საკუთარი ნახევრიდან გატანილი გოლი

AutoSharing Option
ინიგო მარტინესი გახსოვთ? გაგახსენებთ: 1 სექტემბრის ქუთაისური საღამოა, ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრები სასტიკად უსწორდება ოთარ გაბელიას გუნდს, გულშემატკივარი მხოლოდ გოლებს ითვლის ჩვენს კარში და უცბათ... ყველაზე ლამაზი გოლი 20 წლის ბასკმა ინიგო მარტინესმა გაიტანა, რითაც პირდაღებული დატოვა... დავიდ დე ხეა. დიახ, გაიხსენებდით, ამ ფეხბურთელმა მართლაც ულამაზესი ავტოგოლი გაიტანა ("იუთუბზე" ამ გოლს ასეც ჰქვია - ისტორიაში საუკეთესო ავტოგოლი).

ახლა რატომ გაგახსენეთ ეს ფეხბურთელი. იმიტომ, რომ მან მე-6 ტურის და ახლახან დაწყებული ჩემპიონატის ყველაზე საოცარი გოლი გაიტანა - ბასკურ დერბიში "რეალ სოსიედადის" მცველმა
კარგად დაინახა წინ გამოსული გორკა ირაისოსი და ცაციათი "ბილბაოს" კარი აიღო, ეს მისი პირველი გოლია ლალიგურ კარიერაში. მთავარი კი ისაა, რომ დარტყმისას ინიგო საკუთარ ნახევარზე იმყოფებოდა და კარამდე 54 მეტრი იყო!

ბუნებრივია, ეს ტური მხოლოდ ამ არაჩვეულებრივი გოლით არ იყო გამორჩეული. იგივე ბასკური დერბი, ინიგოს სუპერმცელობის მიუხედავად ბილბაოს "ატლეტიკმა" მოიგო და ეს იყო მარსელო ბიელსას პირველი საკლუბო გამარჯვება 1998 წლის შემდეგ! "მენ ინ ბლექ" - შავებში ჩაცმულმა "ბარსელონამ" და "რეალმა" წყვილად მოიგეს და შავ დღეში ჩააყენეს მეტოქეები, თუმცა უფრო დამაჯერებელი "რეალი" იყო, რომლის რიგებშიც ჰეთ თრიკის იშტაზე მოვიდა არგენტინელი გონსალო იგუაინი.

სამწუხაროდ, არ გაამართლა მატჩმა "ვისენტე კალდერონზე", სტუმარი "სევილია" კი სჯობდა "ატლეტიკოს", მაგრამ გოლი ამ შეხვედრაში არ გასულა. "ბეტისის" ლიდერობას ბოლო მოეღო, მაგრამ თავი მეორე "მოფარფატე პეპელამ" გამოჰყო - "ლევანტემ". მოკლედ, ორი ბედაურის დოღად შერაცხული ლა ლიგა უინტერესოდ არ დაწყებულა, ჩვენც ჯერ ამ გრანდებზე ვთქვათ...

ბარსა-რეალობა
"ყოველთვის ძალიან რთულია ხიხონში "სპორტინგთან" თამაში. მათი ფანები ძალიან ეხმარებიან გუნდს და თან ასტურიელებს ძალიან ძლიერი მცველები ჰყავთ", - თავს იმართლებდა მატჩის შემდეგ ხოსეპ გვარდიოლა, რადგან "ბარსამ" მხოლოდ 1:0 მოიგო.

ხიხონში "ბარსას" პირველად არ ჰყავდა სესკ ფაბრეგასი, რომელმაც შაბათის ვარჯიშზე კუნთი დაიჭიმა და გუნდს სამი კვირით დააკლდება. თითქოს, ეს საკმარისი არ იყო და "სპორტინგთან" შეხვედრაში მცირე ტრავმა მიიღო ერიკ აბიდალმა და ის 10 დღეს ვერ ითამაშებს. მოკლედ, ცუდი ამბავი ცუდს მიეწყო, თუმცა მთავარი ისაა, რომ ჩემპიონმა მოიგო და ადრიანოს გოლის წყალობით გალიდერდა ("ლევანტესთან" ერთად.

