"ბარსელონამ" ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხა "ვალენსია" და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ "ღამურებს" ბევრი უკლიათ ესპანური ფეხბურთის ორ გრანდთან. კიდევ ერთხელ იმიტომ, რომ პრიმერას ცხრილი ამის ნათელი დადასტურებაა.
მესი, დარტყმა... ალვეში, და ასე, უსასრულოდ
საპასუხო მატჩი "ბარსამ" ცოტა ნერვიულად დაიწყო და პირველი საგოლე მომენტი სტუმრებს შეექმნათ - ჟერემი მატიომ სოფიან ფეგული მოძებნა, მაგრამ წმინდა ფრანგული კომბინაცია გოლით ვერ დასრულდა, ამ უკანასკნელმა ოდნავ
მე-16 წუთზე კი ლეო მესიმ მორიგი საოცრება ჩაიდინა, საკუთარი ნახევრიდან დიდებული პასი მისცა სესკ ფაბრეგასს, რომელმაც ერთი შეხებით გადაუგდო ბურთი თავზე დიეგო ალვეშს. კუთხე მახვილი იყო და დარტყმა რთული შესასრულებელი, სესკმა თამაშის შემდეგ აღიარა, რომ კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ითამაშა. მესის მალევე შეეძლო ანგარიშში სხვაობის გაორმაგება, მაგრამ არგენტინელმა ადილ რამის შეცდომა სათანადოდ ვერ გამოიყენა და მეკარემ იყოჩაღა, დამატებულზე კი ისააკ კვენკამ ვერ ივარგა.
რომ არა დიეგო ალვეში, ანგარიში პირველივე ტაიმში შემაშფოთებელი იქნებოდა სტუმართათვის, იმდენად დაბნეულად თამაშობდა ვალენსიელთა დაცვა. ბრაზილიელმა გოლკიპერმა კი არ გაახარა სესკ ფაბრეგასი და გოლი აკმარა.
მეორე ტაიმი "ვალენსიამ" უკეთ დაიწყო. ბოლობოლო, "ლოს ჩეს" ერთი გოლიც ჰყოფნიდა, მატჩის დამატებით დროში და, ვინ იცის, პენალტების სერიაში გადასაყვანად. იქ კი მათ დიეგო ალვეშის რეაქციის ეიმედებოდათ. გოლის გატანის შანსი ხორდი ალბას ჰქონდა, თუმცა პინტომ ფეხით მოიგერია დარტყმული.
შემდეგ ისევ მესიმ გამოიჩინა თავი, ერთი მოძრაობით "ვალენსიას" 4 მცველი ჩამოიცილა (!), მაგრამ დიეგო ალვეშმა ფანტასტიკურ ნახტომში მოიგერია ბურთი. მესის და ალვეშის დუელი კიდევ ერთხელ შედგა და ისევ ბრაზილიელი მეკარის გამარჯვებით დასრულდა.
თუმცა არც "ვალენსია" ყოფილა ხელდაკრეფილი - ერთხელ კარლეს პუიოლმა აკრობატულ ნახტომში იხსნა "ბარსა", მეორედ კი ჟონასის უძლიერესი გასროლა მეკარე პინტომ მოიგერია. ყველაფერი კი 75-ე წუთზე დასრულდა, როცა ფეგულიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, კაცნაკლული "ვალენსია" თამაშის გადამრჩენი ვეღარ იყო.
"ბარსელონამ" ლეო მესის წამოწყებულ კონტრიერიშზე :დაიჭირა" "ვალენსია" - რომელიც ჩავიმ დაასრულა. ამის შემდეგ დიეგო ალვეშმა ერთხელაც აუღო მესის, ამჯერად, საჯარიმო დარტყმა - 2:0.
მასპინძელთაგან მესის, სესკს და ჩავის გამოვარჩევთ, ხოლო სტუმართა რიგებში ხორდი ალბას, ჟერემი მატიოს და, რა თქმა უნდა, დეიგო ალვეშს.
სესკ ფაბრეგასი: "ჩვენ ძალიან ბედნიერები და ამაყები ვართ. ბევი ამბობდა, რომ კოპა მეორეხარისხოვანია, მაგრამ ჩვენ ასე არ ვფიქრობთ - ყველა ფინალში თამაში გვსურს. "ბარსას" მიზანი ყოველთვის პირველობაა. "ბილბაო" დიდი გუნდია, ბასკებს რამდენიმე ძალიან კარგი ფეხბურთელი ჰყავთ - ბრწყინვალე ფინალი გველის. თუმცა ახლა ლა ლიგაზე და ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გადავერთოთ".
იცით, თუ არა რომ...
* "ვალენსიას" დამარცხების შემდეგ "ბარსელონამ" გვარდიოლას ხელმძღვანელობით მოიგო 26-დან 24 საპლეიოფო დაპირისპირება. ორად ორი გუნდი, რომელმაც შეძლო "ბარსას" გაგდება იყო "სევილია" (ესპანეთის თასზე) და "ინტერი" (ჩემპიონთა ლიგაზე).
* უნაი ემერიმ "კამპ ნოუზე" ყველა თამაში წააგო, მისმა გუნდმა მხოლოდ 1 გოლი გაიტანა და 13 გაუშვა.
* როდესაც "ბარსელონა" უგებდა "ვალენსიას" თასის ნახევარფინალში, ის ყოველთვის იგებდა ფინალსაც.
* ჯერ სეზონი შუაშია და "ბარსამ" მე-4 ფინალი დაიბევა, ესპანეთის და ევროპის სუპერთასებისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ.
* ხოსეპ გვარდიოლამ 4 ცდიდან 3-ჯერ გაიყვანა გუნდი თასის ფინალში.
* ესპანეთის თასის ფინალში "ბარსელონაც" და "ბილბაოც" 36-ედ ითამაშებენ. "ბარსამ" 36-დან 25 ფინალი მოიგო, "ბილბაომ" - 36-დან 23.
* ჩავიმ ამ სეზონში მე-10 გოლი გაიტანა და ეს მისი პირადი რეკორდის გამეორებაა.
ფინალი ცნობილია, მაგრამ სად?
სად და როდის გაიმართება ფინალი, ჯერ კამათის თემაა. სად გაიმართება "ბილბაო"-"ბარსელონა"? ყველაზე ლოგიკური "სანტიაგო ბერნაბეუ" ჩანს, არენა ყველაზე დიდია ესპანეთში ნეიტრალურ ასპარეზთა შორის. ბილბაოელები მზად იყვნენ ეთამაშათ "სანტიაგო
ბერნაბეუზე", არც "ბარსელონას" გამოუდია თავი უარით. მაგრამ პირველი სწორედ ეს სტადიონი გამოირიცხა.
რატომ? უსაფრთხოების ზომების გამო. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია აცხადებს, რომ თამაში მადრიდში არ იქნება. ასე რომ, "სანტიაგო ბერნაბეუსთან" ერთად "ატლეტიკოს" კოხტა სტადიონი, "ვისენტე კალდერონიც" გამოირიცხა. მაშ, სად უნდა ჩატარდეს ფინალი?
ქვეყანაში კიდევ ერთი სტადიონია, რომელიც ორივე პირობას აკმაყოფილებს - სევილიას ოლიმპიური სტადიონი ნეიტრალურიცაა და ბევრ გულშემატკივარსაც (57 ათასი) იტევს. მაგრამ ის ბასკებისთვის და კატალონიელებისთვის მეტისმეტად შორია და ფანები ამხელა მანძილის გავლას იუკადრისებენ.
რჩება "მესტალია", სადაც 2009 წელსაც გაიმართა ამ ორ კლუბს შორის ფინალური მატჩი. ასევე შარშან "რეალსა" და "ბარსელონას" შორის დაპირისპირებაც მანდ გაიმართა. ხოსეპ მარია ბარტომეომ კი ერთი შეხედვით აბსურდული წინადადება წამოაყენა - გაიმართოს ფინალი "კამპ ნოუზე"! კი, მაგრამ გამოდის, რომ "ბარსა" ფინალს შინ ითამაშებს. სამაგიეროდ, კატალონიური კლუბი ორივე გუნდის ფანებს თანაბრად, 40-40 ათას ადგილს შესთავაზებს. გაგიკვირდებათ და, ბილბაოს "ატლეტიკი" თანახმაა ითამაშოს მეტოქის მოედანზე!
ესპანელმა ჟურნალისტებმა მთლად საოცარი ვერსია გამოთქვეს - თასის ფინალი იქნებ საზღვარგარეთ გაიმართოსო...
...და როდის?
ეს საკითხიც გაურკვეველია. თასის ფინალი შეიძლება გაიმართოს 20 ან 25 მაისს. ყველაფერ იმაზეა დამოკიდებული ითამაშებს თუ არა "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომლის თარიღიც დიდი ხანია განსაზღვრულია - 19 მაისს მიუნხენში.
ბარსელონა-ვალენსია 2:0 (1:1)
ბარსელონა (4-3-3): პინტო - პუიოლი, პიკე, მასკერანო, აბიდალი - ტ. ალკანტარა, ჩავი, ფაბრეგასი (91. ინიესტა) - კვენკა (88. ტელიო), მესი, სანჩესი (85. დანი ალვეში).
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - მიგელი, რამი, რუისი, ალბა - ალბელდა (84. პარეხო), ბანეგა (68. ტ. კოსტა) - ფეგული, ჟონასი (78. პიატი), მატიო - ადურისი.
გოლები: 1:0 ფაბრეგასი (16), 2:0 ჩავი (81)
გაძევება: ფეგული (75)
ფინალი
(დრო და თარიღი უცნობია)
ბილბაო-ბარსელონა
ბომბარდირები: 7 - პაბლო ინფანტე (მირანდესი); 5 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო); 4 - ალვარო ვასკესი (ესპანიოლი), კრისტიან სტუანი (რასინგი), ლასად ნუიუი (დეპორტივო), ნაუსეტ ალემანი (ვალიადოლიდი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"