კოპა დელ რეი. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩები: იგებს ის, ვინც რისკავს!

AutoSharing Option
ესპანეთის სამეფო თასზე კონკიას საოცარი ზღაპარი გრძელდება - რანგით მესამე დივიზიონის (სეგუნდა ბ) "მირანდესი" ნახევარფინალშია! ორშაბათ საღამოს "მუნისიპალ დე ანდუვამ" სასწაული იხილა - 92-ე წუთზე მასპინძელთა ვეტერანმა მცველმა სესარ კანედამ გადამწყვეტი გოლი გაიტანა "ესპანიოლის" მეკარე ფრანსისკო კასილიას კარში, "მირანდესმა" 2:1 მოიგო, ორი მატჩის ჯამში კი კატალონიაში გატანილი მეტი გოლის წყალობით შემდეგ ეტაპზე გავიდა, რაც ყველაზე მთავარია, სავსებით დამსახურებულად!

"მირანდესი" ბურგოსის პროვინციის პატარა ქალაქ მირანდა დე ებროს გუნდია. სახელიდანაც ჩანს, რომ ქალაქი მდინარე ებროს სანაპიროზეა გაშენებული, სამშაბათის დილა ქალაქის 40 ათასი
მცხოვრებიდან უმეტესობამ ზეიმში გაათენა - კლუბის ისტორიაში პირველად "მირანდესი" ესპანეთის თასის ნახევარფინალში გავიდა. წარმოიდგინეთ, რამხელა მიღწევაა კლუბისთვის, რომელსაც 85-წლიან ისტორიაში ერთხელაც არ უთამაშია თუნდაც სეგუნდა დივიზიონში.

პირველ მეოთხედფინალურ მატჩში "მირანდესი" სასწაულებრივ უგებდა "ესპანიოლს" მისსავე "კორნელია ელ პრატზე" 2:0-ს, მაგრამ მსაჯის არაობიექტურობის წყალობით, "ესპანიოლმა" ბოლო 6 წუთში სამი გოლი გაიტანა! დრამატული გამოდგა საპასუხო მატჩის ბოლოც. ოღონდ, ახლა "მირანდესს" გაუმართლა.

სესარ კანედა შეიძლება ესპანური ფეხბურთის სტაჟიან მოყვარულებს ეცნოთ კიდევაც, ის ბილბაოს "ატლეტიკის" ცნობილი სკოლის, "ლეზამას" აღზრდილია და 90-იანი წლების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში "ბილბაოს" მაისურით ასზე მეტი მატჩი უთამაშია. 33 წლის მცველმა პაბლო ინფანტეს მოწოდებულ საჯარიმოს პრიმერადივიზიონელთა კარში თავით მიუჩინა ადგილი. აღსანიშნავია, რომ საჯარიმოს ჩაწოდებისას "მირანდესის" 11-ივე ფეხბურთელი "ესპანიოლის" საჯარიმოს მისადგომებთან იმყოფებოდა!
როცა "მირანდესზეა" ლაპარაკი არ შეიძლება პაბლო ინფანტეს ავუაროთ გვერდი, ეს 31 წლის მარცხენა გარემარბი ბურგოსელთა პელეა. "მირანდესში" მან 200-ზე მეტ მატჩში 100-ზე მეტი გოლი გაიტანა. ინფანტე, რომელიც "კოპას" მიმდინარე გათამაშების ბომბარდირია, ბურგოსის პროვინციას არ გასცილებია, თუმცა ბევრი კარგი შემოთავაზება ჰქონდა. მიზეზი არ გაინტერესებთ? ბურგოსში ის მსხვილი ბანკის რეგიონული ოფისის დირექტორია და ეს საქმე არ ეთმობოდა.

მეორე ტაიმის პირველ წუთზე ანგარიში "ესპანიოლმა" გახსნა - "მირანდესის" მეკარე ნაუსეტ პერესმა სლოვაკი ვლადიმირ ვეისის დარტყმა კი აიღო, მაგრამ რუი ფონტეს დამატება არ გასჭირვებია. ამან მასპინძლები სულაც არ დააბნია და ინფანტემ ბრწყინვალე გოლი გაიტანა (მცირე რიკოშეტის დახმარებით). 1:1 ის ანგარიში იყო, რომელიც "ესპანიოლს" აწყობდა, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე რაც მოხდა, უკვე მოგითხრეთ.

იცით, რა თქვა "მირანდესის" თავკაცმა კარლოს პოუსომ? - ახლა უკვე ვიცი, რას მოვუყვები სიამაყით შვილიშვილებსო.

მალიორკა-ბილბაო 0:1 (0:2)

მალიორკა (4-4-2): კალატაიუდი - სენდროსი (67. გ. კასტრო), ჩიკო, რამისი, ბიგასი - პერეირა, ტისონე, ჟოაო ვიქტორი(78. მარტი), ალფარო - ალვარო (57. ვიქტორი), ჰემედი.
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, ხ. მარტინესი, ამორებიეტა, აურტენეჩე - იტურასპე, ანდერი (61. ი. პერესი) - სუსაეტა, დე მარკოსი, მუნიაინი (39. ტოკერო) - ფ. ლორენტე (84. სან ხოსე).
გოლი: 0:1 რამისი (76 ს.კ.)
გაძევება: ჩიკო (90)

ბარსელონა-რეალი 2:2 (2:1)

ბარსელონა (4-3-3): პინტო - დანი ალვეში, პიკე, პუიოლი, აბიდალი - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა (29. პედრო) - მესი, ფაბრეგასი (69. ტ. ალკანტარა), სანჩესი (77. მასკერანო).
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, კოენტრაო - დიარა (51. გრანერო), ჩაბი ალონსო - იოზილი, კაკა (60. კალეხონი), რონალდო - იგუაინი (60. ბენზემა).
გოლები: 1:0 პედრო (43), 2:0 დანი ალვეში (45), 2:1 რონალდო (67), 2:2 ბენზემა (71)
გაძევება: სერხიო რამოსი (87)

მირანდესი-ესპანიოლი 2:1 (2:3)
მირანდესი (4-2-3-1): ნაუსეტი - გარმენდია, კანედა, კორალი, რ. გარსია - მარტინსი, გარო (56. ლამბარი) - მუხიკა (68. ბორელი), ირიბასი (73. მუნეტა), ინფანტე - აროიო.
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - გალანი, რ. როდრიგესი, მორენო, დიდაკ ვილა - ფორლინი, ბაენა - ვეისი (88. ხ. ლოპესი), ალბინი (63. ტიევი), რომარიკი (73. ვერდიუ) - რუი ფონტე.
გოლები: 0:1 რუი ფონტე (46), 1:1 ინფანტე (57), 2:1 კანედა (92)

დღეს
ლევანტე-ვალენსია 00:30 (1:4)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული