რეალმა იოზილი 15 მილიონად იყიდა

AutoSharing Option
ის ჯერ "ბარსელონაში" "გადაიყვანეს", შემდეგ - "რეალში", მისი კლუბი "ვერდერი" ხან ერთ ტრანსფერს უარყოფდა, ხან - მეორეს. გუშინ დილით მამამისმა თქვა, რომ ადრე თუ გვიან ჩემი შვილი მაინც გადავა "სამეფო კლუბშიო"... და კვანძი უცებ გაიხსნა - ნაშუადღევს, მადრიდის "რეალის" ოფიციალურ საიტზე გაჩნდა ინფორმაცია: "მესუთ იოზილი "რეალში" ითამაშებს".

ტრანსფერი მაშინ გამოცხადდა ოფიციალურად, როცა "რეალი" მთელი შემადგენლობით (მათ შორის, ჟოზე მოურინიო) ბელგიაში იმყოფებოდა, ლიეჟის "სტანდარდთან" ამხანაგური მატჩის გასამართავად. 21 წლის იოზილმა კარგად ითამაშა მსოფლიოს ჩემპიონატზე და ცხადი გახდა, რომ "ვერდერს" მისი შენარჩუნება
გაუჭირდებოდა, მით უფრო, რომ თურქული წარმოშობის გერმანელს ბრემენელებთან მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტიღა აკავშირებდა.

კლუბები არ ახმიანებენ სატრანსფერო თანხის ოდენობას, თუმცა სხვა წყაროებზე (ბი ბი სი) დაყრდნობით, "რეალმა" იოზილის სანაცვლოდ "ვერდერს" 15 მილიონი ევრო გადაუხადა. "ის ძალზე ტექნიკურია, ბურთს ბრწყინვალედ აკონტროლებს და შესანიშნავ პასებს აკეთებს. სწორედ ამ თვისებათა გამო, იოზილი ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი უმთავრესი ამომავალი ვარსკვლავია", - ვკითხულობთ "რეალის" საიტზე.
"ჩვენ პატივს ვცემთ მესუთის გადაწყვეტილებას. მას ძალზე სურდა წასვლა და შემდგომ კარიერაში წარმატებას ვუსურვებთ", - განაცხადა "ვერდერის" სპორტულმა დირექტორმა კლაუს ალოფსმა. იოზილი მადრიდში თანამემამულე სამი ხედირას შეუერთდება, რომელიც ასევე ამ ზაფხულს გადავიდა "სამეფო კლუბში".

მესუთ იოზილი 1988 წელს დაიბადა გელზენკირხენში, სადაც ადგილობრივ კლუბებში თამაშობდა. 2000 წლიდან მან 5 წელიწადი გაატარა "როტ ვაისში", შემდეგ კი "შალკეში" გადავიდა. 2008 წლის იანვარში იოზილი 4,3 მილიონ ევროს ფასად "ვერდერში" გადაბარგდა. გერმანიის ნაკრებში მან 17 თამაშში 2 გოლი გაიტანა. ის მუნდიალზე "ოქროს ბურთის" ნომინანტთა შორის მოხვდა.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული