მაგალითისთვის (გვარებს არ დავასახელებთ) - "რეალი" ახლა სულ სხვაა, გვარდიოლას "ბარსას" მისი გვარიანი შიში აქვს", ან ეს: "მართალია, "რეალი" დაწინაურდა, მაგრამ "ბარსელონასთან" 0:5 მარცხის შემდეგ ამ გუნდის შიში დარჩა". რომელს გინდა ენდო? მოკლედ, გადავწყვიტეთ ვენდოთ საკუთარ ვარაუდებს და ჩვენი მოსაზრებების გასამაგრებლად ისეთი უტყუარი მოწმე გამოვიძახოთ, როგორიც სტატისტიკაა...
86-ით 84
შაბათის მატჩი 216-ე კლასიკოა (ყველა შეჯიბრებაში). აქამდე 86 "სამეფო კლუბმა" მოიგო, 84 - "ბარსელონამ", 45 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდებაც "რეალის" მხარესაა - 354:347. კლასიკოებში ყველაზე მეტი გოლი ალფრედო დი სტეფანოს გაუტანია - 18, მას მერე კი მოდის რაული - 15 გოლი. მე-6 ადგილზეა ლიონელ მესი, რომლის ანგარიშზეც 13 გოლია.
შინ და გარეთ
დავუბრუნდეთ დღევანდელობას - "რეალი" 14 თამაშიდან 37 ქულით პირველ ადგილზეა, "ბარსას" 15 თამაშიდან 34 ქულა აქვს. "რეალმა" გაიტანა 49 და გაუშვა 10 გოლი, "ბარსამ" - 47 და 7. მათ მხოლოდ თითოჯერ წააგეს ("რეალმა" "ლევანტესთან", ხოლო "ბარსამ" - "ხეტაფესთან").
ორივე გუნდი ბრწყინვალედ თამაშობს შინ: "სამეფო კლუბმა" 6-ივე მატჩი მოიგო "სანტიაგო ბერნაბეუზე", ბურთების ბალანსით 28:7. "ბარსამ" "კამპ ნოუზე" 9-დან 8 მოიგო და 1 ფრედ დაამთავრა, ბურთების შეფარდება კი უბრალოდ შეუდარებელია: 39:0. და აი, პირველი განსხვავება ამ ორ სუპერგრანდს შორის - სტუმრად თამაში! ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა 8-დან 6 მოიგეს, 1 ფრედ დაამთავრეს და 1 წააგეს (21:3). ხოსეპ გვარდიოლას გუნდს კი წლეულს სტუმრად დიდი პრობლემები აქვს - 6-დან მხოლოდ 2 მოიგო (!), 3 ფრე და 1 წააგო.
ბურთების შეფარდება ძლივს არის დადებითი: 8:7. ჩემპიონმა სტუმრად სულ 8 გოლი გაიტანა!
ესეც პირველი რეალური პრობლემა: "რეალს" ისედაც უპირატესობა აქვს რომ შინ თამაშობს და, თურმე, ამ სეზონის "ბარსელონა" სტუმრად ისედაც მოიკოჭლებს, გარდა იმისა, რომ წააგო მადრიდის გარეუბანში, ვერ მოიგო ბილბაოში, სან სებასტიანში და ვალენსიაში.
+1 რეალს.
ტაქტიკა
ჟოზე მოურინიომ 14-დან 13 თამაშში მისთვის ჩვეული, 4-2-3-1 ტაქტიკური სქემა გამოიყენა და მხოლოდ ერთხელ ითამაშა განსხვავებულად (4-3-3 "ვალენსიასთან"). მაგრამ საქმეც იმაშია, რომ კლასიკოზე სწორედ ეს "განსხვავებული" ვარიანტი შეიძლება ვიხილოთ.
ოღონდ, ამ 4-3-3-ს ბევრი საერთო არა აქვს გასულ სეზონში "ბარსას" საყვარელ ფორმაციასთან. "მარკა" ამტკიცებს, რომ "ბარსელონას" წინააღმდეგ მოურინიო "ფარს" შექმნის ნახევარდაცვაშივე და სამი დაცვითი ფუნქციებით განთქმული ჰავბეკით ითამაშებს. მოუ ჩაბი ალონსოსა და სამი ხედირას დუეტს კიდევ ერთს, ლასანა დიარას დაახმარს. ესეც თქვენი სამ-კუთხა ფარი!
ახალ სეზონში პეპ გვარდიოლამ 10-ჯერ მიმართა სარისკო, 3-4-3 ტაქტიკურ სქემას. 3-ჯერ ითამაშა პეპმა 4-3-3 სქემით (სხვათა შორის, ერთადერთი წაგებაც ამაზე მოდის), ორჯერ კი - 4-1-2-3-ით. რას აირჩევს ამჯერად გვარდიოლა? შესაძლოა, მან გარისკოს და მაინც სამი მცველით ითამაშოს. მით უფო, თუ "მარკას" ინფორმაცია სწორია და მოურინიო "ოპერაცია ფარს" აპირებს. მოკლედ, მთავარი ბრძოლა ცენტრში იქნება. სადაც, შესაძლოა, მოულოდნელად, "ბარსა" რიცხობრივ უმრავლესობაშიც კი აღმოჩნდეს.
პრაგმატიკა
ჟოზე მოურინიო ამას ალბათ არ იტყვის (თუმცა მისი ნატურიდან გამომდინარე, არც გამოვრიცხავთ), მაგრამ ფაქტი ასეთია: "რეალი" დაკარგული ქულების მიხედვით, 6 ქულით უსწრებს კონკურენტს.
ტურნირი კი გრძელია და ყველაფერს გათვლა უნდა. მოურინიო არასოდეს ყოფილა რომანტიკოსი, ის რეალისტია და ესმის, რომ ფრე მომგებიანია მისი გუნდისთვის. ასეთ მიზანს თუ დაისახავს, ბევრი რამ გამარტივდება მისთვის, რისკის ფაქტორი მოიკლებს, "ბარსას" გამოჭერა უფრო იოლი იქნება... კონტრშეტევებზე. რას იტყვის გულშემატკივარი? არ მოეწონება, მაგრამ ჩემპიონის ტიტული მაინც ტკბილია.
ამ შემთხვევაში ყველაზე დიდ რისკზე მოურინიო საკუთარ თავს წირავს, "რეალმა", რომ წააგოს, კრიტიკის ქარ-ცეცხლი არ აცდება და არა მარტო...
მეკარეები
ესპანეთის ორი საუკეთესო მეკარის დუელი, იკერ კასილიასმა (რეალი) და ვიქტორ ვალდესმაც (ბარსელონა) ყველა მატჩი შეუცვლელად ითამაშეს. იკერი ნაკრების პირველი მეკარეა, ვალდესი - მისი შემცვლელი, მაგრამ დღეისათვის საკლუბო დონეზე სიტუაცია შეცვლილია.
კასილიასმა მეტი გაუშვა ნაკლებ თამაშში - 10 - 7-ის წინააღმდეგ (კასილიასი - 0,71 გოლი მატჩში, ვალდესი - 0,46). თან, ვერ ვიტყვით, რომ "რეალის" დაცვას პრობლემები აქვს. არადა, ამ სეზონში იკერმა ერთი-ორჯერ სერიოზული შეცდომაც დაუშვა.
გაგიკვირდებათ და, +ბარსელონას.
მცველები
"რეალი" მუდამ 4 მცველით თამაშობს, "ბარსა" - ძირითადად 3-ით. მადრიდელთა დაცვის მარჯვენა ფლანგი ალვარო არბელოას აბარია.
თავიდან იქ, ჩვეულებრისამებრ, სერხიო რამოსმა დაიწყო, მაგრამ შემდეგ მოურინიოს იდეეები გაუჩნდა, რაც ნაწილობრივ ტრავმებით იყო გამოწვეული, და სერხიო რამოსი ცენტრალურ მცველად აქცია. სხვა ვის უთამაშია ამ პოზიციაზე? თითოჯერ ლასანა დიარასა და ფაბიო კოენტრაოს.
ცენტრში პეპესა და სერხიო რამოსის დუეტს ველით. რიკარდო კარვალიო წლეულს ტრავმებმა გატანჯა. 2-2-ჯერ ვარანმა და ალბიოლმაც ითამაშეს ცენტრალური მცველის პოზიციაზე, მარცხენა მცველი კი "მყარად" მარსელოა, კოენტრაო უფრო მისი შემცვლელი ან ნახევარმცველია. მოკლედ, "რეალის" დაცვის ოპტიმალური ხაზი ასეთია: არბელოა - სერხიო რამოსი - პეპე - მარსელო.
რა ხდება "ბარსას" არიერგარდში? ფლანგის მცველებზე პეპმა უარი თქვა - მხოლოდ თითოჯერ ითამაშეს დანი ალვეშმა და მაქსველმა თავიანთ ფლანგებზე მცველებად. გუნდი გამოდიოდა სამი ცენტრალური მცველით, რომელთა შორის უფრო ხშირად იყვნენ ერიკ აბიდალი და ხავიერ მასკერანო.
მესამე პოზიცია კი ჟერარდ პიკემ და კარლეს პუიოლმა გაიყვეს (5-5 მატჩი). ხანდახან აქ დანი ალვეშს, სერხიო ბუსკეტსს და ალბერტ ფონტასსაც დალანდავდით. თქმა არ უნდა, იდეალურ ვარიანტში პიკეც უნდა იყოს და პუიოლიც სასტარტოში, მაგრამ ამ ფეხბურთელებს ხელი ტრავმებმა და დისკვალიფიკაციამ დარია. ახლაც კი, კლასიკოზე პუიოლის თამაში საეჭვოა. მოკლედ, ასე ვვარაუდობთ: პიკე - პუიოლი (ან მასკერანო) - აბიდალი.
+ მაინც რეალს.
ნახევარდაცვა
შუახაზი, რომელიც "ბარსას" სიამაყეა, რომლის წყალობითაც ჩემპიონი წელში ამტვრევდა ყველანაირი შესაძლებლობის მეტოქეს, მათ შორის, "რეალსაც". როგორ არის ახლა საქმე?
"რეალი" ისევ 2 საყრდენი და 3 შემტევი ნახევარმცველით თამაშობს, ხოლო "ბარსა" - უკვე 4 ნახევარმცველით. მოკლედ, შუაში 5 ვს 3 შეიცვალა 5 ვს 4-ით. საოცარია, მაგრამ, თუკი "ბარსა" 3 კაცითაც უმკლავდებოდა "რეალის" შუახაზს, 4-ით შეძლებს თუ არა, ძნელი სათქმელია - ამის მიზეზი კი "რეალის" ნახევარმცველთა შესამჩნევი პროგრესია.
ჩაბი ალონსო შეუცვლელი კაცია ღრმა შუახაზში, მისი მეწყვილე ხან სამი ხედირაა, ხან - ლასანა დიარა. მარჯვენა შემტევი ნახევარმცველი საუცხოო ფორმაში მყოფი ანხელ დი მარიაა, შუა მესუთ იოზილი, მარცხენა - კრიშტიანო რონალდო. თითქმის ყველაფერი გაწერილია.
დი მარიას კალეხონი ცვლის, იოზილს - კაკა (თუმცა იყო შემთხვევები, როცა ორივე ერთად თამაშობდა), რონალდოს კი კოენტრაო. თუ "ფარი" განხორციელდა, სამი შემტევი ნახევარმცველიდან ერთი უნდა ამოვარდეს (ალბათ იოზილი, რომელსაც კლასიკოების კომპლექსი ჩამოუყალიბდა), თუ არადა სქემა ასეთი იქნება: ხედირა, ჩაბი ალონსო - დი მარია, იოზილი, რონალდო. ერთობ სახიფათო ანსამბლია ნებისმიერი მეტოქესთვის.
"ბარსას" შუახაზი შარშან მარტივი და იდეალური იყო: ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა. ახლა ვითარება შეიცვალა, ჯერ ერთი, სესკ ფაბრეგასი მოვიდა, მეორეც, პეპმა 4 ნახევარმცველით თამაში დაიწყო. ეს სქემა მომაკვდინებელია მეტოქეთათვის, როცა "ბარსა" "კამპ ნოუზე" თამაშობს - მეტოქეს უბრალოდ არ რჩება შანსი.
აი, სტუმრად კი ბევრი რამაა დასახვეწი. რატომ? ჯერ ერთი ეს სიახლეა და ნებისმიერ სიახლეს ადაპტაცია სჭირდება, თუნდაც ბარსელონელი გენიოსების შესრულებით. მეორეც, პეპი ისევ ძიებაშია, თითოეულ პოზიციას ჯერ არ ჰყავს "მყარი" შემსრულებელი.
ნახევარდაცვის მარჯვენა მხრიდან უფრო დანი ალვეში და ჩავი უტევდნენ, თუმცა ტიაგო ალკანტარას და კეიტასაც მოუსინჯავთ ძალები.
"ხერხემალი" ხშირად ბუსკეტსი იყო, ნაკლებად კეიტა და ალკანტარა, მარცხნივ სრული ქაოსია: ყველაზე ხშირად იყო ინიესტა და ეს ყველაზე ხშირად სულ 4 მატჩია. სხვები: მაქსველი, ალკანტარა, ადრიანო, კეიტა და თვით ჩავიც კი (ერთხელ). შუა შემტევი ნახევარმცველი უფრო ხშირად იყო ფაბრეგასი, როცა ის ვერ თამაშობდა, მისიას ჩავი კისრულობდა, ან... მესი (!). ერთი-ორჯერ ძალები ინიესტამ და პედრომაც კი მოსიჯნეს ძალები. რა უნდა ვთქვათ ყოველივე ამის შემდეგ? პეპის იდეა ძალიან მაგარია და ეს შედეგს რამდენიმე თვეში გამოიღებს, ახლა კი ყველაფერი სარისკოდ ჩანს.
+ ისევ "რეალს".
თავდასხმა
მოურინიოს ყველაფერი განსაზღვრული აქვს - თამაშობს ერთი ცენტრფორვარდით. დი მარია და რონალდო მას ფლანგებიდან ეშველებიან.
პორტუგალიელს ჰყავს ორი სუპერფორმაში მყოფი ფორვარდი: გონსალო იგუაინი და ქარიმ ბენზემა და ყოველი მატჩის წინ უწევს არჩევანის გაკეთება. არჩევანი ძირითადად ამართლებს, რადგან ორივე დიდებულად თამაშობს, მაგრამ, როცა მეტოქე "ბარსელონაა", "განსაკუთრებული" იოტისოდენადაც არ უნდა შეცდეს. ერთხელ ამ პოზიციაზე კრიშტიანო რონალდომაც ითამაშა, ერთხელ კი... იოზილმა.
"ბარსელონა" სამი ფორვარდით თამაშობს. ამ ხაზში გუნდმა დიდი შენაძენი შეიმატა ალექსის სანჩესის ტრანსფერით, მაგრამ ჩილელს ტრავმამ შეუშალა ხელი და ახლა თავიდან იწყებს ფორმის აკრეფვას. ასე რომ, მარჯვენა ფორვარდის ადგილზე მან და პედრომ თანაბრად გაინაწილეს სათამაშო დრო (6-6 მატჩი), მესი შეტევის შუაშია, ხოლო დავიდ ვილია - მარცხნივ. ძალები შეტევაში მოსინჯეს: ისააკ კვენკამ, ადრიანომ (!), დანი ალვეშმა (!) და ფაბრეგასმა. იდეალური ვარიანტი: სანჩესი-მესი-ვილია.
+ ბარსელონას.
მწვრთნელი
ორი, ერთმანეთზე უკეთესი, ჯერ კიდევ ახალგაზრდა და მოტივირებული, მუდამ ძიებაში. მოკლედ, ორი საუკეთესო.
ჟოზე მოურინიომ შარშანდელი სეზონი "რეალის" "ასაწყობად" გამოიყენა და ახლა "სამეფო კლუბი" სისწრაფეაკრეფილ ელმავალს მოგვაგონებს. პეპი კიდევ, "ბარსაში" მცირე რევოლუციას ახდენს. მოკლედ, თითქოს, უპირატესობა მოუს მხარესაა, მაგრამ პორტუგალიელ სპეციალისტს "ბარსელონას" სერიოზული კომპლექსი ჩამოუყალიბდა და, შეიძლება, ამ აწყობილმა მექანიზმმა "ბარსას" წინააღმდეგ არ იმუშავოს.
რონი VS მესი
საფეხბურთო შეხვედრებს გოლები იგებს, გოლების გატანა კი "რეალს" და "ბარსელონას" არ უჭირთ. აქეთ კრიშტიანო რონალდო, იქით მესი, 17-17 გოლით. ორი სუპერვარსკვლავი. ვინ ვის?
რონალდომ 13-ჯერ ითამაშა სასტარტოში, 17 გოლი გაიტანა (აქედან 6 პენალტით, 2 თავით) და 6 საგოლე პასი გააკეთა. ის 4-ჯერ დასახელდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ("ოსასუნასთან", "მალაგასთან", "რაიო ვალეკანოსთან" და "სარაგოსასთან").
მესი 14-ჯერ იყო სასტარტოში, 17 გოლი გაიტანა (მხოლოდ 1 პენალტით), 7 საგოლე პასი მიითვალა და ერთი 11-მეტრიანი გააფუჭა. ის 6-ჯერ დაასახელეს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად (""მალიორკასთან", "რასინგთან", "ატლეტიკოსთან", "ოსასუნასთან", "რეალ სოსიედადთან" და "ვილიარეალთან").
რონალდოს ნაკლი: ყველაფრის მიუხედავად, მას ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია, რომ "ბარსას" კომპლექსისგან განიკურნა.
მესის ნაკლი: 17-დან 16 გოლი მან "კამპ ნოუზე" გაიტანა და მხოლოდ 1 სტუმრად!
სხვები VS სხვები
"რეალი" მხოლოდ კრიშტიანო რონალდო არაა, ის ანხელ დი მარიაცაა. ეს სიტყვები ძალზე შეეფერება "სამეფო კლუბის" დღევანდელობას. დი მარიამ 3 თავად გაიტანა, 11-ჯერ კი თანაგუნდელებს გაატანინა.
ასისტენტებში ის ერთპიროვნული ლიდერია პრიმერაში. ყველაზე უკეთ, დი მარიას რონადლოსთან და იგუაინთან გამოსდის ურთიერთობა - 4-4 საგოლე პასი მათ. იგუაინმა 12 გოლი გაიტანა, ბენზემამ კი - 7. მეპასეებში დი მარიას მერე რონალდო (6) და იოზილი (5) მოდიან. იოზილის საუკეთესო პარტნიორი ბენზემაა.
მესის მერე ყველაზე სახიფათო კაცი უდავოდ ფაბრეგასია, რომელმაც სასტარტოში 9-ჯერ ითამაშა და 7 გოლი გაიტანა. აი, "ელ გუახე" კი მოიკოჭლებს - მხოლოდ 5 გოლი ასტურიელის ანგარიშზე. ვილიას სისუსტის გამო შანსი ახალბედა კვენკას მიეცა (2 გოლი).
ძალიან კარგი სეზონი აქვს ჩავის (4 გოლი, 5 საგოლე პასი), მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვარაუდობდა ამ სეზონის წინ, ფაბრეგასის მოსვლით და ალკანტარას დაწინაურებით, ჩავის მზე ნელნელა ჩაესვენებაო. შესანიშნავად უგებენ ერთმანეთს ფაბრეგასი და მესი, არგენტინელმა 3-ჯერ გაატანინა ესპანელს და სესკმაც ამდენჯერვე - "ლა პულგას". არ დაგვავიწყდეს დანიელ ალვეშის ფაქტორი, ყველაზე მეტი გოლი მესიმ (4) სწორედ ბრაზილიელის პასით გაიტანა.
მოკლედ, "ბარსას" მეტი ვარიაცია აქვს: მესი რომც გააჩერო, შეიძლება ფაბრეგასმა გაისროლოს, ან ვილიამ, ჩავიმ, სანჩესმა, ალვეშმა და კვენკამაც. "რეალის" შემთხვევაში ასეა: შეაჩერე რონალდო, ცენტრფორვარდი (რომელიც მოედანზე იქნება) და გადაუკეტე სივრცე დი მარიას. არც ერთია იოლი საქმე და არც - მეორე.
მთავარი კითხვები
შეძლებს პეპე მესის შეჩერებას?
გაძლებს "ბარსას" 3-კაციანი დაცვა?
რა სტრატეგიას აირჩევს მოურინიო?
მოიცილა თუ არა რონალდომ "ბარსას" კომპლექსი?
პასუხებს შაბათს "სანტიაგო ბერნაბეუზე" ვიხილავთ...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"