მეორე დღეს კი გამოცხადდა, რომ 22 წლის ფორვარდი 8 კვირით დაემშვიდობა ფეხბურთს. წარუმატებლობას წარუმატებლობა მოჰყვა - ჩემპიონთა ლიგის საწყის მატჩში "ბარსამ" ლიგის ისტორიაში უსწრაფესი გოლი (პატოს გოლი მატჩის 24-ე წამზე) გაუშვა და საბოლოოდ ბოლო წამებზე ტიაგო სილვას თავურის "წყალობით" გამარჯვებაც გაუშვა ხელიდან -
ამ თამაშში ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა უკვე ანდრეს ინიესტა დაკარგა... 5 კვირით. გუშინ კი ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ფაუსმა გამოაცხადა, კლუბში "დელიკატური" ფინანსური სიტუაციააო...
ვალო, საიდან მოდიხარ?
ფაუსმა თქვა, რომ მართალია, კლუბმა 15%-ით შეამცირა ვალი, მაგრამ ის ჯერაც არნახულად დიდია. დღეისათვის, "ბარსას" ვალი 364 მილიონ ევროს შეადგენს! "ჩვენ არ ვღალატობთ აღებულ კურსს და ვალს ვამცირებთ, მაგრამ ის ჯერ ისევ იმდენად დიდია, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მომავლის გეგმების დასახვა.
რაც შეიძლება, მეტი თანხა უნდა გამოიმუშავოს კლუბმა. არ შეიძლება ბანკების ვალი კისერზე გვაწვეს", - განაცხადა ხავიერ ფაუსმა.
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა ამ ზაფხულში ჯამში 60 მილიონი ევრო დახარჯა, რითაც ალექსის სანჩესი და სესკ ფაბრეგასი შეიძინა. თუმცა "ბარსელონამ" გაყიდა კიდევაც ფეხბურთელები - ბოიან კრკიჩი "რომაში", ორიოლ რომეუ "ჩელსიში" და ხეფრენ სუარესი ლისაბონის "სპორტინგში".
ანდრესმაც ჩაიმუხლა
ლიგის მატჩი "მილანთან" განსაკუთრებით უსიამოვნო ანდრეს ინიესტას ტრავმის გამო იყო - "ბარსას" შუახაზის მთავარმა შემქმნელმა ფეხბურთელმა მარცხენა ფეხზე ორთავა კუნთი გაიწყვიტა და ერთი თვე უქმობა მოუწევს.
38-ე წუთზე მან უცებ იტაცა ხელი ფეხზე და შეცვლა ითხოვა, მის ნაცვლად მოედანზე სესკ ფაბრეგასი გავიდა. ახლა "ბარსელონას" ლაზარეთში სამი ლიდერია: ჟერარდ პიკე, ალექსის სანჩესი და ანდრეს ინიესტა. ანდრესი ძალიან გააამწარა ტრავმებმა - გვარდიოლას ხანაში (ანუ სამი სეზონის განმავლობაში) ინიესტამ 9 ტრავმა მიიღო. მესამე შემთხვევაა, როცა მას ორთავა კუნთი გაუწყდა, თუმცა პირველად - მარცხენა ფეხზე.
სამაგიეროდ, გუნდს დაუბრუნდა კაპიტანი კარლეს პუიოლი (გამოჩნდა იბრაჰიმ აფელაიც), რომელმაც მუხლის ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელება შეძლო. მსოფლიოს ჩემპიონი 67-ე წუთზე შევიდა სეიდუ კეიტას ნაცვლად და "კამპ ნოუს" ოვაციაც დაიმსახურა, მაგრამ, სიმართლე ითქვას, კაპიტანი საშინელ ფორმაშია, ბოლო წუთებში მან იმდენი შეცდომა დაუშვა რამდენიც ოპტიმალურ ფორმაში 2-3 მატჩში არ მოსდის ხოლმე. პუიოლი 110 დღე იყო უფეხბურთოდ...
ღმერთები მიწაზე ეშვებიან
"მილანთან" მატჩის შემდეგ ჩავი გაიძახოდა, რომ ეს დიდი საფეხბურთო უსამართლობაა, იტალიელებმა "კატენაჩო" ითამაშეს და დაუმსახურებელი ქულა წაიღეს კატალონიიდან.
მაგრამ, იქნებ, მისი თანაგუნდელი დანიელ ალვეშია უფრო მართალი, რომელიც ამბობს, რომ არც ისეთი დიდები ვართ, დროა, მიწაზე დავეშვათო. იქნებ, მართლაც მეტისმეტად ირწმუნეს თავიანთი უძლეველობა ბარსელონელებმა. იქნებ, სეზონის დასაწყისში მოგებულმა ორმა სუპერთასმა მათ დათვური სამსახური გაუწია?
არადა, გვარდიოლას ეს რომ არ ეხება, მთელმა მსოფლიომ იცის - ამ მწვრთნელს საერთოდ არ ახასიათებს ზემოდან გადმოხედვა, მოწინააღმდეგის შეუფასებლობა და დაუფასებლობა. მაგრამ ხომ შეიძლება მას ხელიდან (დროებით) სადავეები გაქცეოდა?
მართალია, პეპი, როცა ამბობს, რომ "მილანს" მეტოქის ნახევარზე გადასვლაც კი უჭირდა, მაგრამ ყველაზე დიდი სიმართლე და უტყუარი ფაქტი ხომ ტაბლოზე დაფიქსირებული საბოლოო შედეგია - 2:2. ჩავი მიიჩნევს, რომ ეს კრიზისი დროებითია და შაბათს "ოსასუნასთან" ყველაფერს თავისი ადგილი მიეჩინება. ვნახოთ. კარლეს პუიოლი კი ამბობს: "ჩვენთან ყველაფერი რიგზეა, ნუ უსმენთ სისულელეებს".
ხვრელი ცენტრში
ის რომ პუიოლი დაბრუნდა, კარგია, მაგრამ ყველა ხვდება, რომ დაცვის ცენტრი გასაძლიერებელია. გვარდიოლამ ბუსკეტსი და მასკერანო მცველებად აქცია, თუმცა ასე დიდ ხანს ხომ არ გაგრძელდება. ამბობენ, რომ იანვარში კლუბი სწორედ ცენტრალურ მცველს შეიძენს პირველ რიგში. ორი გვარი უკვე დაიწერა ესპანურ პრესაში, ორივე ბრაზილიურია - დავიდ ლუიზი "ჩელსიდან" და ტიაგო სილვა "მილანიდან".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"