"ბარსას" კაპიტანი უბრუნდება

AutoSharing Option
დღეს
რეალ სოსიედადი-ბარსელონა 20:00
დისკვალიფიკაცია: კ. მარტინესი (სოსიედადი)
ტრავმა: აგირეჩე (?) - პიკე

ვილიარეალი-სევილია 20:00
ტრავმა: გონსალო როდრიგესი (?) - მედელი, გუარენტე, მანუ დელ მორალი (?), კანუტე (?), რაკიტიჩი (?)

რეალი-ხეტაფე 22:00
დისკვალიფიკაცია: პედრო ლეონი (ხეტ.)
ტრავმა: შაჰინი, ალთინთოპი - ლოპო, რაფა, მანე, ალბერტაცი

ვალენსია-ატლეტიკო 00:00
ტრავმა: კოშტა (ატლეტიკო)

ხვალ
ბეტისი-მალიორკა 14:00

რასინგი-ლევანტე 18:00


ოსასუნა-სპორტინგი 20:00

დისკვალიფიკაცია: ლორა (სპორტინგი)

რაიო ვალეკანო-სარაგოსა 20:00

ესპანიოლი-ბილბაო 00:00

ზეგ
მალაგა-გრანადა 23:00

დღეს, 10 სექტემბერს იწყება ესპანური პრიმერის რიგითობის მიხედვით მესამე, მაგრამ სინამდვილეში მეორე ტური (ლოკაუტმა პირველი ტური შეიწირა და ის მოგვიანებით, იანვარში გაიმართება). რა
არის საინტერესო ამ ტურში? ჩემპიონი "ბარსელონა" "რეალს" ეწვევა... ოღონდ, "რეალ სოსიედადს", ხოლო "რეალი" მადრიდულ დერბიში "ხეტაფეს" მასპინძლობს. თუმცა ჩვენ ტურის ცენტრალური მატჩი სულ სხვა გვგონია - "მესტალიაზე" "ვალენსია" მადრიდის "ატლეტიკოს" მასპინძლობს და არის ყველა წინაპირობა, რომ ჩინებულ მატჩს ვიხილავთ. აქვე ვიტყვით, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სამივე მატჩი დღეს გაიმართება.

"ბარსელონამ" ლა ლიგის ახალი სეზონი დიდებულად დაიწყო, პირველ მატჩში ჩემპიონთა ლიგის მონაწილე "ვილიარეალი" მიწასთან გაასწორა, 5:0 მოუგო. ხოსეპ გვარდიოლა დიდებულ განწყობაზე მიდის ბასკეთში - "ბარსას" ოთხი ტრავმირებული ფეხბურთელი გამოუჯანმრთელდა: კარლეს პუიოლი, იბრაჰიმ აფელაი, ადრიანო და მაქსველი ითამაშებენ, თუკი მწვრთნელი მათ დაყენებას მოინდომებს. ამათგან ყველაზე დიდ ხანს კაპიტანმა გააცდინა, მას არ უთამაშია "უემბლის" მაისის ფინალის შემდეგ. აფელაი და მაქსველი ამერიკულ ტურნეზე დაშავდნენ, ხოლო ადრიანო მონაკოში - უეფას სუპერთასზე. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ლაზარეთში რჩება, ჟერარდ პიკეა. მან "ბარსას" სარეზერვო გუნდის წევრ მარკ მუნიესასთან ერთად ინდივიდუალურად ივარჯიშა.

გვარდიოლა, რომელმაც კატალონიის პარლამენტისგან ოქროს მედალი მიიღო, "ანოეტაზე" გასამართ მატჩს მაინც შეშფოთებით ელის, მიზეზი კი საკლუბო ჩემპიონატების სანაკრებო პაუზაა. გვარდიოლა მიიჩნევს, რომ სანაკრებო შეკრებებიდან დაბრუნებულ ფეხბურთელებს ყოველთვის უჭირთ ჩემპიონატზე გადართვა, "ბარსას" კი ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებში ლამის მთელი გუნდი ჰყავდა გაშვებული, "რეალ სოსიედადს" კი - ერთი-ორი. "წლევანდელი "რეალ სოსიედადი" განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს. გუნდში ბევრი რამ შეიცვალა, თითქოს, ჩვენს სათამაშო სტილზე გადმოვიდნენ. ბასკებმა პირველი მატჩით გამაკვირეს, წინსვლა აშკარაა", - შეაქო მომავალი მეტოქე პეპმა - "ჩვენ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელი გვჭირდება, რომ ყველა ფრონტზე ვიომოთ. ძალიან მიხარია, რომ კარლესი დაგვიბრუნდა, ის ხომ ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა ჩვენთვის. ის კაპიტანია და ძალზე გამოცდილია ყველანაირ სიტუაციაში. როცა კარლესი თამაშობს, ჩვენ გარანტია გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება".

"რეალ სოსიედადთან" სტუმრობა არასოდეს ყოფილა "ბარსასთვის" იოლი გასეირნება. იქნებოდა ეს ძველი "ატოჩა" თუ გუნდის ახალი არენა "ანოეტა". "ატოჩაზე", რომელზეც "ბარსელონამ" ბოლოს 1993 წელს ითამაშა, კატალონიელებმა მხოლოდ 10-ჯერ მოიგეს. "ანოეტაზე" ჩემპიონმა 5-ჯერ მოიგო, 4-ჯერ წააგო და 6-ჯერ ფრე ითამაშა. თუმცა იყო ერთი უიოლესი მატჩიც, 2000 წელს "ბარსამ" 6:0 იმარჯვა, მაშინ რივალდომ და ალფონსომ დუბლები შეასრულეს, თითო გოლი კი სიმაომ და ლუის ენრიკემ შეაგდეს.

მადრიდის მცირე დერბი ბუნებრივია, ისეთ ინტერესს ვერ იწვევს, როგორც "რეალისა" და "ატლეტიკოს" დაპირისპირება, მაგრამ "ხეტაფე" იმით არის საინტერესო, რომ არაბული ინვესტიციების წყალობით, მოღონიერდა და ფეხზე დადგა. "რეალის" შემადგენლობა პარასკევს სეზონის ოფიციალური ფოტოს გადაღებით იყო დაკავებული. 23 ფეხბურთელთან ერთად ფოტოები "რეალის" ლეგენდებმა, ალფრედო დი სტეფანომ და ზინედინ ზიდანმა.

"ამ სეზონში ჯერ ზედიზედ ორი მატჩი არ გაგვიმართავს. გვინდა გულშემატკივარი გავახაროთ. რთული მატჩი გველის. საბედნიეროდ, ნაკრებებში გაშვებულთაგან, ტრავმით არავინ დაგვბრუნებია. მაგრამ ბიჭებმა ერთად ვარჯიში ხეირიანად ვერ მოასწრეს, მაშინ, როცა "ხეტაფე" მშვიდად ემზადებოდა მთელი კვირის განმავლობაში", - განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

ჟოზე მოურინიოს კვლავ არ ეყოლება ორი ახალწვეული, ნური შაჰინი და ჰამით ალთინთოპი, ორივე ტრავმირებულია, შაჰინი შეიძლება მალე დაეხმაროს გუნდს, აი, ალთინთოპს კიდევ დიდ ხანს მოუწევს ცდა. მის ვიზავი ლუის გარსიას უფრო მეტი თავისტკივილი აქვს. ცენტრალურ მცველთაგან "ხეტაფეში" ჯანზე მხოლოდ კატა დიასია. მანე, ლოპო, ალბერტაცი და რაფა კვლავ ლაზარეთში არიან. შესაძლოა, ცენტრში კატა დიასს ახალგაზრდა ალექს პერესი შეუწყვილდეს. ფორვარდი დანი გუისა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს. ვისი უნდა ეშინოდეთ სტუმრებს? რა თქმა უნდა, კრიშტიანო რონალდოსი - პორტუგალიელი "ხეტაფეს" კარში დუბლზე ნაკლებით ჯერ არ დაკმაყოფილებულა.

"მესტალიაზე" "ატლეტიკოს" რიგებში 40 მილიონ ევროდ ნაყიდი კოლუმბიელის, რადამელ ფალკაოს დებიუტი შედგება. შესაძლოა, დიეგოს დებიუტიც შედგეს, თუმცა ბრაზილიელი ახალწვეული თამაშს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული