (ხირონა-ელჩე) განახლდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული