განსაკუთრებით "ღამურები" დაიჩაგრნენ, რომელთაც ოთხშაბათს ითამაშეს ლიგაზე და ტურისთვის მოსამზადებლად მხოლოდ ერთი ვარჯიში მოასწრეს.
საინტერესო ამბებს რა გამოლევს ესპანურ ჩემპიონატში და უპირველესზე ვთქვათ - ეს ბასკური დერბია. კვირას უჩვეულო დროს (ლამის დილით) სან სებასტიანში დიდი მატჩია - "რეალ სოსიედადი" ბილბაოს "ატლეტიკს"
ნურც მადრიდულ მატჩს დავივიწყებთ - "ატლეტიკო"-"სევილია" წესით, ძალიან საინტერესო და დაძაბული უნდა გამოდგეს, პამპლონაში კი "მალიორკას" თავკაცად პირველად მოგვევლინება მიგელ ანხელ ნადალი.
ასტურიაში მესი და კომპანია ერთობ კმაყოფილი მიდის - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სტუმრად 5:0-ებს იშვიათად იგებენ, "ბარსამ" კი ეს ბელარუსში მოახერხა, მართალია, საკმაოდ სუსტ გუნდთან, მაგრამ, არ დაგვავიწყდეს, რომ იმ სუსტმა ლიგამდე მიმავალ გზაზე ჩვენი ჩემპიონის დამმარცხებელი გუნდი ჩამოიცილა. კმაყოფილების საბაბი 24 წლის არგენტინელ ლეო მესის, რომ აქვს ასეთი უნდა - მინსკში პატარა ჯადოქარმა "ბარსას" ლეგენდის, ლადისლაუ კუბალას მიღწევა გაიმეორა - ახლა მას, როგორც კუბალას, კლუბის ოფიციალურ მატჩებში 194 გოლი აქვს გატანილი. ახლა მესი სიაში, რომელსაც სესარი უდგას 235 გოლით სათავეში, საზიარო მეორეა. ხიხონში მას შეუძლია კუბალას შედეგი გააუმჯობესოს.ამის შანსი დიდია, სტატისტიკოსებმა გამოითვალეს და მესის კლუბში ყოველ მატჩში საშუალოდ 0,69 გოლი გააქვს.
მაშინ, როცა კუბალას 11 სეზონი დასჭირდა 194 გოლის გასატანად, მესის ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს - მესი ხომ რეკორდების დამხობი მანქანაა. სხვათა შორის, ბატე-სთან მატჩში კუბალას კიდევ ერთ მიღწევას გაუთანაბრდნენ - პედრომ ევროთასებზე 14 გოლი გაიტანა, ამდენივე ჰქონდა გატანილი კუბალასაც. ბუნებრივია, მესიმ უკვე კარგა ხანია ჩაუქროლა ამ ნიშნულს.
მოდი, ვნახოთ როგორ მდგომარეობაში ხვდება "ბარსა" მორიგ ტურს - კატალონიელებს ისევ აკლია სამეული: ალექსის სანჩესმა, მართალია, დაიწყო ვარჯიში, მაგრამ ჯერ ბოლომდე არ მორჩენილა. ალექსისი მშობლიურ ჩილეში მიდის, სადაც გააგრძელებს აღდგენით პროცესს, ანდრეს ინიესტა ისევ ტრავმირებულია, იბრაჰიმ აფელაის ოპერაცია კი ორშაბათისთვის დაინიშნა. ხოსეპ გვარდიოლას ისევ შეექმნა დაცვის ცენტრის პრობლემა - კარლეს პუიოლი ისევ იტკიებს ფეხს. ისე, ნელნელა ცხადი ხდება, რომ კაპიტანს ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვეღარ დაეყრდნობა "ბარსა". ალბათ, ამიტომაც გაჩნდა ცნობა, რომ იანვარში კატალონიელები "ბოლტონის" გარი კეიჰილს იყიდიან.
"რეალი" "ესპანიოლს" სტუმრობს და "სამეფო კლუბშიც" სახალისო განწყობაა - "აიაქსის" 3:0 ძლევის შემდეგ "სამეფო კლუბს" ცალი ფეხი ლიგის პლეი ოფში აქვს. თან ამ თამაშში იყო 16-წამიანი ეპიზოდი, როცა "რეალმა" დიდებული კომბინაციის შემდეგ სამაგალითო გოლი გაიტანა (რომლის ავტორიც კრიშტიანო რონალდოა). ბარსელონაში ლა ლიგაში ჰამით ალთინტოპის დებიუტს ველით, ახალწვეულმა უკვე ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე თავის ახალ გუნდში. აი, ნური შაჰინის გამოჯანმრთელებას კი ჯერ საშველი არ დაადგა. ჟოზე მოურინიოს კვლავ არ ეყოლება პეპე და ფაბიო კოენტრაო. რაფაელ ვარანმა, რომელიც მხოლოდ 18 წლისაა კარგად შეცვალა დაცვის ცენტრში პეპე, ამიტომაც, შეიძლება ითქვას, რომ პორტუგალიელ თავკაცს დიდი თავსატეხი არ აქვს. ჟოზეს ბარსელონაში ანხელ დი მარია არ ეყოლება წინა ტურში გაძევების გამო.
გვარდიოლა და მოურინიო, ლა ლიგის ორი საუკეთესო გუნდის ორი საუკეთესო მწვრთნელი, მიღწეულით არასოდეს კმაყოფილდებიან და გუნდის გასაძლიერებლად ახალ ვარიაციებს იგონებენ - პეპის ნოუჰაუ 3-4-3 სისტემით თამაშია, მოუმ კი აიღო და კაკა და იოზილი ერთად დააყენა ნახევარდაცვაში, ამ სიახლემ აშკარად გაამართლა იოზილი და კაკა ერთმანეთს ავსებენ და ხელს არ უშლიან, კაკა კი მართლა ბრწყინვალე ფორმაშია (იოზილი ისედაც იყო).
განწყობა განწყობად, მაგრამ "ბარსამ" და "რეალმა" თითქმის ამოწურეს ქულების განიავების ლიმიტი - კატალონიელებმა უკვე 4 ქულა დაკარგეს, კასტილიელებმა - 5.
10-ქულიანი "ვალენსია" მშობლიურ "მესტალიაზე" "გრანადას" მასპინძლობს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გუნდს მოსამზადებლად მცირე დრო ჰქონდა, ასე რომ, ჩემპიონატის დებიუტანტი უკეთეს პირობაშია, ის ხომ მთელი კვირა ამ მატჩისთვის ემზადება. რობერტო სოლდადო მცირე ტრავმით თამაშობს. ამიტომაც უნაი ემერი იძულებულია ხანდახან დაასვენოს გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა. მაგრამ მისი შემცვლელი, არიც ადურისი, რომ დისკვალიფიცირებულია? დიეგო ალვეშმა მთელი ევროპა გადარია, ისე მაგრად ითამაშა "ჩელსისთან" მატჩში, მაგრამ კარს ჩემპიონატში ალბათ ისევ ვისენტე გუაიტა დაიცავს. "გრანადა" კი იმით არის ცნობილი, რომ 1973 წელს სწორედ ამ კლუბთან მატჩში შედგა იოჰან კრუიფის დებიუტი. "გრანადას" ჯერ გაუტანია სტუმრად.
ლიდერს კვლავ არ ეყოლება ფორვარდი რუბენ კასტრო, რომელიც ამტკიცებს, რომ "რეალთან" მატჩისთვის გამოჯანმრთელდება, "ბეტისი" კი "სამეფო კლუბს" 2 კვირაში უმასპინძლებს. პეპე მელმა "ხეტაფესთან" მარცხის შემდეგ გადაწყვიტა გუნდი 4-4-2 სისტემაზე გადააწყოს. ასეთ შემთხვევაში, ძირითადში ადგილი ხუანმას უთავისუფლდება.
ახლა ერთ ამბავზე მოგითხრობთ, რომელმაც შესაძლოა, მალე დიდი სკანდალი გამოიწვიოს ლა ლიგაში. დონეცკის "შახტარი" მიიჩნევს, რომ "სარაგოსამ" წესების დარღვევით შეიძინა ბრაზილიელი ფრანსელინო მატუზალემი და ახლა 14 მილიონი ევროს გადახდა და იმ 6 ქულის დაკლება ელის, რომელიც არაგონულმა კლუბმა ამ სეზონში უკვე მოიპოვა.
მატუზალემი ახლა "ლაციოში" თამაშობს, ეს ამბავი კი, რომელზეც უკრაინული კლუბი ჩივის, 2007 წელს მოხდა - "შახტარმა" მაშინვე გააპროტესტა ტრანსფერი და საბოლოოდ ფიფამ მომჩივანი გაამართლა. მაგრამ, ამდენი ხნის შემდეგაც კი, "სარაგოსამ" მხოლოდ 500 ათასი ევრო გადაუხადა "შახტარს". ფიფას ახალი განკარგულება კი ასეთი იქნება, "სარაგოსამ" დაუყოვნებლივ უნდა გადაუხადოს ვალი (13,9 მილიონი ევრო) დონეცკელებს და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ "სარაგოსას" 6 ქულა დააკლოს. ეს თუ მართლა ასე მოხდა, ისედაც ფინანსურ კრიზისში მყოფ "სარაგოსას" ვეღარაფერი უშველის.
ესპანეთი. ლა ლიგა. VI ტური
დღეს
ოსასუნა-მალიორკა 20:00
ტრავმა: სერხიო, ეჩაიდე, მასუდი, როვერსიო - კასერესი, ნუნიეში
რასინგი-რაიო ვალეკანო 20:00
ტრავმა: კენედი, აკოსტა, ტორეხონი, კოლსა (?), მუნიტისი (?), პიკონი (?), სამპერიო (?) - ყველა რასინგი
ვილიარეალი-სარაგოსა 20:00
ტრავმა: რუბენი, პერესი, ლოპესი - მატეოსი, ბრაულიო, პინტერი, ლაფიტა (?), ორიოლი (?)
ვალენსია-გრანადა 22:00
ტრავმა: თოპალი - ხუანი, კორტესი, ბენიტესი (?)
დისკვალიფიკაცია: ალბა, ადურისი (ვალენსია)
მალაგა-ხეტაფე 00:00
ტრავმა: სტადსგაარდი, ველიგტონი, ხიმენესი, ტულალანი (?), გამესი (?) - უსტარი, გავილანი, ლოპესი, მასილელა, გუისა (?), სარაბია (?), მოია (?), კოლუნგა (?)
ხვალ
რეალ სოსიედადი-ბილბაო 14:00
ტრავმა: ელუსტონდო - კასტილიო, ანდერი, მარტინესი
დისკვალიფიკაცია: ეკიზა (ბილბაო)
ბეტისი-ლევანტე 18:00
ტრავმა: კასტრო, ნელსონი, ფაბრისიო - ტორესი (?)
ატლეტიკო-სევილია 20:00
ტრავმა: კოშტა, სილვიო (?) - ნეგრედო (?)
დისკვალიფიკაცია: ესკუდე, ტროხოვსკი (სევილია)
სპორტინგი-ბარსელონა 22:00
ტრავმა: ნოვო, მუნისი, მორანი (?), კარმელო (?) - სანჩესი, ინიესტა, აფელაი, პუიოლი (?)
ესპანიოლი-რეალი 00:00
ტრავმა: ალბინი, მატიონი - შაჰინი, კოენტრაო, ბენზემა (?), პეპე
დისკვალიფიკაცია: პანდიანი, ამატი -დი მარია
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბეტისი 5 4 0 1 9-6 12
2. ბარსელონა 5 3 2 0 22-4 11
3. ლევანტე 5 3 2 0 7-3 11
4. სევილია 5 3 2 0 6-3 11
5. რეალი 5 3 1 1 16-5 10
6. მალაგა 5 3 1 1 7-2 10
7. ვალენსია 5 3 1 1 8-6 10
8. ატლეტიკო 5 2 1 2 8-6 7
9. სოსიედადი 5 2 1 2 6-6 7
10. ესპანიოლი 5 2 0 3 5-7 6
11. მალიორკა 5 2 0 3 3-5 6
12. ოსასუნა 5 1 3 1 3-10 6
13. ვალეკანო 5 1 2 2 5-9 5
14. ვილიარეალი 5 1 2 2 5-9 5
15. სარაგოსა 5 1 2 2 5-11 5
16. ხეტაფე 5 1 1 3 4-7 4
17. გრანადა 5 1 1 3 2-7 4
18. რასინგი 5 0 3 2 3-8 3
19. ბილბაო 5 0 2 3 5-8 2
20. სპორტინგი 5 0 1 4 2-9 1
ბომბარდირები: 8 - მესი (ბარსელონა); 7 - რონალდო (რეალი); 5 - ფალკაო (ატლეტიკო), სოლდადო (ვალენსია); 4 - კასორლა (მალაგა), ფაბრეგასი (ბარსელონა), აგირეჩე (რეალ სოსიედადი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ორდერბიანი ტური