რა შანსი აქვს ჯონ ტერის, მოიგოს ნობელის პრემია?

AutoSharing Option
მეტი, ვიდრე ლევანტეს - მოიგოს ლა ლიგა

ერთმა ცნობილმა ტოტალიზატორმა, რომელსაც უცნაური ფსონების მიღება ჩვევად აქვს, ბოლო დროინდელი მოვლენების ფონზე "ლევანტეს" ჩემპიონობა შეიყვანა სიაში. და აღმოჩნდა, რომ, ტოტალიზატორის აზრით, ჯონ ტერის უფრო დიდი შანსი ჰქონია, მოიგოს ნობელის პრემია, ვიდრე "ლევანტეს" - ლა ლიგა. მართლაც და, ვალენსიურმა კლუბმა შესანიშნავი გამღიზიანებლის როლი შეასრულა და რბოლას (ალბათ, საბოლოოდ) ჩამოსცილდა. რისთვისაც მას ესპანური ფეხბურთის მოყვარულთაგან მადლობა ეკუთვნის. მხოლოდ ათი ტურის მერე მივიღეთ ის რეალობა, რაც უნდა მიგვეღო - მსოფლიო ფეხბურთის ორი გრანდი პირველ-მეორეზეა, ახლა
მათი იქიდან ჩამოგდება ძალზე ძნელი იქნება. დავაზუსტებთ, სტარტზე ჟოზე მოურინიომ ხოსეპ გვარდიოლას ქულით აჯობა, მაგრამ ეს ქულა ზღვაში წვეთია, ბევრს არაფერს ნიშნავს.

ანდალუსიური შოკი

შეჯამებას ტრადიციულად, ორშაბათის მატჩით დავიწყებთ. ეს იყო ანდალუსიური დერბი "სანჩეს პისხუანზე", სადაც ერთმანეთს აქამდე დაუმარცხებელი "სევილია" და ბოლოადგილოსანი "გრანადა" შეხვდნენ. ასეთ თამაშებში საფეხბურთო ლოგიკა ყოველთვის არ ამართლებს, არც ამჯერად გაამართლა - "სევილიამ" მწარედ წააგო, ბოლო წუთებზე, არადა, მანუ დელ მორალის მიერ გატანილით დაწინაურდა - 1:2.
მსაჯმა ჩასტვინა თუ არა, ხესუს ნავასმა ფრედერიკ კანუტეს ჩაუწოდა, ფორვარდმა, რომელიც ამას წინათ სესკ ფაბრეგასს რასისტობაში ადანაშაულებდა, დაარტყა, მაგრამ მეკარე რობერტომ მოიგერია, დამატებულზე კი დელ მორალმა ივარგა. მთლიანად ამას 38 წამი დასჭირდა, დაახლოებით იმდენი დრო, რაც ამ ეპიზოდის ქაღალდზე გადმოტანას ჩვენთვის. ამის შემდეგ "სევილიას" ვარსკვლავები უმოწყალოდ ანიავებდნენ შანსებს, რაც ბოლოს გუნდს ძალზე ძვირი დაუჯდა. თამაშის დასრულებამდე 10 წუთი რჩებოდა, როცა შვეიცარიელ-ესპანელმა ალექს ხეიხომ ბრწყინვალე საჩუქარი მიიღო - ფრანკო ხარას დარტყმული მასპინძელთა კარის ხარიხამ აიცილა და პირდაპირ ხეიხოს ნადავლი გახდა, რომელმაც თავით ანგარიში გაათანაბრა. ბოლოს კი მიკელ რიკომ საკმაოდ მახვილი კუთხიდან გაუტანა ხავი ვარასს.

ლეო VS რონი

ანგარიში ლეო მესის სასარგებლოდ შეიცვალა - არგენტინელის ჰეთ თრიკს ("მალიორკას" კარში), პორტუგალიელმა კრიშტიანო რონალდომ ვერაფერი უპასუხა ("რეალ სოსიედადთან" თამაშში). მესიმ სამჯერ დაარტყა კარისკენ, სამივეჯერ ზუსტად და სამივეჯერ გაიტანა (1 პენალტის ნიშნულიდან). მას 2-ჯერ ეუხეშნენ, ერთხელ კი თავად დაარღვია წესი. რონალდომ კარისკენ 5-ჯერ დაარტყა, აქედან 2-ჯერ ზუსტად, ის სამჯერ მოხვდა თამაშგარე მდგომარეობაში, ერთხელ წააქციეს, თავად კი 3-ჯერ იუხეშა. დღეისთვის მესი იგებს 5:4-ს.

ოქტომბრის სტატისტიკა
- ლეო რონი
წუთი 470 446
გოლი 5 3
პენალტი 1 0
საგოლე პასი 1 4
დარტყმა (ზუსტი) 32 (13) 22 (10)
პასი (ზუსტი) 405 (331) 241 (193)
ჯარიმა (მასზე) 16 8
გოლ.კომ (საშუალო) 7,40 6,90

ტურის სიმბოლური ნაკრები
გოლ.კომ. 4-4-2

კრისტიან ალვარესი (ესპანიოლი, 1) - დანიელ ალვეში (ბარსელონა, 1), დიეგო მაინსი (გრანადა, 1), სერხიო რამოსი (რეალი, 1), ხორდი ალბა (ვალენსია, 1) - ანხელ დი მარია (რეალი, 2), ევერ ბანეგა (ვალენსია, 3), რაულ გარსია (ოსასუნა, 2), სოფიან ფეგული (ვალენსია, 1) - ლიონელ მესი (ბარსელონა, 5), მანუ დელ მორალი (სევილია, 1).

ტურის გმირი
გონსალო იგუაინი (რეალი)

მისი ერთადერთი გოლის წყალობით "რეალმა" "ანოეტაზე" დაამარცხა "რეალ სოსიედადი" და პირველ ადგილზე გადავიდა.

ტურის სტატისტიკა

27 გოლი ტურში (2,7 მატჩში). 7 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 1 ფრით დასრულდა, სტუმრებმა 2 მოიგეს. ტურში მსაჯებმა 48 ყვითელი და 1 წითელი ბარათი დაარიგეს.
ჰეთ თრიკი - ლიონელ მესი (ბარსელონა)
დუბლი - ადრიან ლოპესი (ატლეტიკო), სოფიან ფეგული (ვალენსია)
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: ჟერარდ დეულოფეუ (ბარსელონა, 17 წლის)
მარკოს სენამ (ვილიარეალი) ვერ გაიტანა პენალტი

ყველაზე მეტი მაყურებელი: 80 600 - "კამპ ნოუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 10 000 - "ელ მადრიგალი"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 31 - სევილია
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 15 - სევილია
ყველაზე მეტი ჯარიმა: 21 - ბილბაო, რასინგი
ყველაზე მეტი კუთხური: 9 - რეალ სოსიედადი
ყველაზე მეტი თამაშგარე: 5 - რასინგი, რეალი
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 68% - ბარსელონა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული