დილაუთენია "სანტიაგო ბერნაბეუზე": მეტოქე ლიდერთა რისხვაა

AutoSharing Option
"სანტიაგო ბერნაბეუს" არ ახსოვს თამაში შუადღეს დაწყებულიყოს, ხვალ კი სწორედ მადრიდის დროით 12 საათზე ითამაშებს ლა ლიგის ახალი ლიდერი. "რეალი" ლიდერობას ძალიან უნდა გაუფრთხილდეს, რადგან "ოსასუნა" ის გუნდია, რომელსაც პირველადგილოსანთა ტრიუმფის შეწყვეტა შეუძლია.

ხვალ ვალენსიური დერბია, ოღონდ პირველად ხდება, რომ ორივე ვალენსიური კლუბი ასე მაღლაა რეიტინგში, შესაბამისად, ინტრიგაც მეტია. ტურის ბოლოსკენ კი ცენტრალური მატჩი საფეხბურთო კათედრალზე გაიმართება. დიახ, არ მოგესმათ - წლებია, ქვეყანაში ბილბაოს "სან მამესმა" მსგავსი საპატიო სახელი დაიმსახურა.

ლიდერით დავიწყოთ - "რეალი" პამპლონის "ოსასუნას" მასპინძლობს და, გამარჯვების შემთხვევაში,
ყველა სხვა თამაშის შედეგის მიუხედავად, ლიდერად დარჩება. ბოლო მწვრთნელი, რომელმაც ჟოზე მოურინიოს ქულები დააკარგვინა, საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი ექტორ კუპერი იყო - 21 სექტემბერს კანტაბრიაში "რასინგი" 0:0 ეთამაშა "სამეფო კლუბს". მას მერე "რეალმა" ზედიზედ 9 (!!!) თამაში მოიგო, ბურთების შეფარდებით - 31:3. ალბათ, ნათელია, რა მძიმე ამოცანა აქვთ გადასაჭრელი 50 წლის ბასკი სპეციალისტის, ხოსე ლუის მენდილიბარის შეგირებს. სხვათა შორის, "ოსასუნამ" ყოჩაღად დაიწყო და 14 ქულით მე-8 ადგილზეა, მაგრამ სტუმრად ნავარულ კლუბს ჯერ არ მოუგია.

მასპინძელთაგან მთავარი მოქმედი გმირი კრიშტიანო რონალდო იქნება, რომელმაც შეძლო და ორ სეზონსა და ორ თვეში "რეალის" თეთრი (ზოგჯერ, შავი) მაისურით 100-ზე მეტი გოლი გაიტანა. "რეალის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა რონალდოს 100 გოლიდან 8 საუკეთესო ამოარჩია, რომელთაგანაც საიტის სტუმრებმა პორტუგალიელის ულამაზესი გოლი უნდა დაასახელონ. ჯერჯერობით ლიდერობს კრიშტიანოს მიერ "ბარსას" კარში "სამეფო თასის" ფინალში გადამწყვეტი თავური 9,9 ათასი ხმით. გამოკითხვა დღეს დასრულდება.

სხვათა შორის, დიდების მწვერვალზე მყოფ პორტუგალიელს ზედიზედ 2 ტურია პრიმერა დივიზიონში არ გაუტანია. "ყოველი გოლი განსაკუთრებულია. განსაკუთრებით კი ის, რომელიც გუნდს წარმატებას მოუტანს", - აცხადებს რონალდო.

ჟოზე მოურინიო უპრობლემოდ ვერ ხვდება "ოსასუნასთან" მატჩს - საეჭვოა პორტუგალიელი ფაბიო კოენტრაოს თამაში, რომელიც წინა ტურში, "რეალ სოსიედადთან" საუკეთესო იყო მოედანზე. "ლიონთან" მატჩის მეორე ტაიმში კოენტრაომ კუნთი გაიჭიმა. მოურინიომ "ა ბოლას" განუცხადა, რომ კოენტრაოს კიდევ აქვს თამაშის შანსი, აი, კაკას და მარსელოს მოედანზე გამოსვლა კი გამორიცხულიაო. ალვარო არბელოა ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც დაცვის მარცხენა ფრთაზე შეუძლია თამაში ამ სიტუაციაში, არადა, ალვაროსაც მცირე ტრავმა აქვს, თუმცა ითამაშებს.

ნური შაჰინი, ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, რომელსაც წუთიც კი არ უთამაშია ახალ სეზონში, ნორმალურად ვარჯიშობს, თუმცა სამატჩო განაცხადში, ალბათ, არ იქნება. პარასკევს არბელოამ და კოენტრაომ ჯგუფთან ერთად ივარჯიშეს, ხოლო კაკამ, მარსელომ და რიკარდო კარვალიომ - დარბაზში.

"მარკამ" ამ მატჩის წინ ყველაზე შესაფერისი რესპონდენტი... ჩინეთში მოძებნა - 56 წლის ხოსე ანტონიო კამაჩო, რომელსაც "რეალიც" გაუწვრთნია (2004 წელს) და "ოსასუნაც" (2008-2011), ახლა კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელია. გასაკვირი არ არის, რომ კამაჩომ განაცხადა, "ჩემი გული "რეალისკენ" იხრებაო" - მას ხომ 400-ზე მეტ მატჩში უთამაშია "რეალის" მაისურით. სხვათა შორის, კამაჩომ თქვა, რომ ჩინეთში არავის აინტერესებს "რეალი"-"ოსასუნას" დაპირისპირებაო, ეგ იგივეა ესპანეთში ბადმინტონში ჩინეთის ლიგის მატჩების ტრანსლირება რომ დაიწყონო...

"ოსასუნას" ცენტრალურმა მცველმა რუბენ გონსალესმა განაცხადა, რომ თუკი ნავარული გუნდი ქულას წამოიღებს "სანტიაგო ბერნაბეუდან", ეს იქნება მაქსიმუმი. "ჩვენ არ დავნებდებით ბოლო წუთებამდე და მერე გამოჩნდა, რა შეგვიძლია რეალურად. ერთი ვიცი, რომ "ოსასუნა" მეტოქისგან ძალიან განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს და ეგებ ამან შეუშალოს "რეალს" ხელი მიზნის მიღწევაში".

ძალზე საეჭვოა სტუმართა მარცხენა მცველის, იუკა რაიტალას თამაში. გუშინ მას გუნდთან ერთად არ უვარჯიშია. მენდილიბარს ჯამში 6 ფეხბურთელი აკლია ტრავმების გამო (რაიტალას მათში არ ვთვლით), პლუს ალვარო სეხუდო "ლევანტესთან" გაძევების გამო დისკვალიფიცირებულია. ჰო, კინაღამ დაგვავიწყდა - "ოსასუნა" სწორედ ის გუნდია, რომელმაც "ლევანტეს" ტრიუმფალური სვლა შეაჩერა. იქნებ, ლიდერთა რისხვამ ახლა "რეალისთვის" მოიცალოს?

დღეს "სიუტატ დე ვალენსიაზე" ვალენსიური დერბია და 1965 წლიდან პირველად დერბის წინ "ლევანტე" "ვალენსიაზე" წინაა ცხრილში - 23 ქულით მესამეა, როცა "ღამურები" 21 ქულით მე-4 ადგილზე არიან. მოკლედ, დერბის დიდი სატურნირო მნიშვნელობა აქვს.

"ლევანტეს" რიგებში საეჭვო იყო ფეხბურთელთა მთელი ჯგუფის თამაში, თუმცა ბოლო ცნობებით გამოჯანმრთელება ყველამ შეძლო, არუნა კონე, ნაბილ ალ ჟარი, ხავი ვენტა და ხავიერ ბარკერო მწყობრში არიან. ხუან იგნასიო მარტინესმა ცამდე აიყვანა "ვალენსია" და მისი მწვრთნელი უნაი ემერი ქებით, თუმცა აღნიშნა, რომ მოგების შემთხვევაში მისი გუნდი ძალიან დიდ ნაბიჯს გადადგამს წინ. თამაში ვალენსიის მეორე სტადიონზეა, ამასობაში "მესტალიაზე" ძველი საფარი (2009 წლისა), რომელიც კრიტიკას ვერ უძლებდა აიღეს და ახლის დაგება დაიწყეს. კლუბმა ეს 16 ნოემბრამდე, "რეალის" ვიზიტამდე უნდა მოასწროს.

ემერის პრობლემები დაუგროვდა: სერხიო კანალესი კიდევ 6 თვეს ვერ ითამაშებს, ჰედვიგეს მადურო - თებერვლამდე, ევერ ბანეგა ერთი თვით დააკლდა "ვალენსიას". სამაგიეროდ, შესანიშნავ ფორმაშია ფორვარდი რობერტო სოლდადო, რომელიც აცხადებს, რომ კარიერაში ასე კარგად არასოდეს უთამაშია, მოკლედ, "ლევანტეს" დაცვა უპირველესაც "ჯარისკაცს" უნდა უფრთხოდეს.

დღეს კიდევ ერთი თამაშია, რომელსაც ასევე არ დაეწუნება ინტრიგა, კიდევ ერთი დერბი (ანდალუსიური): "ბეტისი" "მალაგას" მასპინძლობს. 4 მატჩის მოგების შემდეგ პეპე მელის გუნდმა ზედიზედ 6 წააგო და თუ კიდევ დამარცხდა, შეიძლება მელის სკამიც შეეწიროს ამას. ბოლოს "ბეტისმა" სევილიაში "მალაგას" 2004 წელს (3:0) მოუგო. მანუელ პელეგრინის გუნდიც ისე ვერ თამაშობს, როგორც მისგან ელოდნენ. გუნდებს თითო წამყვანი ფორვარდი დააკლდებათ - სევილიელებს როკე სანტა კრუსი, ხოლო სტუმრებს - ჟულიო ბაპტიშტა.

"ბარსელონა" ერთადერთია ლა ლიგაში, რომელსაც ჯერ არ წაუგია. თუმცა მეორეადგილოსან ჩემპიონს ბილბაოში "ცხარე" 90 წუთი ელის. ხოსეპ გვარდიოლამ უკვე მოაგვარა მომავალ წლამდე ჩემპიონთა ლიგის საკითხი (გუნდი პლეი ოფშია), ახლა დროა, ისევ ლა ლიგას ტიტულის დაცვაზე იფიქროს. გუშინ მისი მეთვალყურეობით პირველი გუნდის 19-მა ფეხბურთელმა ითამაშა, რომელსაც პეპმა ისააკ კვენკა დაამატა. როგორც ჩანს, ეს ბიჭი მალე პირველი გუნდის სრულუფლებიანი წევრი გახდება. არ უვარჯიშია მხოლოდ პედრო როდრიგესს (ბუნებრივია, არ იყო არც დიდი ხნით დამტვრეული იბრაჰიმ აფელაი).

სხვა მატჩებიდან აღვნიშნავთ ქრონოლოგიურად სულ ბოლოს - კვირას მადრიდული დერბია: "ხეტაფე" "ატლეტიკოს" მასპინძლობს. არც ერთ კლუბს ულხინს, თუმცა ფინანსურად მომძლავრებული "ხეტაფეს" მდგომარეობა კატასტროფულია - გუნდი 7 ქულით უკანასკნელ ადგილზეა.

ესპანეთი. ლა ლიგა. XI ტური
დღეს
მალიორკა-სევილია 21:00
ტრავმა: ლაკრუსი, კასერესი - კანუტე (?), პეროტი, ნეგრედო

ბეტისი-მალაგა 23:00
ტრავმა: ამაია (?), მარიო (?), ჩიკა (?), ვადილიო, მომო, სანტა კრუსი - ბაპტიშტა (?), სტადსგაარდი (?), მარესკა

ლევანტე-ვალენსია 01:00
ტრავმა: ხორდა (?) - ბანეგა, ბრუნო, კანალესი, მადურო

ხვალ
რეალი-ოსასუნა 15:00
ტრავმა: არბელოა (?), მარსელო, კაკა, რიკარდო კარვალიო - მასუდი, ბერტრანი, რაიტალა (?), როვერსიო, ეჩაიდე, ლამა, სერხიო
დისკვალიფიკაცია: სეხუდო (ოსასუნა)

გრანადა-რასინგი 19:00
ტრავმა: სამპერიო (?), კენედი (?), აკოსტა (ყველა რასინგი)
დისკვალიფიკაცია: დიოპი

სარაგოსა-სპორტინგი 19:00
ტრავმა: პინტერი, ბრაულიო, მინერო - ლორა (?), ნაჩო კასესი
დისკვალიფიკაცია: მეირა (სარაგოსა)

ესპანიოლი-ვილიარეალი 21:00
ტრავმა: მარკესი (?), ალბინი, მატიონი - საპატა, სენა, ნილმარი, რუბენი (?), მარჩენა (?), როსი, კამუნიასი (?), კანი

რაიო ვალეკანო-რეალ სოსიედადი 21:00
ტრავმა: ბრავო (?), ტამუდო, ბოტელიო (?) - ილარამენდი (?), ზურუტუზა
დისკვალიფიკაცია: არიბასი (რაიო)

ბილბაო-ბარსელონა 23:00
ტრავმა: დ. ლოპესი (?), გაბილონდო (?), ეკიზა (?), მარტინესი, კასტილიო, ამორებიეტა, გურპეგი - აფელაი, პედრო

ხეტაფე-ატლეტიკო 01:00
ტრავმა: მასილელა, პედრო ლეონი, გავილანი, უსტარი - კოშტა, ხუანფრანი (?)
დისკვალიფიკაცია: პერესი - სუარესი

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 10 8 1 1 32-6 25
2. ბარსელონა 10 7 3 0 32-4 24
3. ლევანტე 10 7 2 1 17-7 23
4. ვალენსია 10 6 3 1 15-9 21
5. სევილია 10 4 5 1 11-8 17
6. მალაგა 10 5 1 4 12-14 16
7. ესპანიოლი 10 5 0 5 9-13 15
8. ოსასუნა 10 3 5 2 13-17 14
9. ბილბაო 10 3 4 3 15-12 13
10. ატლეტიკო 10 3 4 3 12-11 13
11. ვალეკანო 10 3 3 4 10-13 12
12. ბეტისი 10 4 0 6 10-15 12
13. ვილიარეალი 10 2 4 4 9-17 10
14. მალიორკა 10 2 3 5 8-16 9
15. სარაგოსა 10 2 3 5 10-20 9
16. რეალ სოსიედადი 10 2 2 6 9-14 8
17. სპორტინგი 10 2 2 6 8-14 8
18. რასინგი 10 1 5 4 7-15 8
19. გრანადა 10 2 2 6 4-12 8
20. ხეტაფე 10 1 4 5 9-15 7

ბომბარდირები
13 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 10 - გონსალო იგუაინი (რეალი), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 6 - რობერტო სოლდადო (ვალენსია), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 5 - ხუანლუ გომესი (ლევანტე), ფერნანდო ლორენტე (ბილბაო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული