შემდეგ ეს ყველაფერი სუპერთასის მატჩებში დამტკიცდა (მიუხედავად იმისა, რომ "ბარსამ" მაინც აჯობა კონკურენტს) და აი, სეზონიც წარმატებულად დაიწყო - "რეალმა" სტუმრად "სარაგოსა" მოსრა, 6:0 მოუგო. კრიშტიანო რონალდომ კი სეზონი ჰეთ თრიკით დაიწყო. ესპანეთში უკვე იმაზე ლაპარაკობენ, რომ პორტუგალიელი წლეულს 40-გოლიან ზღვარს გადააჭარბებს. არაგონელები კი გოლკიპერ რობერტოს უნდა უმადლოდნენ, რომ გაცილებით დიდი ანგარიში არ დაფიქსირდა.
კრიშტიანო რონალდოს პირველი გოლი მისთვის საიუბილეო იყო "რეალის" მაისურით - მან მე-100 გოლი გაიტანა "სამეფო კლუბის" სახელით. ამ ყველაფერს მან ორ სეზონსა და ერთ შეხვედრაში მიაღწია! რონალდოს სტატისტიკა მართლაც შთამბეჭდავია - 115 თამაშში 102 გოლი გაიტანა. ყველაზე მეტად პორტუგალიელი "ვილიარეალს", "მალაგას" და "ხეტაფეს" ერჩის, მათ კრიშტიანომ 7-7- გოლი გაუტანა. ამდენი გოლის მიუხედავად, რონალდომ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ტიტული მოუპოვა კლუბს - კოპას ფინალში მისმა თავურმა "რეალს" "ბარსელონა" დაამარცხებინა.
თამაშამდე ჟოზე მოურინიო ამბობდა, რომ მოსწყინდა ამხანაგური მატჩები, რომ კბილების ალესვას ჩემპიონატის განმავლობაში აპირებს.
მატჩის შემდეგ "განსაკუთრებული" კმაყოფილი იყო: "ანგარიშში ამხელა სხვაობა ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ, მაგრამ კარგად ვიცი, რა სიტუაციაშიც იყო აგირე - მას აკლდა ოთხი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი: ბრაულიო კარგი ფეხბურთელია, რუბენ მიკაელის მსგავსი მაღალი კლასის მოთამაშე კი "სარაგოსას" არ ჰყავს, რაც შეეხება ხუან კარლოსსა და მატეოსს, მე მათ კარგად ვიცნობ "რეალში" ვარჯიშით და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ძალიან დააკლდნენ მეტოქეს. "რეალმა" სოლიდურად ითამაშა. შარშან სეზონი ფრეთი დავიწყეთ, ახლა კი დიდი ანგარიშით მოვიგეთ".
სამი გოლის ავტორმა პორტუგალიელმა აქცენტი გუნდურ თამაშზე გაამახვილა. "მე რომ კარგი თანაგუნდელები არ მყოლოდა, დღეს სამ გოლს ვერ გავიტანდი. მე ვეხმარები მათ და ისინი მეხმარებიან მე. გუნდის წარმატება ყველაზე მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ კაკა კარგადაა და ბრწყინვალე ფორმაშია".
კაკა: "პირველი ტური ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო და ბედნიერი ვარ, რომ კარგი სტარტი გამოგვივიდა. ყოველთვის ვამბობდი, რომ მომავალს მხოლოდ "რეალს" ვუკავშირებდი. მოურინიომ მითხრა, რომ ჩემი იმედი აქვს და ვცდილობ, გავუმართლო ეს იმედი. შანსი თუ მომეცემა, აუცილებლად გამოვიყენებ".
ჩაბი ალონსო: "ის გავაკეთეთ, რაც გვევალებოდა. გოლი გავიტანე, მაგრამ უფრო კარგი ისაა, რომ გუნდმა დამაჯერებლად მოიგო".
იკერ კასილიასმა ლა ლიგაში ჩატარებული მატჩების მიხედვით კიდევ ერთ კოლეგას გადაასწრო - სანტიაგო კანისარესს. ახლა "რეალის" კაპიტნის ანგარიშზე 421 მატჩია, კანისარესის - 420. კასილიასი მე-6 ადგილზე გადავიდა.
დამარცხებულთა მექსიკელმა თავკაცმა ხავიერ აგირემ მთელი პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო: "ხალხს ყველა უფლება აქვს, სათადარიგოთა სკამისკენ გამოიხედოს და ამ მარცხში დამნაშავე მოძებნოს. დიახ, დღეს რაც გავაკეთე ყველაფერი არასწორი გამოდგა. ჩვენ ერთ ლიგაში კი ვთამაშობთ, მაგრამ "რეალთან" სხვა საერთო არა გვაქვს. სამწუხაროა, რომ ამდენი შეცდომა დავუშვი და "სარაგოსას" ისტორიის შავი ფურცელი შევავსე, მაგრამ ახლა გაჩერება არ შეიძლება, წინ მომავალი ტურია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"