კატალონიურმა გრანდმა ამ მოგებით ესპანეთის პირველობის ახალი რეკორდი დაამყარა - ზედიზედ 24 საგარეო მატჩია, "ბარსას" ერთი გოლი მაინც გააქვს. ბოლოს, 2010 წლის აპრილში ვერ შეძლო გუნდმა სტუმრად გატანა - "ესპანიოლთან" 0:0 ითამაშა.

ვიქტორ ვალდესმა 301-ე მატჩი ითამაშა ლა ლიგაში და ანდონი სუბისარეტას რეკორდი გაიმეორა, შემდეგ ტურში ვიქტორი "ბარსას" ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელი მეკარე იქნება.

სხვათა შორის, ამ სეზონში "ბარსამ" პირველად მოიგო სტუმრად - "ანოეტაზე" და "მესტალიაზე" ფრეები ითამაშა.

ადრიანომ "ბარსელონას" მაისურით პირველი გოლი გაიტანა.

პეპმა კვლავ 3-კაციანი დაცვით ათამაშა გუნდი, მაგრამ აბიდალის ტრავმის შემდეგ მაქსველი და პიკე გამოვიდნენ და გუნდი 4-კაციან დაცვაზე გადაერთო.
"ბარსა" პირველ ტაიმში 79%-ით აკონტროლებდა ბურთს, მეორეში - 69%-ით. კატალონიელმა ფეხბურთელებმა 808 ზუსტი პასი გააკეთეს. ჩავიმ 145 პასიდან 132 ზუსტი გააკეთა და ეს მატჩში საუკეთესო შედეგია.

ხავიერ მასკერანომ 16-ჯერ მოუპოვა გუნდს ბურთი.

ახლა გადავინაცვლოთ ბარსელონაში, სადაც კოხტა "კორნელია ელ პრატზე" "რეალმა" 4:0 მოუგო "ესპანიოლს". ტრავმირებული ქარიმ ბენზემას ნაცვლად ჟოზე მოურინიო იძულებული იყო ეულ ცენტრფორვარდად გონსალო იგუაინი დაეყენებინა. ინატრონ მსოფლიოს მწვრთნელებმა ასეთი იძულებითი ნაბიჯები - იგუაინმა დაამტკიცა, რომ სხვაზე ნაკლები არაა და სეზონში პირველი ჰეთ თრიკი გაიტანა.

ამ მატჩში "რეალის" ახალწვეულმა ხოსე კალეხონმა ყოფილ გუნდს გაუტანა. კალეხონმა პუბლიკას პატივი სცა და გოლი არ აღუნიშნია, შემდეგ კი თქვა: "ძალიან გახარებული ვარ, რომ გოლი გავიტანე. მაგრამ მინდა აქვე ვთქვა, რომ ეს იყო ჩემს კარიერაში გატანილი ყველაზე მწარე გოლი, მე ხომ იმ გუნდის კარი დავლაშქრე, რომელიც კარგა ხანს ჩემი სახლი იყო. ამიტომაც არ მიზეიმია და მინდა ყველამ იცოდეს, რომ "ესპანიოლს" ახლაც ვგულშემატკივრობ".

"ესპანიოლთან" მატჩი მე-200 იყო "რეალის" ლალიგურ კარიერაში მსოფლიოს ჩემპიონ სერხიო რამოსისთვის. რამოსი მე-7 სეზონია, რაც "სამეფო კლუბში" ირიცხება. 200 მატჩში მცველმა 25 გოლი გაიტანა - დიდებული შედეგია.

გახარებულია მოურინიო, რომელიც ამბობს, რომ "რეალისთვის" ნეგატიური კვირა პოზიტიურით შეიცვალა: "ჩვენ ვინარჩუნებთ თამაშის მაღალ ხარისხს. ფსიქოლოგიურად ძალზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ - ვაჩვენეთ ყველას, რომ რთული დრო წარსულს ჩაბარდა. ბოლო სამ გამარჯვებაში 13 გოლი გავიტანეთ, ვფიქრობ, კითხვები აღარ უნდა გაჩნდეს".

მესი VS რონი
იშვიათი ტური იყო თუნდაც იმ გაგებით, რომ ლეო მესი და კრიშტიანო რონალდო არათუ ტურში, თავიანთ თამაშებშიც კი არ ყოფილან მთავარი მოქმედი გმირები. არადა, ორივე ჯანზეა და 90 წუთიც ორივემ ითამაშა.

მაშ ასე, ვინ რა გაკეთა ამ ტურში - მესიმ "სპორტინგთან" 5-ჯერ დაარტყა კარისკენ, აქედან 2-ჯერ ზუსტად, 2-ჯერ მოხვდა თამაშგარეში და 6-ჯერ ეუხეშნენ. ერთხელ მისი შესვლის შემდეგ ეპიზოდი პენალტს წააგავდა, მაგრამ მსაჯმა არ დანიშნა. ხშირად არ იყო ბურთით და "სპორტინგის" მცველებმა შეძლეს მისი განეიტრალება - goal.com-მა 6,5 ბალი დაუწერა არგენტინელ ჯადოქარს.

კრიშტიანო რონალდომ 7-ჯერ დაარტყა "ესპანიოლის" კარისკენ, 2-ჯერ ზუსტად, გააკეთა 2 საგოლე პასი, მის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდნენ და პორტუგალიელი ერთხელ მოხვდა თამაშგარე მდგომარეობაში. goal.com - 8.

აქამდე მესი იყო წინ ჩვენს დუელში - 4:2. არგენტინელი ისევ წინაა, მაგრამ პორტუგალიელმა ჩამორჩენა შეამცირა - 4:3.

ტურის სიმბოლური ნაკრები
goal.com. 3-4-3
მეკარე
რობერტო (გრანადა, 1): რომ არა ის, "ვალენსია" აუტსაიდერს გაცილებით დიდი ანგარიშით მოუგებდა. რობერტო პირველად მოხვდა სიმბოლურში.
მცველები
ადილ რამი (ვალენსია, 3): ნელ-ნელა ფრანგი ახალწვეული "ვალენსიას" დაცვის ლიდერად ყალიბდება. "გრანადასთან" მატჩში ის იყო ძლიერი, უშეცდომო და მამაცი.
ხავიერ მასკერანო (ბარსელონა, 1): რაც რამიზე დავწერეთ, იგივეს გამეორება შეგვიძლია არგენტინელის შემთხვევაში, რომელიც ხიხონში უდავოდ საუკეთესო იყო.
ალვარო არბელოა (რეალი, 1): მშვილი და უშეცდომო, მიითვალა საგოლე პასი.
ნახევარმცველები
რაულ გარსია (ოსასუნა, 1): "მალიორკას" კარში დუბლის ავტორი და პამპლონელთა თითქმის ყველა შეტევის წამომწყები.
სერხიო კანალესი (ვალენსია, 1): პირველად ითამაშა მაღალ დონეზე, რაც "ვალენსიაში" გაანათხოვრეს.
პედრო მუნიტისი (რასინგი, 1): ვეტერანი, რომლის გამოცდილებამაც დიდწილად განაპირობა ის, რომ "რასინგმა" არ წააგო მასზე გაცილებით უკეთ მოთამაშე მეტოქესთან.
კრიშტიანო რონალდო (რეალი, 4): არ გაუტანია, მაგრამ ორი საგოლე პასის ავტორია.
თავდამსხმელები
ფერნანდო ლორენტე (ბილბაო, 1): ბასკურ დერბიში დუბლი შეასრულა და "ბილბაოს" "ანოეტაზე" მოაგებინა.
გონსალო იგუაინი (რეალი, 1): ჰეთ თრიკი
ჟულიო ბაპტიშტა (მალაგა, 1): გაიტანა გადამწყვეტი გოლი "ხეტაფეს" კარში, რომელიც ფინალურ სასტვენამდე 2 წუთით ადრე უგებდა "მალაგას".

ტურის გმირი
ჟულიო ბაპტიშტა (მალაგა)
გაიტანა ძალზე მნიშვნელოვანი გოლი, რომელმაც გუნდს, რომელიც 88-ე წუთზე 1:2-ს აგებდა 3:2 მოაგებნა. ისე გოლიც არის და გოლიც - მისი "მაკრატელა" ნებისმიერ ტურს დაამშვენებდა და საუკეთესო იქნებოდა, მაგრამ ახლა ინიგო მარტინესმა აჯობა.

პირველი
ინიგო მარტინესმა პირველი გოლი გაიტანა ლა ლიგაში, თანაც როგორი!
ადრიანო კორეიამ "ბარსელონას" მაისურით პირველი გოლი გაიტანა.
ერნან პერესს დებიუტი ჰქონდა "ვილიარეალში" და დებიუტი პარაგვაელმა გოლით აღნიშნა.

ტურის მსხვერპლნი
ერიკ აბიდალმა (ბარესლონა) ხიხონში 54-ე წუთზე ფეხზე უკანა კუნთი გაიჭიმა და 7-10 დღეს გამოტოვებს.
ხავი მარტინესმა (ბილბაო) ბასკურ დერბიში საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიიღო.
ნილმარმა (ვილიარეალი) ტურამდე მიიღო ტრავმა და ახლა სამშაბათს ოპერაციას იკეთებს და დიდ ხანს დააკლდება ფეხბურთს.
სესკ ფაბრეგასმა (ბარსელონა) ვარჯიშზე იტკინა ფეხი და 3 კვირას ვერ ითამაშებს.
ალეხანდრო არიბასი (რაიო ვალეკანო) "რასინგთან" მატჩის პირველ ტაიმში დაშავდა და მეორეში აღარ გამოსულა.
მარიო (ბეტისი) "ლევანტესთან" მატჩის მე-5 წუთზე შესაცვლელი გახდა.

ტურის ფრაზები
ადრიანო კორეია (ბარსელონა): "ჩემი გოლი რა მოსატანია, მთავარია, რომ ჩვენ ოქროს სამი ქულა მოვიპოვეთ", - "სპორტინგის" მისი ერთადერთი გოლით დამარცხების შემდეგ.
გონსალო იგუაინი (რეალი): "სწორედ ასეთი თამაში მჭირდებოდა ძველი თავდაჯერებულობის დასაბრუნებლად", - "ესპანიოლის" კარში ჰეთ თრიკის შესრულების შემდეგ.
ჟოზე მოურინიო (რეალი): "ბარსა" ერთი ქულით გვისწრებს, ეს კი არაფერია".
ექტორ კუპერი (რასინგი): "არ მიყვარს ფრეები. არც მე და არც ჩემს გუნდს", - "რაიო ვალეკანოსთან" 1:1 დასრულებული მატჩის მერე.
ხუან კარლოს გარიდო (ვილიარეალი): "ჩვენ აშკარად მეტს ვიმსახურებდით", - "სარაგოსასთან" 2:2-ის შემდეგ.
მიგელ ანხელ ნადალი (მალიორკა): "თუკი რამე კარგი გავაკეთეთ მოედანზე, ყველაფერი ლაუდრუპის დამსახურებაა", - "ოსასუნასთან" მატჩის შემდეგ.
უნაი ემერი (ვალენსია): "ეს ის ქულებია, რომლებიც სეზონის ბოლოსკენ ბონუსად გვექცევა".

ტურის სტატისტიკა
25 გოლი ტურში (2,5 მატჩში). 2 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 4 ფრით დასრულდა, სტუმრებმაც 4 მოიგეს. ტურში მსაჯებმა 61 ყვითელი და 3 წითელი ბარათი დაარიგეს.
ჰეთ თრიკი - გონსალო იგუაინი (რეალი).
დუბლი - რაულ გარსია (ოსასუნა), ფერნანდო ლორენტე (ბილბაო), ტომერ ჰემედი (მალიორკა)
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: ხაირო სამპერიო (რასინგი, 18 წლის)
ყველაზე მეტი მაყურებელი: 50 000 - "ვისენტე კალდერონი"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 9 000 - "ელ სარდინერო"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 25 - ვილიარეალი
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 12 - ვილიარეალი
ყველაზე მეტი ჯარიმა: 25 - ესპანიოლი
ყველაზე მეტი კუთხური: 13 - ვილიარეალი
ყველაზე მეტი თამაშგარე: 8 - ბარსელონა
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 74% - ბარსელონა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული