უკვე კარგა ხანია, რაც მას ევროპის გრანდები "დასდევენ", მათ შორის კი ინგლისური კლუბები. და, რა გასაკვირია, რომ როცა ხავი მარტინესი "ბილბაოსთან" ერთად მანჩესტერში ჩავიდა ევროპალიგაზე სათამაშოდ, ფეხბურთელი ინგლისელი ჟურნალისტების "საკბილო" გახდა.
- თქვენ კლუბს ინგლისში 8 ათასი გულშემატკივარი ჩამოჰყვა, არ გიკვირთ?
- სულაც არა! 20 ათასი ადგილი რომ გამოეყოთ, 20 ათასი ფანი ჩამოგვყვებოდა. "ოლდ ტრეფორდის" სტადიონზე საყვარელი გუნდის თამაშის ყურება ბევრის სურვილია.
-
- რა თქმა უნდა, ისევე როგორც "სანტიაგო ბერნაბეუზე", "კამპ ნოუზე", "მარაკანაზე", ჩვენს "სან მამესზე"...
- ინგლისური კლუბები ხშირად წარმატებას ევროპულ ასპარეზზე უკეთესი ფიზიკური მომზადების წყალობით აღწევენ. "ბილბაო" ყველაზე მეტად ჰგავს ამ მხრივ ინგლისურ კლუბებს, რისი დასტურიც თქვენი თამაშიცაა...
- ნაწილობრივ გეთანხმებით, თუმცა წლევანდელ სეზონში "ბილბაო" უფრო ესპანური სტილის ფეხბურთს თამაშობს.
- რას ფიქრობთ, თქვენი თამაშის სტილით - ფიზიკური ძალა, დაუღალავი ენერგია, ბრწყინვალე თამაში "მეორე სართულზე" - უფრო დიდ წარმატებით პრემიერლიგაში მიაღწევთ?
- გეთანხმებით, ჩემი თამაშის სტილით ინგლისში "არ დავიკარგები", თუმცა ვფიქრობ, ესპანეთშიც თავისუფლად ვერგები ჩემპიონატს. მოკლედ, შეიძლება ინგლისში უკეთ გამოვჩნდე, მაგრამ ბედს არც ესპანეთში ვემდური.
- თქვენი გამოსასყიდი თანხა 40 მილიონ ევროს შეადგენს. უკვე სამ კლუბზე ვიცით ინგლისში, რომ თქვენს შეძენას აპირებენ: "ლივერპულზე", "მანჩესტერ იუნაიტედზე" და "ჩელსიზე". რას იტყვის ამაზე თავად ხავი მარტინესი?
- ვცდილობ, არ მივაქციო ყურადღება ხმებს და ვიფიქრო მხოლოდ ფეხბურთზე. ბოლოსდაბოლოს, ეს მხოლოდ ჭორები და ვარაუდებია. მედიას თავისი საქმე აქვს, მე - ჩემი. რეალობა თუ გაინტერესებთ, ჩემთან ჯერ არავინ მოსულა და კონკრეტული წინადადება არ შემოუთავაზებია, არც - კლუბთან. ამიტომ ჩემს ენერგიას 100%-ით "ბილბაოს" საკეთილდღეობად ვხარჯავ მოედანზე.
- თუკი "ბილბაო" ამ სეზონში ვერ მოიპოვებს ჩემპიონთა ლიგას?
- ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაში თამაშია, თუმცა "ბილბაო" ახალგაზრდული გუნდია და ნელნელა მიდის წინ. ჩემი აზრით, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, 2-3 წლის შემდეგ "ბილბაო" ძალიან სერიოზული მიზნებისთვის იბრძოლებს ევროპული მასშტაბით.
- რა შეცვალა მარსელო ბიელსამ გუნდში?
- მან შეცვალა თამაშის სტილი, ახლა ჩვენი გუნდი ბურთის ფლობას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
- მისი მეტსახელი "ელ ლოკო" შეშლილს ნიშნავს, როგორი პიროვნებაა არგენტინელი?
- ის ნამდვილად შეშლილია... ფეხბურთის სიყვარულით. დღე-ღამეში 24 საათი ბიელსა ფეხბურთზე ფიქრობს.
- ბიელსას მოსვლით ცვლილება თქვენ პირდაპირ შეგეხოთ - ნახევარდაცვის ცენტრიდან, დაცვაში დაგხიეს...
- საქმე კარგად მიმდის, თუმცა თავიდან შეგუება დამჭირდა. ცხოვრებაში არასოდეს არ მითამაშია აქამდე ცენტრალურ მცველად. თავიდან ჩავიკარგე თამაშში, მაგრამ ნელნელა მოვუმატე და გამოჩნდა, რომ მწვრთნელი მართალი იყო. სხვათა შორის, "რეალ სოსიედადთან" ისევ ძველი დრო გავიხსენე - ნახევარდაცვაში ვითამაშე.
- მაგრამ თავად რომელ პოზიციაზე გირჩევნიათ თამაში?
- მთელი კარიერა ნახევარდაცვაში ვთამაშობდი და იქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში. თუმცა ბოლო დროს დაცვის ცენტრსაც გავუშინაურდი.
- 6 წელიწადია "ბილბაოში" თამაშობთ, გუნდისა და ფანების ურთიერთობებზე ლეგენდები დადის, როგორ მიაღწია "ატლეტიკმა" ასეთ სიყვარულს ხალხში?
- ჩვენ ბასკეთის სახე ვართ, ამ გუნდის 23-ივე ფეხბურთელი ადგილობრივია. ალბათ, ბევრი კლუბი შეჰნატრის ჩვენ მდგომარეობას. აქ ნებისმიერი ფანი გუნდის ნაწილად გრძნობს თავს და ნებისმიერი ფეხბურთელი მისი სისხლი და ხორცია.
დოსიე
ხავიერ მარტინეს აგინაგა
დაიბადა: 1988 წლის 2 სექტემბერს
სიმაღლე: 190 სმ.
პოზიცია: საყრდენი ნახევარმცველი, ცენტრალური მცველი
კარიერა: ბერსეო, ლოგრონიესი, არენასი, იზარა, ოსასუნა, ბილბაო (2006 წლიდან)
ესპანეთის ნაკრებში: 7 თამაში
ტიტულები: მსოფლიოს ჩემპიონი (2010 წ), ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონი (2011), ლა ლიგის წლის აღმოჩენა (2010).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"