შეგახსენებთ, რომ დეკემბერში "ბარსელონამ" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო, ფინალში "სანტოსი" დაამარცხა და პლანეტის საუკეთესო კლუბი ოფიციალურადაც გახდა. ამიერიდან, 2012 წლის ბოლომდე "ბარსელონას" აქვს უფლება აღნიშნული ლოგო გამოიყენოს.
გრანერო მალაგაში წავა?
მადრიდის "რეალის" თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ნათლად განმარტა, რომ იანვარში კლუბი არ გაძლიერდება, თუმცა, შესაძლოა, "რეალი" ერთი-ორ ფეხბურთელს შეელიოს. 24 წლის ნახევარმცველი ესტებან გრანერო კარგი ფეხბურთელია, მაგრამ "რეალში"
გრანერო მესამე სეზონია "სანტიაგო ბერნაბეუზე", წლეულს მან სულ 7 თამაშში მიიღო მონაწილეობა. ყველაზე დიდი ალბათობით, გრანერო "მალაგაში" გადავა, რადგან ანდალუსიელთა ჩილელი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი მისი დიდი დამფასებელია.
სარაგოსას: კალა, ნავარო, დუიმოვიჩი და უკვე გუტიც სურს
"სარაგოსა" ცუდ დღეშია და ლა ლიგიდან გავარდნა ემუქრება, თუმცა კლუბის პრეზიდენტი აგაპიტო იგლესიასი ყველანაირად ცდილობს გუნდი იხსნას განსაცდელისგან. არაგონელთა ბოსი კარგად მიხვდა, რომ დაცვის გაძლიერების გარეშე არაფერი გამოვა. სავარაუდოდ, კლუბს შვეიცარიიდან დაბრუნებულები, ალექსისი და დავიდ ნავარო გააძლიერებენ. ფეხბურთელები, რომლებიც ზაფხულში ესპანეთიდან ნოიშატელის "ქსამაქსში" გადაბარგდნენ, თუმცა შვეიცარიული კლუბის სუპერგუნდად ქცევის მცდელობა ერთი დიდი ფარსი გამოდგა და ახლა "ქსამაქსი" ფინანსურ კრიზისშია.
თავად მანოლო ხიმენესს აეკ-დან ესპანეთში ხუან კალას დაბრუნებაც სურს, თუმცა "მარკა" ვარაუდობს, რომ არაგონელები ამას ვერ შეძლებენ. სამაგიეროდ, კლუბში იმედოვნებენ, რომ მოსკოვის "დინამოს" ნახევარმცველ ტომისლავ დუიმოვიჩს აუცილებლად გადაიბირებენ. "სარაგოსას" ხორვატი სეზონის ბოლომდე იჯარით სურს.
ამასთან, "რეალის" ყოფილმა ვარსკვლავმა გუტიმ განაცხადა, რომ შემოთავაზება აქვს "სარაგოსადან": "კლუბის ხელმძღვანელები შემეხმიანნენ, მაგრამ ჯერ კონკრეტული არაფერია".
გვარდიოლამ მაქსველი და პსჟ დაადასტურა
"ბარსელონას" თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამ დაადასტურა ის, რაც გუშინ ამბად გამცნეთ - ბრაზილიელი მცველი მაქსველი "პარი სენ ჟერმენში" გადადის. პეპმა დაადასტურა, რომ პარიზულ კლუბთან ტრანსფერზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. 30 წლის ფეხბურთელი გვარდიოლას ნაკლებად სჭირდება, რადგან ბოლო დროს 3 მცველით თამაშს ამჯობინებს. მარცხენა ფლანგზეც, პეპს ერიკ აბიდალი და ადრიანო კორეია ურჩევნია მას. ასე რომ, სულ მალე "კრუზეიროს", "აიაქსის" და "ინტერის" ყოფილი ვარსკვლავი ფრანგულ გრანდში აღმოჩნდება: "მან გვითხრა, რომ პსჟ-სგან საინტერესო წინადადება მიიღო. მე არ გავაჩერებ ძალით ფეხბურთელს, რომელსაც "ბარსელონაში" თამაში არ უნდა. თუკი წავა, მაქვსველს მადლობას გადავუხდით", - განაცხადა გვარდიოლამ.
რეინჯერსს ესპანელი ფორვარდი სურს
გლაზგოს "რეინჯერსის" მწვრთნელი ალისტერ მაკოისტი მოწადინებულია გუნდი "ვალიადოლიდის" ფორვარდით გააძლიეროს. ლაპარაკია, ხავი გუეროზე, რომელმაც "ვალიადოლიდის" მაისურით 60 მატჩში 37 გოლი გაიტანა, მას მერე რაც "ლევანტედან" გადავიდა: "არ მინდა ჩემი ფორვარდები შევაშინო, მაგრამ ხავი ძალიან მაგარია, მისი ბევრი მატჩი ვნახე და აღფრთოვანებული ვარ", - თქვა მაკოისტმა. ხავი გუერო 29 წლისაა და "მალაგას" აღზრდილია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"