ლა ლიგა. XVIII ტურის შეჯამება: ჩავი 400 და პირნათელი

AutoSharing Option
ესპანური პრიმერას მე-18 ტურმა ვერ შეცვალა სხვაობა ლიდერსა და მდევარს, ტიტულის მოცილესა და მფლობელს და, ბოლოსდაბოლოს, ევროპული ფეხბურთის ორ გრანდს შორის - "რეალი" ისევ 5 ქულით უსწრებს "ბარსელონას". არადა, ამ ტურში ორივეს მოუწია ნერვიულობა.

პრიმერაში ვალენსიის მხარეს სამი გუნდი წარადგენს, აქედან ორი ყოჩაღობს კიდევაც, მაგრამ შაბათ-კვირას სამივეს ფიასკო მოუვიდა: "ვალენსიამ", "ლევანტემ" და "ვილიარეალმა" ერთმანეთის მიყოლებით წააგეს. პირველ ორს რა უჭირს, "ღამურებმა" და "ბაყაყებმა" მესამე და მეოთხე (შესაბამისად) ადგილები შეინარჩუნეს. "ყვითელი წყალქვეშა ნავი" კი უიმედოდ იძირება - "ვილიარეალი" უკვე ბოლოსწინაა და
საშველი არა ჩანს.

ბარსა-რეალობა
ხვალ წლის პირველი (თუმცა სათასო) "ელ კლასიკოა" და, ბუნებრივია, მომავალ დაპირისპირებაზე უფრო ბევრს საუბრობენ, ვიდრე განვლილ ტურზე. ხვალ "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალი" სამეფო თასის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში "ბარსელონას" მასპინძლობს. ჩვენ ამ მატჩს აუცილებლად დავუთმობთ ყურადღებას, თუმცა ახლა უშუალო მოვალეობას შევუდგებით და ტურში გრანდთა გამოსვლას შევაჯამებთ.

"რეალი" ფანტასტიკურ ფორმაში ხვდება "ელ კლასიკოს", ჟოზე მოურინიოს გუნდმა შაბათს ბალეარებზე "მალიორკა" 2:1 დაამარცხა. გამარჯვების გოლის ავტორი კი მოულოდნელად არც კრიშტიანო რონალდო, არც გონსალო იგუაინი და არც ქარიმ ბენზემაა ანუ "რეალის" 63 გოლიდან 45-ის გამტანი ტრიოდან არც ერთი - ტრიუმფი 24 წლის ხოსე მარია კალეხონს შეხვდა.

"რეალის" ოფიციალურმა საიტმა კალეხონი, რომელმაც დროულად დაამატა იგუაინისა და ბენზემას დარტყმულებს, სერხიო რამოსთან ერთად მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

ამ მატჩის შემდეგ ყველაზე გულნატკენი ("ბარსას" ფანებთან ერთად) "მალიორკას" ფორვარდი ვიქტორ კასადესუსი დარჩა. მსაჯმა პერეს მონტერომ, ლაინსმენთან ერთად, მართლაც ენითაუწერელი თამაშგარე მდგომარეობა მოიგონა - შეგახსენებთ, რომ სანამ ვიქტორი მეკარესთან პირისპირ გავიდოდა პასის მომენტში საკუთარ ნახევარზე იყო, ასეთ შემთხვევაში კი თამაშგარე არ ფიქსირდება.

რეკორდის გარეშე როგორ იქნებოდა და მორიგი ორი გოლის შემდეგ, "რეალს" 63 გაუხდა - 18 ტურის შემდეგ ყველაზე მეტი გოლი აქამდე "ბარსას" გაეტანა, შორეულ 1958/59 წლების სეზონში - 58. "ლოს ბლანკოსს" საშუალოდ თამაშში 3,5 გოლი გააქვს, ასე თუ გააგრძელა, სეზონის ბოლოს "რეალს" 130-ზე მეტი გოლი დაუგროვდება.

ზემოთ "რეალის" ბომბარდირთა ტრიო ვახსენეთ (რონალდო, იგუაინი, ბენზემა), მათ ყველა ოფიციალურ მატჩში 60 გოლი დაუგროვდათ (26, 17, 17). ტრიო შეუტევს "ბარსას" ბომბარდირთა ტრიოს ლეგენდარულ შედეგს - 2008/09 წლების სეზონში ლიონელ მესიმ, სამუელ ეტოომ და ტიერი ანრიმ ერთად 98 გოლი გაიტანეს (38, 36, 26).

ერთი საინტერესო დეტალიც: როცა კალეხონმა გოლი გაიტანა და "რეალი" 2:1 დააწინაურა, ჟოზე მოურინიომ პეპეს რაღაც ფურცელი გადასცა, სადაც ეწერა, თუ როგორ უნდა გადაადგილებულიყვნენ ფეხბურთელები. "კანალ პლუსს" ეპიზოდი არ გამოეპარა და ფურცელიც სააშკარაოზე გამოიტანა, ფურცლის მიხედვით კაკა და იოზილი ჩაბი ალონსოსთან სიახლოვეს უნდა გადასულიყვნენ მოედნის შუაში.

პირველად ამ სეზონში "ბარსელონამ" "კამპ ნოუზე" გაუშვა! რაც სხვა გუნდებმა ვერ შეძლეს "ბეტისმა" 90 წუთში ორჯერ მოახერხა, სენსაციასთანაც ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ვერ გაძლო - 2:4. თუმცა მოდი, ჯერ ჩავი ერნანდესზე ვთქვათ - 31 წლის ნახევარმცველმა პირველობა სავსებით დაიმსახურა. ის მე-400-ედ თამაშობდა ლა ლიგაში "ბარსას" მაისურით და გოლი და საგოლე პასი მიითვალა!

თუმცა იყო სხვა აღსანიშნავი ფაქტებიც - პირველი, თამაშის წინ გულშემატკივრებს, რომელთა შორის თბილისის "დინამოს" მთელი გუნდიც იყო ხელმძღვანელებიანად, მესიმ ახლახან მოპოვებული "ოქროს ბურთი" წარუდგინა. ეს მოგება მეასე გამოდგა ხოსეპ გვარდიოლასთვის ლა ლიგაში, ჩემპიონატში მეასედ მოირგო კლუბის მაისურა სერხიო ბუსკეტსმა. ზედიზედ 50-ე მატჩი შესრულდა, რაც კარლეს პუიოლმა ითამაშა და გუნდმა არ წააგო.

ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ "ბარსელონა" აუცილებლად გაასაჩივრებს მსაჯის გადაწყვეტილებას: არბიტრმა ანდრეს ინიესტა სიმულაციისთვის გააფრთხილა, კატალონიელები კი ამტკიცებენ, რომ იგი შეცდა.

მესი VS რონი
ჩვენ "ტურნირში" მესიმ და რონალდომ საყაიმო ანგარიშით (10:10) მოაღწიეს ამ ტურისთვის.

კრიშტიანო რონალდომ "მალიორკასთან" 90 წუთი ითამაშა, კარისკენ 3-ჯერ დაარტყა, 2-ჯერ ზუსტად. გოლი არ გაუტანია, მის წინააღმდეგ 7-ჯერ დაჯარიმდნენ, თავად კი ერთხელ დაარღვია წესი.

ლიონელ მესიმ "ბეტისთან" 90 წუთი ითამაშა, 5-დან 3-ჯერ ზუსტად დაარტყა, ორი გოლი გაიტანა (1 პენალტით), გააფრთხილეს, 2-ჯერ დააჯარიმეს (ერთხელ მის წინააღმდეგ) და ერთხელაც არგენტინელი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ლეომ ორამდე შეამცირა ბომბარდირთა დავაში რონალდოსთან ჩამორჩენა, ჩვენ "ტურნირში" კი წინ გავიდა - 11:10.

ტურის სიმბოლური ნაკრები
Goal.com.  3-4-3

კიკო კასილია (ესპანიოლი, 1) - ფერნანდო ამორებიეტა (ბილბაო, 1), ხუან ფორლინი (ესპანიოლი, 1), მიკელ გონსალესი (რეალ სოსიედადი,1) - ანტუან გრიზმანი (რეალ სოსიედადი, 1), მიჩუ (რაიო ვალეკანო, 1), დიეგო (ატლეტიკო, 1), იკერ მუნიაინი (ბილბაო, 3) - ლიონელ მესი (ბარსელონა, 6), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო, 3), ალექსის სანჩესი (ბარსელონა, 2).

11-დან 7 ფეხბურთელი პირველად მოხვდა სიმბოლურში. მესი უკვე მეექსვედაა რჩეულთა შორის, 19 წლის იკერ მუნიაინი კი - მესამედ!

ტურის გმირი
ხოსე მარია კალეხონი (რეალი)

1:1-ზე, თამაშის დასრულებამდე 6 წუთით ადრე დუდუ ავატეს კარში გადამწყვეტი გოლი გაიტანა, რომლის წყალობითაც "რეალმა" "ბარსასთან" 5-ქულიანი ჰანდიკაპი შეინარჩუნა.

ტურის ფრაზები
პეპე მელი: "ბეტისის" ფანები ამ მატჩით უთოდ იამაყებენ", - სევილიელთა მწვრთნელი "კამპ ნოუზე" 2:4 წაგების შემდეგ.

მანუელ პელეგრინი: "უნდა კარგად გავაანალიზოთ, რატომ ვერ ვიგებთ ნოემბრიდან მოყოლებული", - "მალაგას" ჩილელი თავკაცი "სპორტინგთან" 1:2 მარცხის მერე.

ხოსე ლუის მენდილიბარი: "ჩვენ არც "რეალი" ვართ და არც "ბარსელონა", ყველასთან შეიძლება წავაგოთ" - "ოსასუნას" თავკაცი "რასინგთან" 0:2 მარცხის მერე.

დიეგო სიმეონე: "ჩვენ მოვუმატებთ, ოღონდ ნელ-ნელა, მალევე ნუ მოგვთხოვთ ყველაფერს", - "ატლეტიკოს" არგენტინელი თავკაცი პირველი გამარჯვების შემდეგ.

უნაი ემერი: "დღეს გუნდი თავის თავს არ ჰგავდა, ნერვიული და გაუწონასწორებელი იყო", - "ვალენსიას" ბასკი თავკაცი "რეალ სოსიედადთან" 0:1 წაგების შემდეგ.

ჟოზე მოურინიო: "მალიორკა" კარგად იცავდა თავს. პირველად ვნახე, გუნდს შეცდომა არ მოსდიოდა".

მანოლო ხიმენესი: "ძალიან მტკივნეულად დავკარგეთ 2 ქულა, მაგრამ ჩვენ მაინც ვაგრძელებთ ბრძოლას", - აუტსაიდერი "სარაგოსას" ახალი თავკაცი.

ტურის ინციდენტი
"სევილიამ" უგოლო ფრე ითამაშა "ესპანიოლთან", რამაც ანდალუსიელი ფანების მოთმინების ფიალაც აივსო. სწორედ მაშინ მოხდა ინციდენტი კლუბის არგენტინელ ნახევარმცველ დიეგო პეროტისა და ერთ-ერთ ფანს შორის. ინციდენტი თამაშის მერე კლუბის ავტობუსთან მოხდა, თურმე ეს ფანი პეროტის სმს-ით შეურაცხყოფას აყენებდა. შელაპარაკება ჩხუბში არ გადაზრდილა, გამშველებლებმა იყოჩაღეს.

როგორც ჩანს, პეროტიმ შეურაცხყოფები არ შეარჩენა ხულიგანს და ავტობუსთან შეხვედრაც მანვე დაუთქვა. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინათ, გუნდის მცველ ემირ სპაჰიჩს სხვა უკმაყოფილო ფანებთან ბარში მოუვიდა ინციდენტი. "სევილია" 25 ქულით მეშვიდეა, გულშემატკივერბს კი განსაკუთრებით გუნდის თამაშის ხარისხი არ მოსწონთ.

ტურის მსხვერპლნი
"რეალის" პორტუგალიელ მცველ პეპეს მატჩის მერე მარჯვენა ფეხი სტკივა, თუმცა ექიმები იმედოვნებენ, რომ მას ფიზიოთერაპიის კურსი უშველის და სხვა სახის ჩარევა არ დასჭირდება. არადა, კლასიკოა კარს მომდგარი. "სევილიას" არგენტინელი დიეგო პეროტი ახალი დაბრუნებული იყო მოედანზე, რომ ისევ დაშავდა.

ტურის სტატისტიკა
26 გოლი ტურში (2,6 მატჩში). 4 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 2 ფრედ დასრულდა და 4 სტუმრებმა მოიგეს. ტურში მსაჯებმა 62 ყვითელი და 3 წითელი ბარათი დაარიგეს.

ჰეთ თრიკი - არავინ
დუბლი - ლიონელ მესი (ბარსელონა), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო), კრისტიან სტუანი (რასინგი).
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: ფრანსისკო ალკასერი (ვალენსია, 18 წლის)

ყველაზე მეტი მაყურებელი: 82 500 - "კამპ ნოუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 14 000 - "ნუევო ლოს კარმენესი"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 20 - ატლეტიკო
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 9 - რეალი, ბილბაო, ბარსელონა, ატლეტიკო
ყველაზე მეტი ჯარიმა: 25 - მალიორკა
ყველაზე მეტი კუთხური: 11 - ატლეტიკო, გრანადა
ყველაზე მეტი თამაშგარე: 4 - რაიო ვალეკანო, სევილია
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 66% - ოსასუნა

სარაგოსა-ხეტაფე 1:1
საუკეთესო: მაურიციო ლანძარო (სარაგოსა)

გრანადა-რაიო ვალეკანო 1:2
საუკეთესო: მიჩუ (რაიო ვალეკანო)

სევილია-ესპანიოლი 0:0
საუკეთესო: ვლადიმირ ვეისი (ესპანიოლი)

მალიორკა-რეალი 1:2
საუკეთესო: სერხიო რამოსი (რეალი)

ვალენსია-რეალ სოსიედადი 0:1
საუკეთესო: ანტუან გრიზმანი (რეალ სოსიედადი)

ატლეტიკო-ვილიარეალი 3:0
საუკეთესო: რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

ოსასუნა-რასინგი 0:2
საუკეთესო: კრისტიან სტუანი (რასინგი)

ბილბაო-ლევანტე 3:0
საუკეთესო: ფერნანდო ამორებიეტა (ბილბაო)

სპორტინგი-მალაგა 2:1
საუკეთესო: ოსკარ ტრეხო (სპორტინგი)

ბარსელონა-ბეტისი 4:2
საუკეთესო: ლიონელ მესი (ბარსელონა)

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 18 15 1 2 63-17 46
2. ბარსელონა 18 12 5 1 55-11 41
3. ვალენსია 18 10 4 4 28-19 34
4. ლევანტე 18 9 3 6 25-22 30
5. ბილბაო 18 6 8 4 26-19 26
6. ოსასუნა 18 6 8 4 21-30 26
7. სევილია 18 6 7 5 19-19 25
8. მალაგა 18 7 4 7 21-24 25
9. ესპანიოლი 18 7 4 7 18-21 25
10. ატლეტიკო 18 6 5 7 26-27 23
11. ვალეკანო 18 6 4 8 21-27 22
12. ბეტისი 18 7 1 10 20-26 22
13. ხეტაფე 18 5 6 7 18-24 21
14. სოსიედადი 18 5 6 7 17-23 21
15. რასინგი 18 4 8 6 14-21 20
16. მალიორკა 18 4 7 7 16-24 19
17. გრანადა 18 5 4 9 12-23 19
18. სპორტინგი 18 5 3 10 18-30 18
19. ვილიარეალი 18 3 7 8 15-28 16
20. სარაგოსა 18 2 5 11 14-33 11

ბომბარდირები: 21 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 19 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 14 - გონსალო იგუაინი (რეალი); 11 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო), რობერტო სოლდადო (ვალენსია); 10 - ქარიმ ბენზემა (რეალი).

მომდევნო ტური

21 იანვარი: ესპანიოლი-გრანადა, რასინგი-ხეტაფე, რეალ სოსიედადი-რეალი, ბეტისი-სევილია.
22 იანვარი: ოსასუნა-ვალენსია, რაიო ვალეკანო-მალიორკა, მალაგა-ბარსელონა, ლევანტე-სარაგოსა, რეალი-ბილბაო, ვილიარეალი-სპორტინგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული