ჩემპიონატის დასრულებამდე 13 ტურით ადრე ლიდერი "რეალი" სევილიაში ჩადის, სადაც "ბეტისს" ხვდება. ტურის მთავარი დაპირისპირებაც ეგ არის.
11 მარტს "რეალის" ერთადერთი მდევარი "ბარსელონა" კანტაბრიაში "რასინგს" ეპაექრება.
მოკლედ, ლიდერებს არც თუ ძლიერი მეტოქეები ჰყავთ, თუმცა ერთია, ორივე სტუმრად თამაშობს და თუკი "ბარსა" ჩემპიონთა ლიგის მატჩის გამო გადაღლილია (მარტო გოლების გატანით დაიღლებოდნენ კატალონიელები გერმანელთა კარში), "რეალს" ამ ტურის შემდეგ ელის სალიგო ბატალია
სამი ესპანური კლუბი ევროპალიგის მატჩების მოგების შემდეგ უბრუნდება შინაურ პირველობას: "ბილბაო", "ვალენსია" და "ატლეტიკო". ამათგან ყველაზე მეტი ხმაური ბასკურმა "ბილბაომ" გამოიწვია - "ოლდ ტრეფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედს" 3 გოლი გოლი გაუტანა და მოუგო. სხვებმა შინ 2-ბურთიანი სხვაობებით იმარჯვეს და შუა დაპირისპირებებში ფავორიტებად იქცნენ.
თუმცა მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს - ახლა სამივემ უნდა მოასწროს ძალების აღდგენა, არადა, თამაშები ხომ ხუთშაბათს საღამოს იყო. სამივე კვირას თამაშობს, თუმცა "ატლეტიკო" ადრიანად. მას მერე, რაც "ბეშიქთაშს" 3:1 მოუგო, 65 საათის გასვლის შემდეგ "ლოს კოლჩონეროსი" "გრანადას" მასპინძლობს. ეს კი ძალიან ცოტაა.
"ვალენსია" შინ "მალიორკას" დაუხვდება (67 საათი პსვ-ს 4:2 დამარცხების შემდეგ), ხოლო "ბილბაო" ნავარას სტუმრობს (72 საათი).
ბეტისი, ერთადერთი გუნდი, ვისთვისაც რონალდოს არ გაუტანია
ერთი ადამიანისთვის 10 მარტი განსაკუთრებული დღეა - "რეალის" პორტუგალიელი თავკაცი ჟოზე მოურინიო, რომელიც საკუთარ თავს "განსაკუთრებულს" ეძახის (თუმცა ამის თქმის საფუძველი ნამდვილად აქვს) კარიერაში მეასედ გამოიყვანს "რეალს" სათამაშოდ. 99 შეხვედრიდან მწვრთნელმა 76 მოიგო, 13-ში ფრეს დასჯერდა და მხოლოდ 10-ჯერ დამარცხდა.
ამ მატჩებიდან ჯერჯერობით მხოლოდ ერთმა მოუტანა განსაკუთრებულს ტიტული - ესპანეთის თასის ფინალში "რეალმა" დამატებით დროში კრიშტიანო რონალდოს თავურით "ბარსელონა" დაამარცხა. მოურინიოს "რეალმა" 271 გოლი გაიტანა ანუ 2,7 გოლი მატჩში და 79 გაუშვა. ყველაზე დიდი ანგარიშით მოურინიომ შარშანდელი თასის მერვედფინალში "ლევანტე" დაამარცხა - 8:0. იყო 8:1 "ალმერიასთან", 7:0 "მალაგასთან", 7:1 "ოსასუნასთან" და 6:0 "სარაგოსასთან" (სტუმრად ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებული).
"რეალი" სტუმრად ძალიან მაგრად თამაშობს - "სამეფო კლუბის" მონაპოვარი 13 "მშრალად" შენახული მატჩია სეზონში (ყველა ოფიციალურ მატჩში). ლა ლიგაში ჟოზეს გუნდმა სულ 6 გოლი გაუშვა სტუმრად. ამიტომაც, "ბეტისთან" მატჩში, იმის მიუხედავად, რომ თამაში ანდალუსიის დედაქალაქში გაიმართება, ფავორიტი ლიდერია.
გუნდის ბომბარდირი კრიშტიანო რონალდო შესაშურ ფორმაშია - 30 გოლი გაიტანა. ამ შედეგით პორტუგალიელი გოლეადორი ლა ლიგის 81 წინა გათამაშებიდან 68-ში მოიგებდა "პიჩიჩის". პრიმერა დივიზიონის 126 მატჩში რონალდოს ანგარიშზე 124 გოლია (საშუალოდ 0,98 გოლი მატჩში). რონალდოს ამ თამაშში თავისი მოტივაცია აქვს - "ბეტისი" ლა ლიგის ერთადერთი გუნდია, ვისთვისაც რონალდოს არ გაუტანია.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟოზემ თქვა, რომ მისი უმთავრესი მიზანი "რეალის" კარგი სტატისტიკის ტიტულებად ქცევაა.
"ხვალინდელ მატჩში გამოვიყენებ დღეისათვის საუკეთესო შემადგენლობას იმის მიუხედავად, რომ ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის მატჩი გველის. მაპატიონ ბიჭებმა, მაგრამ ახლა ვერავის მივცემ დასვენების დროს.
ჩემი აზრით, "ბეტისი" საკმაოდ სერიოზული ოპონენტია. მათ გათვითცნობიერებული მწვრთნელი ჰყავთ. სევილიელებმა კი განსაკუთრებული მხარდაჭერა იციან თავიანთი გუნდის. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ "რეალს" მძიმე მატჩი ელის.
მიხარია, რომ ბენზემას დიდი პროგრესი აქვს, ის აუცილებლად იქნება განაცხადში, მაგრამ ითამაშებს თუ არა, ვერ გეტყვით - გარისკვა არ მინდა, ჩემპიონატის დასრულებამდე მხოლოდ 2 თვე რჩება".
ამის შემდეგ მოურინიომ "რეალში" მის კარიერაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ბევრ დიდებულ მომენტთან ერთად ნეგატიურიც ახსოვს, თუმცა ასეთია ცხოვრებაო.
პორტუგალიელმა თავკაცმა თქვა, რომ მადრიდში ფანტასტიკური გამოცდილება მიიღო.
"ბეტისთან" მატჩის წინ ჟოზეს განკარგულებაში 21 ფეხბურთელი გახლდათ, მათ შორის ფრანგი ფორვარდი ქარიმ ბენზემა. თუკი მოიგებს, ეს "რეალის" ზედიზედ მე-11 გამარჯვება იქნება ლა ლიგაში.
სტუმრებს არ ეყოლებათ ანხელ დი მარია და ფაბიო კოენტრაო. დისკვალიფიცირებულია რიკარდო კარვალიო. სამაგიეროდ, დისკვალიფიკაცია გაუვიდა პეპეს. ლასანა დიარასა და ჰამით ალთინთოპის თამაში საეჭვოა.
პიკე არ შეიწყალეს
11 მარტს "ბარსელონა" "რასინგს" ესტუმრება, გავარდნის ერთ-ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატს. გუნდს, რომელმაც ორიოდე დღის წინათ მეორე მწვრთნელი გაათავისუფლა.
ექტორ კუპერის ბედი მისმა შემცვლელმა ხუანხო გონსალესმა გაიზიარა. "რასინგს" მისი თანაშემწეები, ფედე კასტანიო და პაბლო პინილიოსი გამოიყვანენ ჩემპიონის წინააღმდეგ.
ამასობაში "ბარსელონამ" წააგო საჩივარი - კატალონიური გრანდი ჟერარდ პიკეს ერთმატჩიან დისკვალიფიკაციას აპროტესტებდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა - წინა მატჩში გაძევებული მცველი, "რასინგთან" შეხვედრას გამოტოვებს.
ესპანეთი. ლა ლიგა. XXVI ტური
10 მარტი
მალაგა-ლევანტე 21:00
დისკვალიფიკაციაL: ხუანფრანი, იბორა (ლევ)
ტრავმა: გამესი (?), ს. სანჩესი, ბაპტიშტა - ხუანლუ, ტორესი
სოსიედადი-სარაგოსა 21:00
დისკვალიფიკაციაL: კადამურო - პარედესი
ტრავმა: მარტინესი - ლანძარო (?), პოშტიგა
სპორტინგი-სევილია 23:00
დისკვალიფიკაციაL: ეგურენი - მედელი
ტრავმა: სუარესი (?), კოლუნგა - ნეგრედო
ბეტისი-რეალი 01:00
დისკვალიფიკაციაL: პერეირა - რიკარდო კარვალიო
ტრავმა: პაულაუ (?) - ბენზემა (?), დი მარია, ფ. კოენტრაო
11 მარტი
ატლეტიკო-გრანადა 15:00
დისკვალიფიკაციაL: ფილიპე ლუიში - ფ. რიკო, სიკერია, ხარა, ბენიტესი
ტრავმა: დიეგო, არდა თურანი (?), სილვიო (?), ტიაგო (?), ა. ლოპესი (?) - მარტინში (?), დიახატე, რობერტო, იებდა, რომერო (?)
ესპანიოლი-ვალეკანო 15:00
დისკვალიფიკაციაL: ვეისი, ფორლინი - კოშტა
ტრავმა: ალვარესი, ალბინი (?), სანჩესი, როდრიგესი, მატიონი, მარკესი (?) - ლაბაკა, ხიმენესი (?)
ვალენსია-მალიორკა 19:00
ტრავმა: მიგელი, კანალესი, ბანეგა - პინა, სენდროსი
რასინგი-ბარსელონა 21:00
დისკვალიფიკაციაL: ტონიო - პიკე
ტრავმა: აკოსტა (?) - ტ. ალკანტარა (?), სანჩესი, ფონტასი, აბიდალი, ვილია, აფელაი
ოსასუნა-ბილბაო 00:30
დისკვალიფიკაციაL: ტიმორი (ოსას)
ტრავმა: რიკარდო, იბრაჰიმა, მასუდი, ლეკიჩი - გურპეგი, კასტილიო, ოსიო
12 მარტი
ვილიარეალი-ხეტაფე 00:00
ტრავმა: როსი, მუსაჩიო (?), მარტინუჩო (?), ორიოლი, რუბენი, კატალა - მასილელა (?), ლოპესი, ლოპო, უსტარი
სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 25 22 1 2 85-21 67
2. ბარსელონა 25 17 6 2 73-19 57
3. ვალენსია 25 12 7 6 38-29 43
4. ლევანტე 25 11 5 9 37-36 38
5. ბილბაო 25 9 10 6 41-32 37
6. მალაგა 25 11 4 10 36-37 37
7. ოსასუნა 25 8 11 6 29-39 35
8. ვალეკანო 25 10 4 11 36-38 34
9. ატლეტიკო 25 8 9 8 34-31 33
10. სევილია 25 8 9 8 27-28 33
11. ესპანიოლი 25 9 6 10 27-34 33
12. ბეტისი 25 9 3 13 29-35 30
13. სოსიედადი 25 8 6 11 27-36 30
14. მალიორკა 25 7 8 10 24-30 29
15. ხეტაფე 25 7 8 10 25-34 29
16. გრანადა 25 8 4 13 22-35 28
17. ვილიარეალი 25 6 9 10 26-38 27
18. რასინგი 25 4 12 9 21-35 24
19. სპორტინგი 25 5 6 14 23-48 21
20. სარაგოსა 25 4 6 15 21-46 18
ბომბარდირები 30 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 28 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 16 - გონსალო იგუაინი (რეალი);15 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 13 - ქარიმ ბენზემა (რეალი), მიჩუ (რაიო ვალეკანო); 12 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო), რობერტო სოლდადო (ვალენსია); 9 - დავიდ ბარალი (სპორტინგი), რუბენ კასტრო (ბეტისი), სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"