ლა ლიგა. სეზონის სტატისტიკა: რატომ იგებს მადრიდის "რეალი" ჩემპიონატს?

AutoSharing Option
რაც ლა ლიგა ჩამოყალიბდა (სპონსორის გამო ჩემპიონატის ოფიციალური სახელია Liga BBVA) ეს რიგით 81-ე ტურნირია. ჩემპიონატმა უკვე გადაკვეთა ეკვატორი და მის დასრულებამდე 16 ტური დარჩა.

ეს ჯერ კიდევ ბევრია იმისთვის, რომ საბოლოო დასკვნები დაიწეროს, მაგრამ უკვე საკმარისი დროა გასული, რომ სტატისტიკას მივმართოთ, რომელიც სეზონის ძირითად მიმართულებებს უკვე კარგად გამოაჩენს ციფრების სახით.

ის, რომ ლა ლიგა კვლავ ორი ბედაურის დოღი იქნებოდა, ეჭვი არავის ეპარებოდა, თუმცა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ერთ-ერთი ასე ჩამორჩებოდა მეორეს, მით უფრო, რომ ჩამორჩენილი ჩემპიონი იქნებოდა. დოღის ენაზე რომ
ვთქვათ, "რეალი" "ბარსელონას" სამი კორპუსით და მესამედით უსწრებს, საფეხბურთო ენით ეს, არც მეტი არც ნაკლები, 10 ქულაა.

როგორ იწყებდა ქარავანი
"ბარსა" ბოლო სამი ჩემპიონატის გამარჯვებულია, კატალონიურმა გუნდმა სულ 21-ჯერ მოიგო ტიტული. 13 მაისისთვის (როცა ჩემპიონატი მთავრდება) ხოსეპ გვარდიოლამ კლუბის მუზეუმს ზედიზედ მე-4, სულ კი 22-ე ჯილდოც თუ შეჰმატა, ნამდვილი სასწაული იქნება. თუმცა როცა ლაპარაკი "ბარსელონაზეა", ყველაფერს შეიძლება ელოდო.

სეზონი სეგუნდაში გავარდნილი "დეპორტივოს", "ერკულესის" და "ალმერიას" გარეშე დაიწყო. სხვათა შორის, სამივე მათგანი უკან დაბრუნებისთვის წარმატებულად იბრძვის. "დეპორტივო" სულაც პირველია ქულათა კარგი მარაგით (5 ქულით უსწრებს მეორეადგილოსან "სელტას"). გალისიური კლუბი მართლაც აკლია ჩემპიონატს. ეს სამეული სეზონის წინ "ბეტისმა", "რაიო ვალეკანომ" და "გრანადამ" შეცვალა. ამათში მადრიდული კლუბი უფრო ყოჩაღობს (მე-10 ადგილზეა), თუმცა ლიგაში დარჩენის საკითხი ჯერ არც "რაიოს" აქვს მოგვარებული.

ასე და ამგვარად შეიკრიბა 4-4 მადრიდული და ანდალუსიური, 3-3 ბასკური და ვალენსიური, 2 კატალონიური და თითო ბალეარული, კანტაბრიული, ასტურიული და არაგონული კლუბი.

გზადაგზა შეცვლილნი
სეზონის დაწყებამდე 7-მა გუნდმა შეცვალა მწვრთნელი (ატლეტიკო, რეალ სოსიედადი, სევილია, ხეტაფე, რასინგი, ლევანტე, ბილბაო). შვიდეულიდან სამი ისეთია (რასინგი, სევილია, ატლეტიკო), რომელთაც ცვლილების განხორცილება სეზონის დროსაც მოუწიათ - ვერ გაამართლეს ექტორ კუპერმა (რასინგი), გრეგორიო მანსანომ (ატლეტიკო) და მარსელინომ (სევილია) და სამსახურები დაკარგეს.

მათ გარდა სეზონის განმავლობაში მსგავსი ბედი კიდევ ხუთმა მწვრთნელმა გაიზიარა: მიქაელ ლაუდრუპი (მალიორკა), ხუან კარლოს გარიდო (ვილიარეალი), ხავიერ აგირე (სარაგოსა), მანოლო პრესიადო (სპორტინგი) და ფაბრი გონსალესი (გრანადა). ორი სპეციალისტი კი მხოლოდ დროებითი იყო: მიგელ ანხელ ნადალი (მალიორკა) და ინიაკი ტეხადა (სპორტინგი).

მოკლედ სულ 6 გუნდი დარჩა, რომელთაც ისევ ის სპეციალისტი წვრთნის, ვისთან ერთადაც გუნდმა ლა ლიგის გასული სეზონი ჩაამთავრა (რეალი, ბარსელონა, ვალენსია, ესპანიოლი, მალაგა, ოსასუნა).

ყოჩი და მდევრები
ლა ლიგა დიდი ქარავანია, რომელიც მარათონულ დისტანციას გადის. აგერ უკვე 13 ტურია საფეხბურთო პელეტონს სათავეში "რეალი" მოექცა და ნელ-ნელა ზრდის ლიდერობას. თუ ამას პირველ ორ ტურს დავამატებთ, გამოდის, რომ "სამეფო კლუბი" 22-დან 15 ტური ჩემპიონატის ლიდერი იყო. სულ ორი ტური იყო ლიდერი "ბარსელონა", ორ-ორიც - "ლევანტე" და "ბეტისი" (!), ერთხელ კი პირველ ადგილზე "ვალენსია" მოექცა. მაგრამ ეს ყველაფერი პირველი 10 ტურის განმავლობაში იყო, შემდეგ კი ლიდერობას "რეალი" აღარ თმობს და, სულ რომ წააგოს, კიდევ სამი ტური გარანტირებული აქვს პირველობა.

გასავარდნ ზონაში ყველაზე მეტი ტური (17) იყო "სპორტინგი" (ახლაც იქაა). "მალიორკა" კი დანის პირზე გადის, ახლა სულ 2 ქულა აშორებს გასავარდნ ზონას, თითქმის სულ ცხრილის მეორე ნახევარშია, მაგრამ გასავარდნ ზონაში ერთხელაც არ მოხვედრილა. და კიდევ ერთი, ბოლო 4 ტურია, ლიდერთა ხუთეულის განლაგება არ იცვლება (რეალი, ბარსელონა, ვალენსია, ლევანტე, ესპანიოლი).

ფეარ პლეი ბარსას?
1999 წლიდან მოყოლებული ლა ლიგაში "ფეარ პლეის" პრიზი გაიცემა. რეიტინგში მნიშვნელობა სხვადასხვა ასპექტს ენიჭება. როგორიცაა ბარათები, დისკვალიფიკაციები, მაყურებლის ქცევა და სხვა.

ამ საკითხს არ ჩავუღრმავდებით, უბრალოდ გაჩვენებთ, რომელი გუნდები ლიდერობენ "ფეარ პლეის" პრიზისთვის და რომლები არიან აუტსაიდერები. პირველი სამეული: "ბარსელონა" და "მალაგა" - 49-49 ქულა (რაც ნაკლები ქულაა, მით უკეთესი), "რეალი" - 60. ბოლო სამეული: "ხეტაფე" - 105, "ესპანიოლი" - 102, "სევილია" - 95.

იცით თუ არა, რომ...
სეზონის პირველი გოლი გაიტანა იმანოლ აგირეჩემ "რეალ სოსიედადიდან" "სპორტინგის" კარში (27 აგვისტოს).
სეზონის პირველი პენალტი მიგელ დე ლას კუევასმა (სპორტინგი) გაიტანა, იმავე თამაშში.
ყველაზე სწრაფი გოლი გავიდა "რაიო ვალეკანო"-"რეალის" შეხვედრაში - 24 სექტემბერს მიჩუმ "რეალის" კარი მე-14 წამზე დალაშქრა.
ყველაზე გვიანი გოლი ჯავად ნეკუნამმა (ოსასუნა) გაიტანა "ბეტისის" კარში (4 დეკემბერი) - ეს მოხდა 94-ე წუთის მე-14 წამზე.
ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო "ბარსელონამ" - 17 სექტემბერს "ოსასუნა" (რომელთანაც მე-2 წრის მატჩი წააგო !) 8:0 მოსრა. 8 გოლი ერთი გუნდის მიერ მატჩში გატანილი სეზონის რეკორდიცაა.
შესაძლოა, 3 გოლი გაიტანო, მაგრამ მაინც წააგო. ყოველ შემთხვევაში ასე დაემართათ "რასინგს" ("ვალენსიასთან" - 3:4) და "სარაგოსას" ("ბეტისთან" - 3:4).
სეზონის პირველი ავტოგოლი გაიტანა "ვალენსიას" ბომბარდირმა (!) რობერტო სოლდადომ - 27 აგვისტოს "რასინგთან".
სეზონის ყველაზე სწრაფი ჰეთ თრიკი კრიშტიანო რონალდომ შეასრულა - 12 თებერვალს "ლევანტეს" კარში სამი გოლი 12 წუთსა და 12 წამში გაიტანა.
სეზონის პირველი ყვითელი ბარათი მიიღო ალბერტო ლორამ (სპორტინგი) "რეალ სოსიედადთან მატჩში - 27 აგვისტოს.
სეზონის პირველი წითელი ბარათი მიიღო კარლოს მარტინესმა (რეალ სოსიედადი) ამავე მატჩში.
ყველაზე მეტი დრო მსაჯმა I ტაიმს "სპორტინგი"-"ხეტაფეს" მატჩში დაამატა - 5 წუთი.
ყველაზე მეტი დრო მსაჯმა II ტაიმს "ბარსელონა"-"სევილიას" მატჩში დაამატა - 7 წუთი და 55 წამი.
ყველაზე დიდ გამარჯვებას სტუმრად "რეალმა" მიაღწია, 28 აგვისტოს "სარაგოსას" 6:0 მოუგო.
ყველაზე გრძელი მოგებათა სერია "რეალს" ჰქონდა - ზედიზედ 10 ტური.
ყველაზე გრძელი დაუმარცხებელი სერია "ბარსელონას" ჰქონდა - 12 მატჩი.
ყველაზე გრძელი მოუგებელი სერია "სარაგოსას" ჰქონდა - 14 მატჩი.
ყველაზე გრძელი წაგებათა სერია "სარაგოსას" და "ბეტისს" ჰქონდათ - 6-6.

გოლები, გოლები და...
ჩემპიონატში სულ 220 მატჩი გაიმართა, გავიდა 582 გოლი, რაც საშუალოდ 2,65 გოლია თამაშზე. აქედან 18 ავტოგოლია. გოლების 61% ფორვარდებზე მოდის, ნახევარმცველების ანგარიშზე გოლების 29%-ია, მცველების - 13%. სულ 44 პენალტი გავიდა. სეზონში 28 თამაში დასრულდა უგოლო ფრეთ. 41 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი ვიხილეთ.

"რეალს" ყველაზე კარგად გამოსდის მეტოქეთა კარის დალაშქვრა - ეს "სამეფო კლუბმა" უკვე 75-ჯერ შეძლო. ამ 75 გოლიდან 10 პენალტია, ხოლო 7 თავური დარტყმით გატანილი. "ბარსელონამ" 63 გოლი გაიტანა (აქედან 2 ავტოგოლია მეტოქე ფეხბურთელების), მხოლოდ 2-ია პენალტი. კატალონიელებმა სულ 8 გოლი გაიტანეს თავით.

კრიშტიანო რონალდომ, რომლის ანგარიშზე 27 გოლია, მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე ლა ლიგის 12-მა გუნდმა (მე-13-ეს, "რაიო ვალეკანოს" ზუსტად 27 გოლი აქვს), მათ შორის მეხუთეადგილოსანმა "ესპანიოლმა"; ლეო მესიმ (23 გოლი) კი ლა ლიგის 7 გუნდს აჯობა!

თავით ყველაზე კარგად თამაშობს ბილბაოს "ატლეტიკი" - 14 გოლი, 8-8 გოლი გაიტანეს თავით "ბარსელონამ" და "ატლეტიკომ".

თავით ყველაზე ცუდად თამაშობენ "ვილიარეალი" და "სპორტინგი" - 2-2 გოლი.

საჯარიმო დარტყმიდან ამ სეზონში სულ 12 გოლი გავიდა! 3 გოლი "მალაგას" ანგარიშზეა, 2 - "ბეტისის".

საჯარიმოდან სეზონში გოლი 11 გუნდს არ გაუტანია, რაც ყველაზე საოცარია, მათ შორის არის "რეალი"!

სეზონში "ბილბაოს" 14-მა ფეხბურთელმა გამოიჩინა თავი. "რეალის", "ბარსელონას" და "ოსასუნას" 13-13 ფეხბურთელმა. ყველაზე ცოტა მეგოლე (7) "მალიორკას" ჰყავს.
კრიშტიანო რონალდოს 27 გოლიდან 10 პენალტია, მაშინ, როცა მესიმ 23-დან მხოლოდ 2 პენალტი გაიტანა. ანუ თამაშიდან გოლების ოდენობით მესი უსწრებს რონალდოს - 21:17.

რონალდოს შემდეგ ყველაზე მეტი პენალტი (5-5) რადამელ ფალკაომ (ატლეტიკო) და ტომერ ჰემედმა (მალიორკა) გაიტანეს.

თავით ყველაზე კარგად თამაშობს ფერნანდო ლორენტე (რაც ისედაც ცხადი იყო), "ბილბაოს" ფორვარდმა 6 გოლი გაიტანა თავით. სხვათა შორის, ბრწყინვალედ თამაშობს თავით სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა) და კიდევ ერთი ბასკი, იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი) - 4-4 გოლი.
მეპასეებში, ლიდერებში მხოლოდ "რეალისა" და "ბარსელონას" ფეხბურთელები არიან. სხვა გუნდებიდან ამით კარლოს ველა (რეალ სოსიედადი) და რაულ გარსია (ოსასუნა) გამოირჩევიან - 6-6 საგოლე პასი.

გოლი+პასი სისტემით მაინც კრიშტიანო რონალდო ლიდერობს 34 ქულით, მესი მას 2 ქულით ჩამორჩება.

ნახევარმცველებში ბომბარდირი "რაიო ვალეკანოს" წევრი მიჩუა - 11 გოლი.

მცველებში 3-3 გოლი გაიტანეს მარსელომ (რეალი), ხავი მარტინესმა (ბილბაო) და ინიგო მარტინესმა (რეალ სოსიედადი). აქვ აღვნიშნავთ, რომ ინიგო მარტინესმა ორი გოლი მოედნის ცენტრიდან (!) გაიტანა.

ბომბარდირები: 27 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 23 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 14 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო), გონსალო იგუაინი (რეალი); 12 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 11 - მიჩუ (რაიო ვალეკანო), ფერნანდო ლორენტე (ბილბაო), ქარიმ ბენზემა (რეალი); 9 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა); 8 - არუნა კონე (ლევანტე), ალექსის სანჩესი (ბარსელონა).

ასისტენტები: 13 - ანხელ დი მარია (რეალი), 11 - მესუთ იოზილი (რეალი); 9 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 8 - დანი ალვეში (ბარსელონა); 7 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 6 - კარლოს ველა (რეალ სოსიედადი), სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა), ჩავი (ბარსელონა), რაულ გარსია (ოსასუნა); 5 - არდა თურანი (ატლეტიკო), ქარიმ ბენზემა (რეალი), მარკელ სუსაეტა (ბილბაო).
ზამორას ტროფეი: 0,73 (გოლი მატჩში) - ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა); 0,95 - იკერ კასილიასი (რეალი); 1,10 - ტიბო კურტუა (ატლეტიკო); 1,14 - ხავი ვარასი (სევილია); 1,19 - ტონიო (რასინგი); 1,24 - კრისტიან ალვარესი (ესპანიოლი); 1,28 - რობერტო (გრანადა).

ტერმინატორები
ამ სეზონში ესპანელ მსაჯებს ყველაზე მეტად "ბეტისის" მცველი მარიო ჰყავთ "ამოთვალწუნებული" - 30 წლის ცენტრალურმა მცველმა სულ 3 წითელი და 6 ყვითელი ბარათი მიიღო. არც "ბილბაოს" ლიდერი ხავი მარტინესია ნაკლები "ტერმინატორი" - 2 გაძევება და 8 ყვითელი ბარათი მსოფლიოს ჩემპიონის ანგარიშზეა. 10 ყვითელი და 1 წითელი ბარათია "ესპანიოლის" არგენტინელი მცველის, ხუან ფორლინის ანგარიშზე.

სეზონში კლუბი აღარ დარჩა, რომლის ფეხბურთელიც არ გაუძევებიათ, თუმცა "ბარსელონა" და "რაიო ვალეკანო" მაინც იწონებენ თავს, ამ გუნდებს მხოლოდ თითო ფეხბურთელი გაუძევეს. ყველაზე ცოტა ყვითელი ბარათი მიიღო "მალაგამ" (37), შემდეგ მოდის "ბარსელონა" (39).

კამპ ნოუდან სიუტატ დე ვალენსიამდე
ფეხბურთი გულშემატკივრისთვისაა. ვნახოთ, სად დადის ყველაზე მეტი მაყურებელი. ამ სეზონში ყველაზე მეტი მაყურებელი მივიდა "კამპ ნოუზე" "ბარსელონა"-"რეალ სოსიედადის" მატჩის (4 თებერვალს) სანახავად - 92 ათასი!

ყველაზე ნაკლები მაყურებელი მივიდა "ლევანტე"-"რასინგის" თამაშზე "სიუტატ დე ვალენსიაზე" - 7,6 ათასი. საშუალოდ ყველაზე მეტი მაყურებელი (შინ) დადის "ბარსელონას" თამაშებზე - 77,2 ათასი. მეორე ადგილზეა "რეალი" - 73,8 ათასი. შემდეგ მოდიან: "ატლეტიკო" - 38, 7 ათასი; "ვალენსია" - 38,1 ათასი და "სევილია" - 36,8 ათასი.

საშუალოდ ყველაზე ცოტა მაყურებელი დადის "ხეტაფეს" თამაშებზე - 10,1 ათასი ადამიანი. საშუალოდ სულ რაღაც 68 მაყურებლით მეტი დადის მეორე მადრიდული კლუბის, "რაიო ვალეკანოს" თამაშებზე. თუმცა ნათქვამია, მთავარი ხარისხია და არა რაოდენობაო - "ელვებს" ესპანეთში სახელგანთქმული ერთგული ფანები ჰყავთ.

ვინ მეტი, ვინ ახალგაზრდა
ამ სეზონში ლა ლიგაში სულ 511-მა ფეხბურთელმა ითამაშა, აქედან 192 ლეგიონერია. სეზონში ყველაზე მეტი ფეხბურთელი (30-30) გამოიყენეს "ბეტისმა" და "რაიო ვალეკანომ", ყველაზე ნაკლები - "ბილბაომ" - 21. სწორედ "ბილბაოს" ჰყავს ყველაზე ნაკლები ლეგიონერი - 1, ყველაზე მეტი ლეგიონერი კი "რეალში" თამაშობს - 15. "ბილბაო" პრიმერას ყველაზე ახალგაზრდული გუნდია - 24,0 წელი საშუალო ასაკი. ყველაზე ხანდაზმული გუნდი კი "ლევანტეა" - 28,2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული