მოურსელონას კომპლექსი - "კლასიკოს" გამოხმაურება

AutoSharing Option
Goal.com-ის კარიკატურა: პეპეს სიგიჟე ყველაზე მეტად მოურინიოს "ურტყამს"

ჟოზე მოურინიოს ბრძოლა ქარის წისქვილებთან კვლავ უშედეგოდ გრძელდება, პორტუგალიელმა თავკაცმა ვერადავერ მოარგო გასაღები "ბარსელონას". იშვიათ გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, ყოველი კლასიკოს წინ რიხით დაწყებული საქმე ბოლოს ერთნაირად სრულდება, "რეალისთვის" არასასურველი შედეგით.

რაღაცით ეს ყველაფერი ჰოლივუდურ კომედია "ზაზუნას დღის" სიუჟეტს გვაგონებს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ, არა გვგონია, მოუს სამხიარულოდ ჰქონდეს საქმე.

ოთხშაბათს ღამით, "სანტიაგო ბერნაბეუზე" "სამეფო თასის" პირველი მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა, 2012 წლის პირველ კლასიკოში "რეალი" 1:2 დამარცხდა "ბარსელონასთან" და ახლა ერთ კვირაში
საპასუხო მატჩს "კამპ ნოუზე" საჭირო ანგარიშით თუ ვერ მოიგებს, ტიტულის სხვისთვის გადალოცვა მოუწევს. დიდი შანსია, რომ "ის სხვა" სწორედ "ბარსელონა" იყოს.

პირველი ტაიმი "რეალის" იყო, მაგრამ მეორეში ხოსეპ გვარდიოლას (რომელიც 41 წლის გახდა) ბიჭებმა გაილაღეს, ორი გოლი კი ორმა ისეთმა ფეხბურთელმა გაიტანა, რომელთაგანაც თავის გამოჩენას ნაკლებად ველოდით.

ჟოზე მოურინიომ შემადგენლობაში სიურპრიზები შემოგვთავაზა, ხოლო ხოსეპ გვარდიოლამ ჩვეული ძირითადი შემადგენლობის შეცვლა არ ისურვა, თუ არ ჩავთვლით მეკარე ხოსე პინტოს, რომელსაც პეპი სათასო ბატალიებში ათამაშებს ხოლმე. პორტუგალიელის სიურპრიზი კი ძირითადად დაცვის ხაზს შეეხო, სადაც ალთინთოპი, კარვალიო და კოენტრაო გამოჩნდნენ. სარისკო იყო იგუაინისა და ბენზემას ერთდროულად დაყენებაც.

სწორედ პინტო იყო ყველაზე სუსტი რგოლი "ბარსელონას" რიგებში და ის მე-11 წუთზე გაწყდა კიდევაც, ბენზემამ მარცხენა ფლანგზე პასი კრიშტიანო რონალდოს გაუჭრა, პრიმერას ბომბარდირიც ჩვეულ სტილში შეიჭრა საჯარიმოში და დაარტყა, მაგრამ ამ ბურთის აღება აშკარად შეიძლებოდა, პინტომ ეს ვერ შეძლო - 1:0 "რეალის" სასარგებლოდ.

ხუთ წუთში "ბარსამ" კინაღამ გაათანაბრა, სესკ ფაბრეგასის პასის შემდეგ, ალექსის სანჩესმა თავით რამოსს და კოენტრაოს დაასწრო, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა.

პირველ ტაიმში საოცარი ბრძოლა იყო, მაღალ ტემპში და, ბუნებრივია, ასეთ დროს ბევრი კონტაქტი და უხეშობაცაა. რად უნდა თქმა, რომ ამ შემთხვევაში მოვლენათა ცენტრში პეპე მოექცა. ჯერ ის ძალიან ეუხეშა ბუსკეტსს, მერე თავადვე დაზარალდა პიკეს იდაყვისგან. პირველ ტაიმში "ბარსას" კიდევ ორი კარგი მომენტი ჰქონდა, ანდრეს ინიესტამ ხელსაყრელი მდგომარეობიდან ააცილა, ხოლო ლიონელ მესის იკერ კასილიასმა აუღო.

მეორე ტაიმში "რეალი" სულ სხვა გეგმებით გავიდა მოედანზე, მაგრამ პუიოლმა მასპინძლებს ყველაფერი აურია - უკვე მესამე წუთზე, თავით ვარდნაში ულამაზესი გოლი გაიტანა, მისი ვიზავი პეპე კი არც განძრეულა - 1:1. ეს ყველაფერი ჩავის კუთხურს მოჰყვა, სათასო მატჩში კი სტუმრად გატანილი ძალიან ბევრს ნიშნავს.

მომდევნო ათ წუთში ანდრეს ინიესტამ და ქარიმ ბენზემამ ხარიხა მოსინჯეს, მაგრამ გოლი არც იქით გასულა და არც - აქეთ. ახლა უკვე "ბარსას" უპირატესობა აშკარა იყო, ბურთს სტუმრები აკონტროლებდნენ და, გასაკვირი არაა, რომ გამარჯვების გოლიც მათ გაიტანეს - 77-ე წუთზე მესიმ საჯარიმოს წინა ხაზიდან ენითაუწერელი სილამაზის პასი მისცა ერიკ აბიდალს და ფრანგმაც "ბარსელონასთან" კონტრაქტის გახანგრძლივება გოლით აღნიშნა - 1:2.

თამაშის მიწურულს კი პეპემ შეგვახსენა, რომ მოედანზეა - მან (სავსებით შესაძლებელია, განზრახ) წაქცეულ მესის ხელზე დააბიჯა ფეხი და, შესაძლოა, დისკვალიფიკაცია მაინც მიიღოს, მიუხედავად იმისა, რომ მსაჯს ეს ინციდენტი არ დაუნახავს.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი
ჩავი:
ბრწყინვალედ ითამაშა, ის, რომ "ბარსას" ბურთის ფლობის საოცარი პროცენტი (68) ჰქონდა "სანტიაგო ბერნაბეუზე", მისი დამსახურებაა. აკონტროლებდა თამაშის ტემპს, ბურთს, აკეთებდა კარგ პასებს მოედნის სიღრმიდან. გოლი და საგოლე პასი არ ჩაუწერია, მაგრამ მას თამაშის პულსზე ედო ხელი და ეს უმნიშვნელოვანესია.

P.S. "მარკამ" საუკეთესოდ ანდრეს ინიესტა დაასახელა.

* * *
ჟოზე მოურინიო: "მე ყოველთვის მესმის იმ ხალხის, რომლებიც ტრიბუნებზე აღშფოთებას გამოხატავენ, მაგრამ მე არასოდეს ვუსმენ მათ. არც თამაშამდე და არც მერე. წაგებაზე პასუხისმგებლობას მე ვიღებ. ჩემმა გუნდმა ხომ წააგო. ხომ გაგიგიათ, გამარჯვებას ბევრი მამა ჰყავს, მარცხს კი მხოლოდ ერთიო. ფეხბურთში დიდი ხანია რაც ვარ, ასე რომ, ეს კარგად მესმის.

უნდა კარგად ვნახო, პეპემ რა ჩაიდინა, მე არ დამინახია, მაგრამ თუ დააშავა, უნდა დაისაჯოს კიდევაც. ჩემი აზრით, დღეს ჩვენ გუნდში საუკეთესო კრიშტიანო რონალდო იყო. ალთინტოპმა და კარვალიომ უშიშრად ითამაშეს. აი, იმ ხალხს, ვინც, როგორც წესი, კარგად თამაშობს, ახლა არ უთამაშია კარგად. რაც შეეხება, ნახევარფინალის საგზურს, ის ჯერ არ მოუგია "ბარსელონას", მაგრამ მისი გამოხსნა კატალონიაში ძნელი იქნება, მინდოდა მეთქვა, ძალიან ძნელი".

ხოსეპ გვარდიოლა: "მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ალექსის სანჩესს. მან ფანტასტიკურად ითამაშა დღეს. მისმა თამაშმა ჩემი გული დაიპყრო. ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე გამოიჩინა თავი ძალიან მაღალ დონეზე. ძალიან მაგარია, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" კლვავ დაუმარცხებელი დავრჩი, მაგრამ, ვიცი, რომ ეს ერთხელ დასრულდება. ამ არენაზე არწაგება, დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

ვფიქრობ, ჩვენი გულშემატკივრები კმაყოფილები დარჩებოდნენ. ახლა უნდა ვნახოთ თამაში და გავარჩიოთ, სად დავუშვით შეცდომები. არ უნდა დაგვავიწყდეს, ჯერ მხოლოდ საქმის ნახევარია გაკეთებული".

* * *
ბუნებრივია, კლასიკომ დაჩრდილა დღის მეორე (ქრონოლოგიურად პირველი) მატჩი - ბილბაოში "ატლეტიკმა" 2:0 დაამარცხა "მალიორკა" და ახლა საპასუხო მატჩის წინ ფავორიტია.

ბასკებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ, მაგრამ "მალიორკასთან" ყველაზე კარგად ანდერ ერერა წარმოჩინდა, რომელიც მაგარი იყო როგორც შეტევებში ასევე - დაცვაში. გოლები გაიტანეს ფერნანდო ლორენტემ და იკერ მუნიაინმა, საგოლე პასები ჩაიწერეს ოსკარ დე მარკოსმა და მარკელ სუსაეტამ.

ძალიან კარგად ითამაშა ბასკთა გოლკიპერმა გორკა ირაისოსმა, რომელმაც მიშელ პერეირას და "ჩორი" კასტროს დარტყმულები მოიგერია.

მარსელო ბიელსა: "აი, ეს გუნდი უკვე მომწონს: სოლიდური, კომპაქტური და საიმედო".

ხოაკინ კაპაროსი:
"ახლა უკეთ მივხვდი, რამხელა პრივილეგიაა იყო "ბილბაოს" თავკაცი. ბედნიერი ვარ, რომ ერთ დროს მეც მხვდა წილად ეს ბედნიერება".

კოპა დელ რეი. 1/4 ფინალი. პირველი მატჩები
ბილბაო-მალიორკა 2:0
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა (46. ი. პერესი), ხ. მარტინესი, ამორებიეტა, აურტენეჩე - იტურასპე, ანდერი (86. სან ხოსე) - სუსაეტა (89. ტოკერო), დე მარკოსი, მუნიაინი - ფ. ლორენტე.
მალიორკა (4-4-2): კალატაიუდი - სენდროსი, ნუნიეში, რამისი, პ. კასერესი - პერეირა, ჟოაო ვიქტორი, ტისონე (56. მარტი), გ. კასტრო (65. ნსუე) - ვიქტორი, ჰემედი (46. ალფარო).
გოლები: 1:0 ფ. ლორენტე, 2:0 მუნიაინი (59)

რეალი-ბარსელონა 1:2
რეალი (4-3-3): კასილიასი - ალთინტოპი, რ. კარვალიო სერხიო რამოსი, ფ. კოენტრაო - დიარა (65. იოზილი), ჩაბი ალონსო, პეპე (79. გრანერო) - იგუაინი (65. კალეხონი), ბენზემა, რონალდო.
ბარსელონა (4-3-3): პინტო - დანი ალვეში, პიკე, პუიოლი, აბიდალი - ჩავი (85. ტ. ალკანტარა), ბუსკეტსი, ინიესტა - სანჩესი (81. ადრიანო), მესი, ფაბრეგასი (87. კვენკა).
გოლები: 1:0 რონალდო (11), 1:1 პუიოლი (49), 1:2 აბიდალი (77)

ვალენსია-ლევანტე 4:1

საპასუხო მატჩები: 24, 25 და 26 იანვარს

ბომბარდირები
პაბლო ინფანტე (მირანდესი); 4 - ალვარო ვასკესი (ესპანიოლი), კრისტიან სტუანი (რასინგი), ლასად ნუიუი (დეპორტივო), ნეუსეტ ალემანი (ვალიადოლიდი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
პინტუს ბრალი იყო აბა ვისი ბრალი იყო,ვალდესი მაგ ბურთს100% აიგებდა,ნორლალურას რომ გადამხტარიყო მაგ ბურთს აიგებდა...
negredo
20:35 21-01-2012
0
dudu, მართალი ხარ, არ იყო მეკარის ბრალი... ან როგორ უნდა დაადანაშაულო მეკარე მაშინ, როცა ფორვარდი ერთი-ერთზე გადის და გოლი გააქვს??? ყველა საკითხში დაადანაშაულებ მეკარეს, გარდა 11 მეტრიანისა და ერთი-ერთზე მოწინააღმდეგეს გასვლისა...
დევიდ აირონს
18:41 21-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული