ესპანეთი. ლა ლიგა. XXV ტურის წინ: კაცი, რომელიც ტურს დააკლდება

AutoSharing Option
"ბარსელონა" გავარდნის პირას მყოფ "სპორტინგს" ლიონელ მესის გარეშე მასპინძლობს, არგენტინელი ჯადოქარი დისკვალიფიცირებულია.

ხოსეპ გვარდიოლას სხვა ბევრი პრობლემაც აქვს, თუმცა, არა გვგონია, ხავიერ კლემენტემ ზუსტად 30 წლის წინანდელი გმირობა გაიმეოროს, როცა ბილბაოს "ატლეტიკით" კატალონიაში ჩავიდა და "კამპ ნოუზე" გაიმარჯვა.

"რეალს" ეყოლება მთავარი მეგოლე კრიშტიანო რონალდო, თუმცა მეტოქეც გაცილებით სერიოზულია, ვიდრე ხიხონური კლუბი - "სანტიაგო ბერნაბეუს" "ესპანიოლი" სტუმრობს, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენია ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლის შანსი.

25-ე ტურის "მენიუში" კიდევ რამდენიმე საინტერესო "ნუგბარია" - ამაღამ "სანჩეს პისხუანზე" "სევილია" და "ატლეტიკო" შეიბმებიან.
41 წლის არგენტინელი დიეგო სიმეონე ახალი დანიშნულია მადრიდულ კლუბში, მაგრამ უკვე ბევრი საინტერესო რამ გადახდა თავს - ერთ ყოფილ გუნდს ("ლაციო") უკვე ებრძოლა და ახლა მეორეს ხვდება - 1992-1994 წლებში სიმეონე "სევილიას" ღირსებას იცავდა და ის კარგად ახსოვთ "პისხუანზე".

4 მარტს სულაც ბასკური დერბი გველის "სან მამესზე", არც ამ დაპირისპირების გამოტოვება შეიძლება. ბოლო დროს დამუხრუჭებული "ვალენსია" კი ანდალუსიაში ჩადის, რათა ზედიზედ ორი წაგების შემდეგ ხასიათი "გრანადასთან" მატჩში გამოიკეთოს.

ფიფას ვირუსი I: აბიდალი და ალკანტარა
სანაკრებო პაუზის შემდეგ გრანდების მწვრთნელები წიწილებივით ითვლიან კლუბში დაბრუნებულ ფეხბურთელებს, რადგან ტრავმის მიღების ალბათობა საერთაშორისო მატჩებში დიდია. "ბარსელონას" ფეხბურთელთა უმრავლესობაც შუა კვირაში სხვადასხვა ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებში იყო გამოძახებული.

ხოსეპ გვარდიოლას არ გაუმართლდა - სანაკრებო ბატალიებიდან ორი ფეხბურთელი დაუბრუნდა ტრავმირებული: ერიკ აბიდალი და ტიაგო ალკანტარა. ფრანგმა მცველმა გერმანიის ნაკრებთან თამაში ბარძაყის სახსრის ტკივილით ჩაამთავრა. აბიდალის თამაში არა მარტო "სპორტინგთან", არამედ კიდევ 10 დღის განმავლობაში გამოირიცხა.

ტიაგო ალკანტარამ მარჯვენა ფეხის წვივი ესპანეთის ნაკრების ვარჯიშზე იტკინა. ამიტომაც მან ვენესუელასთან ნაკრებთან მატჩში ვერ ითამაშა. ტიაგოს თამაში გამორიცხული არაა, მაგრამ ძალზე საეჭვოა.

მესის დისკვალიფიკაციაზე უკვე მოგახსენეთ, არგენტინელს სეზონში 5 ყვითელი ბარათი დაუგროვდა. დისკვალიფიცირებულია სერხიო ბუსკეტსიც. პეპმა მესის ორშაბათამდე დასვენების საშუალება მისცა.

სანაკრებო პაუზის შემდეგ "ბარსამ" პირველი ვარჯიში 1 მარტს გამართა. ვარჯიშს დროულად მხოლოდ ალექსის სანჩესმა ვერ ჩამოუსწრო.

პეპმა ძირითად გუნდს ტელიო (უკვე ტრადიციულად) და მუნიესა დაამატა. ახლა გვარდიოლას მთავარი საფიქრალი მესის, აბიდალის და ბუსკეტსის სათანადოდ შეცვლაა. მესის პოზიციაზე ფაბრეგასი ან კვენკა ითამაშებს. ბუსკეტსის ნატურალური შემცვლელი კეიტაა, აბიდალს კი ალბათ ადრიანო ჩაანაცვლებს.

რა შანსი აქვს "სპორტინგს" "კამპ ნოუზე"? ხავიერ კლემენტეს გუნდი 21 ქულა აქვს და ბოლოსწინაა. ისტორიულად "სპორტინგი" თითქოს დაწყევლილია "კამპ ნოუზე" - ხიხონელებმა აქ 40-ჯერ ითამაშეს და მხოლოდ ერთხელ მოიგეს. ბოლო ცხრა თამაშია ასტურიული კლუბი მხოლოდ აგებს ბარსელონაში. ისე, ის ერთი მოგება მართლაც საოცარი იყო, 1986/87 წლების სეზონში "სპორტინგმა" "ბარსელონას" მისსავე მოედანზე 4:0 მოუგო! მაგრამ ამ შერხვენისთვის ხიხონელები სათანადოდ ისჯებიან, მას მერე 15 თამაშში 14 წააგეს და 1 ფრედ დაასრულეს.

ისე, ბოლო სეზონში "ბარსას" გაუჭირდა მეტოქის დამარცხება, დავიდ ვილიამ მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ ვილიამ კარიერის ადრეული ნაწილი სწორედ "სპორტინგში" გაატარა. "ელ გუახე", მოგეხსენებათ, ტრავმირებულია, თუმცა ის დოქტორმა რამონ კუგატმა გამოიკვლია და 2 კვირის შემდეგ სირბილის დაწყების უფლება მისცა.

გვარდიოლა ახალ რეკორდებს ამყარებს: თუ მისი გუნდი გაიმარჯვებს, პეპი რინუს მიხელსის შედეგს გაიმეორებს (104 მოგება ლა ლიგაში), საკმარისია, "ბარსამ" ერთი გოლი მაინც გაიტანოს და ფრანკ რაიკაარდის რეკორდიც (369 გოლი) მიღწეული იქნება.

ფიფას ვირუსი II: კოენტრაო და ხედირა
კვირას ტურის მატჩში "რეალი" ბარსელონიდან ელის სტუმრებს, თუმცა ეს სტუმარი გუნდი "ესპანიოლია". "სამეფო კლუბი" საუცხოო ფორმაშია - იანვარსა და თებერვალში ლა ლიგის ყველა (!) თამაში მოიგო. ხოლო კრიშტიანო რონალდოს საშუალოდ 1,09 გოლი გააქვს შეხვედრაში. ეს მაჩვენებელი ბევრად სჯობს მესის (0,73) და ფალკაოს (0,71) შედეგებს.

ჟოზე მოურინიომ "ესპანიოლთან" მატჩისთვის მზადებაში პირველი გუნდის 18 ფეხბურთელის გარდა მორატა და ხესუსი დაიმატა. "ფიფას ვირუსი" "რეალსაც" შეეხო: ტრავმა მიიღო პორტუგალიელმა ფაბიო კოენტრაომ და ის "ესპანიოლთან" ვერ ითამაშებს, კოჭლობს სამი ხედირაც, რომელიც გერმანიის ნაკრებში იყო გამოძახებული.

პეპე დისკვალიფიცირებულია. ლასანა დიარამ თითქმის მოირჩინა ტრავმა, ისევე როგორც თურქმა ალთინტოპმა. შესაძლოა, ისინი "ესპანიოლთან" მატჩში ვიხილოთ კიდევაც. ანხელ დი მარია და ქარიმ ბენზემა კვლავ ლაზარეთში არიან.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXV ტური
3 მარტი
ხეტაფე-მალაგა 21:00
დისკვალიფიკაცია: კასკერო (ხეტ)
ტრავმა: უსტარი, მასილელა (?), ლოპო - ბაპტიშტა, ს. სანჩესი, ველიგტონი (?)

მალიორკა-ოსასუნა 21:00
დისკვალიფიკაცია: პუნიალი (ოსასუნა)
ტრავმა: პინა, სენდროსი - იბრაჰიმა, ლეკიჩი, მასუდი, რიკარდო (?)

ვალეკანო-რასინგი 21:00
ტრავმა: ხიმენესი (?), ლაბაკა - სტუანი (?), აკოსტა (?)
ბარსელონა-სპორტინგი 23:00
დისკვალიფიკაცია: ბუსკეტსი, მესი - ანდრე კაშტრო
ტრავმა: ვილია, ფონტასი, აფელაი, აბიდალი, ტ. ალკანტარა (?) - ბოტია (?), გრეგორი (?), ლორა (?), კოლუნგა

სევილია-ატლეტიკო 01:00
დისკვალიფიკაცია: ფალკაო, გოდინი (ატლეტიკო)
ტრავმა: ნეგრედო, პეროტი (?) - ა. ლოპესი (?), დიეგო

4 მარტი
სარაგოსა-ვილიარეალი 15:00
ტრავმა: კატალა, რუბენი, როსი (ვილ)

ბილბაო-სოსიედადი 19:00
დისკვალიფიკაცია: იტურასპე - ილარამენდი
ტრავმა: კასტილიო, გურპეგი, ოსიო - ელუსტონდო (?)

გრანადა-ვალენსია 21:00
დისკვალიფიკაცია: მარტინში, რობერტო (გრან)
ტრავმა: ლოპესი (?), იებდა - კანალესი, მიგელი, ბანეგა

რეალი-ესპანიოლი 00:30
დისკვალიფიკაცია: პეპე (რეალი)
ტრავმა: დიარა (?), დი მარია, ფ. კოენტრაო, ბენზემა, ალთინტოპი (?), ხედირა (?) - მატიონი, სანჩესი, პანდიანი, მარკესი, ალვარესი, ალბინი

5 მარტი
ლევანტე-ბეტისი 00:00
დისკვალიფიკაცია: ფარინოსი (ლევ)
ტრავმა: ხუანლუ (ლევ)

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 24 21 1 2 80-21 64
2. ბარსელონა 24 16 6 2 70-18 54
3. ვალენსია 24 11 7 6 37-29 40
4. ლევანტე 24 10 5 9 34-35 35
5. ბილბაო 24 8 10 6 39-32 34
6. მალაგა 24 10 4 10 33-36 34
7. ოსასუნა 24 8 10 6 28-38 34
8. ესპანიოლი 24 9 6 9 27-29 33
9. ატლეტიკო 24 8 8 8 33-30 32
10. სევილია 24 8 8 8 26-27 32
11. ვალეკანო 24 9 4 11 32-36 31
12. ბეტისი 24 9 3 12 28-32 30
13. სოსიედადი 24 8 6 10 27-34 30
14. ხეტაფე 24 7 8 9 24-31 29
15. მალიორკა 24 7 7 10 23-29 28
16. გრანადა 24 8 4 12 22-34 28
17. ვილიარეალი 24 6 9 9 25-36 27
18. რასინგი 24 4 12 8 19-31 24
19. სპორტინგი 24 5 6 13 22-45 21
20. სარაგოსა 24 3 6 15 19-45 15

ბომბარდირები
29 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 28 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 15 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 14 - გონსალო იგუაინი (რეალი); 13 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 12 - რობერტო სოლდადო (ვალენსია), ფერნანდო ლორენტე (ბილბაო); 11 - მიჩუ (რაიო ვალეკანო); 9 - რუბენ კასტრო (ბეტისი), სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა); 8 - დავიდ ბარალი (სპორტინგი), არუნა კონე (ლევანტე), ალექსის სანჩესი (ბარსელონა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული