სესკის ყვავილობა

AutoSharing Option
"ეროვნული ნაკრების წევრთა შორის კარგი ურთიერთობა ჩვენი წარმატების საწინდარია", - ჯერ კიდევ ჩილეს ნაკრებთან თამაშის წინ ამბობდა "ფურია როხას" თავკაცი ვისენტე დელ ბოსკე და მართალიც იყო.

სწორედ ამ გუნდურების წყალობით შემოაბრუნეს ესპანელებმა თამაშის ჩარხი და ჩილეს 3:2 მოუგეს. გუნდში შექმნილ კარგ ატმოსფეროს დიდი მნიშვნელობა ისეთი მაღალი დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ნაკრებშიც ლამის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორიც ესპანეთია და ლამის პირველ პლანზე გადმოდის შედარებით სუსტ გუნდებში, თუნდაც საქართველოს ნაკრებში.

არადა, ვისენტე დელ ბოსკეს ბევრი ოფლისღვრა უწევს, ჰარმონიის მისაღწევად - იქ პოლიტიკური საკითხი,
მოგეხსენებათ, კატალონიელებს მაინცდამაინც არ ეხალისებათ ესპანეთის დროშის ქვეშ თამაში, დაპირისპირება "რეალისა" და "ბარსელონას" ფეხბურთელებში, რომელიც ხანდახან საკლუბო დონიდან ნაკრებშიც იჩენს ხოლმე თავს, უდიდესი კონკურენცია თითოეულ პოზიციაზე და შესაბამისად მომდურებული ფეხბურთელები, კარგი ფეხბურთელები...

ამიტომაც არის ვისენტე დელ ბოსკე კარგი მწვრთნელი, რომ წმინდა საფეხბურთო საკითხების ცოდნასთან ერთად ამ ჰარმონიის შენარჩუნება შეუძლია.

ჩილესთან საკონტროლო მატჩი შვეიცარიაში, სენტ გალენის "არენაზე" გაიმართა. დელ ბოსკემ სასტარტო 11-ეულში ერთბაშად 5 რეალელი დააყენა, რაც დიდი იშვიათობაა. დაცვის ცენტრის პრობლემა (პიკე და პუიოლი კვლავ დამტვრეულები არიან) დელ ბოსკემ ორიგინალურად გადაწყვიტა ბასკი ხავი მარტინესი დაცვაში დახია და მას მადრიდელი რაულ ალბიოლი შეუწყვილა, ფლანგებზე სერხიო რამოსმა და ალვარო არბეოლამ ითამაშეს.

შუახაზში ჩავი, სერხიო ბუსკეტსი და ჩაბი ალონსო განლაგდნენ, წინ კი დავიდ სილვას, ალვარო ნეგრედოსა და დავიდ ვილიას ტრიო. თუმცა ის ფეხბურთელები, რომელთაც მატჩის გმირობა მოუწია, სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ, ანდრეს ინიესტა და სესკ ფაბრეგასი მეორე ტაიმში შემოვიდნენ, თამაში მოუწიათ ხოსე რეინას, პედროს, ფერნანდო ტორესს და სანტი კასორლასაც.

თამაშიდან სამი დღე გავიდა და მომენტების აღწერით აღარ შეგაწყენთ - პირველ ტაიმში მაურისიო ისლამ და ხესუს ვარგასმა სამხრეთამერიკელები დააწინაურეს, თუმცა ჯერ ინიესტამ, შემდეგ კი სესკ ფაბრეგასმა (დუბლი) გოლებით გამარჯვება ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონებს მოუტანეს.

"ბარსელონას" 24 წლის ახალწვეულ სესკ ფაბრეგასს ოქროს ხანა უდგას, თითქოს, "არსენალი" მის შესაძლებლობებს ბოჭავდა - ჯერ ესპანეთის სუპერთასის მოგებაში მიიღო მონაწილეობა, მერე ევროპისა (აქ გოლიც გაიტანა), ორი ტიტულის მოპოვების შემდეგ სესკმა პრიმერაში დებიუტიც გოლით აღნიშნა ("ვილიარეალთან"), ახლა კი ნაკრებში გაიბრწყინა.

ვინ როგორ გაუმართლა დელ ბოსკეს? დავიწყოთ ყველაზე პრობლემატური დაცვის ცენტრით - რაც მალე გამოჯანმრთელდებიან პიკე და პუიოლი, მით უკეთესი "როხასთვის", თორემ ხავი მარტინესით და ალბიოლით შორს ვერ წავლენ. მარტინესი უბრალოდ არ არის მცველი და ყველა კარგი საყრდენი ვერ იქნება კარგი მცველი (მაგალითად, ბუსკეტსი).

ფლანგებსაც გაუჭირდათ, არბელოას ისლა ჯაბნიდა ხოლმე (გოლის მომენტში თუნდაც), რამოს კი ერთდროულად ალექსის სანჩესთან და ჟან ბოსეჟურთან უხდებოდა გამკლავება, რაც მთლად დამაჯერებლად ვერ გამოსდიოდა. შუახაზში ჩავი პირველ ტაიმში მოწყენილ ბეღურას ჰგავდა და ის ჩილელთა მუშა ნახევამრცველებმა "შეჭამეს", ინიესტას გამოსვლამ ნაკრებიც და ჩავიც გამოაფხიზლა.

საოცარია, მაგრამ ფაქტია ჩაბი ალონსო და ბუსკეტსიც ხშირად ვერ უგებდნენ მოედანზე ერთმანეთს. შემტევი ტრიოდან ისევ სილვა სჯობდა სხვებს, ვილია მკრთალი იყო, ნეგრედოზე კი საერთოდ არაფერია სალაპარაკო - ესპანეთის ნაკრების დონისა არ არის. მოკლედ, ინიესტამ მატჩის სვლა შემოაბრუნა, ფაბრეგასმა კი ეს გოლებით ტაბლოზე ასახა.

ფაბრეგასი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ინიესტას მიიჩნევს: "მან ამ შეხვედრაში რევოლუცია მოაწყო. დიდებულად ითამაშა, ჯერ გოლი გაიტანა, მერე მე გამატანინა, ფეხის მირტყმაღა მჭირდებოდა... ასეთი ბედნიერი დრო ცხოვრებაში არ მქონიდა და მინდა, რომ ის დიდ ხანს გაგრძელდეს". ჩავი კი ორივეს აქებს: "ანდრესი და სესკი, ბიჭები გენიოსები არიან, ბრავო მათ".

ვისენტე დელ ბოსკე: "დაცვაში ძალიან გაგვიჭირდა, მეტოქემ კი ამით დიდებულად ისარგებლა. ესპანეთის ნაკრებს იმაზე ცუდად თამაში აღარ შეუძლია, რაც პირველ ტაიმში აჩვენა. ჩილეს ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს, ბრწყინვალე შემსრულებლებით. მეორე ტაიმში ჩვენი ზონები კარგად გადავკეტეთ და წინა ხაზის ფეხბურთელებს თავიანთი მისიის შესრულების საშუალება მივეცით".

ჩილელები ბოლო წუთებზე დანიშნულ პენალტს აპროტესტებდნენ, რასაც მოჰყვა კამათი და გაწევ-გამოწევა ფეხბურთელებს შორის. მსაჯმა გააძევა, როგორ მოედანზე მყოფები, ისე სათადარიგოები. შინ, სასტუმროში დაბრუნებულ სამხრეთამერიკელებს კი გამოცარიელებული ნომრები დახვდათ, რამდენიმე მათგანის ნომრები ქურდებს გაუძარცვავთ.

აი, რა დაწერა "ტვიტერზე" პალმეირასელმა ხორხე ვალდივიამ, რომელიც მსაჯმა გააძევა ესპანეთთან მატჩში: "მოედანზე რეფერიმ გაგვძარცვა, სასტუმროში კი - ქურდებმა. რა ცუდი დღე იყო შვეიცარიაში - ჩემი კომპიუტერი წაიღეს, შვილების ფოტოები მქონდა, რომლებიც სამუდამოდ დავკარგე - ძაEღლისშვილები".

რა დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ? ინიესტას და ფაბრეგასის გარეშე ესპანეთი, ალბათ, ვერ გახდება მსოფლიოს ჩემპიონი. ისევე როგორც, სამხრეთ აფრიკაში, სადაც ფინალის 115-ე წუთზე სესკმა მოძებნა ანდრესი და მანაც ესპანური ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი გოლი გაიტანა.

პარასკევს ამ დუეტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა ეს. დაცვაში ესპანელებს პრობლემები ელით, კი ბატონო, პიკე მალე გამოჯანმრთელდება, მაგრამ პუიოლი უკვე ასაკშია და მას დიდი ხანი აღარ დარჩენია "როხაში", მისი სრულფასოვანი შემცვლელი კი არ ჩანს, იქნებ დელ ბოსკემ გვარდიოლას მაგალითით ბუსკეტსი დახიოს უკან? ხავი მარტინესის ექსპერიმენტმა კი არ გააამართლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული