ლა ლიგა. ბარსელონას მძიმე დარტყმას მივაყენებთო!..

AutoSharing Option
დღეს
ბარსელონა-ერკულესი 20:00
ვალენსია-რასინგი 20:00
რეალი-ოსასუნა 22:00
ბილბაო-ატლეტიკი 00:00

ხვალ
ხეტაფე-ლევანტე 19:00
სპორტინგი-მალიორკა 19:00
სარაგოსა-მალაგა 19:00
ვილიარეალი-ესპანიოლი 21:00
სევილია-დეპორტივო 23:00

ზეგ
ალმერია-სოსიედადი 23:00

ესპანეთის ჩემპიონი "ბარსელონა" პრიმერაში დაბრუნებულ "ერკულესს" მასპინძლობს, რომლისთვისაც ლეო მესის ჯერ არ გაუტანია, "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჟოზე მოურინიოს დებიუტი შედგება, 8 წელიწადია პორტუგალიელის გუნდს შინ არ წაუგია, ამ რეკორდის შეჩერების შანსი "ოსასუნას" მიეცემა. და მაინც... ტურის უმთავრესი თამაში "სან მამესზე" გაიმართება ბილბაოს "ატლეტიკი" მადრიდის "ატლეტიკოს" მასპინძლობს. თუკი ბასკურ კლუბს არაფრის დამტკიცება სჭირდება, შინ ის ყოველთვის დიდი შემართებით თამაშობს, აი, "ოქროს ბურთის" მაძიებელ დიეგო ფორლანსა და კომპანიას დასამტკიცებელი აქვს,
რომ "ბარსელონასთან" და "რეალთან" ბრძოლა შეუძლია. საინტერესო ტური გველის, ზემოთჩამოთვილილი წყვილების გარდა "მესტალიაზე" "ვალენსია"-"რასინგს" ვიხილავთ, "სანჩეს პისხუანზე" კი - "სევილია"-"დეპორტივოს".

"ლოს კოლჩონეროსმა" სეზონი დიდებულად დაიწყო - ევროპის სუპერთასი, დამაჯერებელი გამარჯვება პირველ ტურში და დაიწყო ლაპარაკი, რომ სწორედ კიკე ფლორესის გუნდს შეუძლია ესპანური ფეხბურთის ორ გრანდს კონკურენცია გაუწიოს. ჰა ბურთი და ჰა მოედანი! "სან მამესზე" უკეთესი ადგილი კონკურენტუნარიანობის დასამტკიცებლად ესპანეთში არ არსებობს.

"როცა "სან მამესზე" ვთამაშობთ, პირველივე წუთებიდან მეტოქეს ჯოჯოხეთს ვუწყობთ. სხვანაირად ჩვენი გულშემატკივარი ვერ გაგვიგებს. წარმატებული "ატლეტიკო" კარგი გამაღიზიანებელია ჩვენთვის. თამაში ძალიან რთული იქნება, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს, რამდენად მოვემზადეთ ახალი სეზონისთვის", - ეს სიტყვები მსოფლიოს ჩემპიონ ხავი მარტინესს ეკუთვნის, რომელიც "ბილბაოს" ნახევარდაცვის ლიდერია. "პირველივე წუთებიდან შევუტევთ მეტოქეს და შევეცდებით სწრაფი გოლის გატანას. "ატლეტიკო" კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენც გვინდა დავამტკიცოთ, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა შეგვიძლია", - ეს მეორე ჩემპიონ ფერნანდო ლორენტეს სიტყვებია.

"ძალიან რთული სეზონი გველის, ჩვენ ამ მარათონს უნდა გავუძლოთ და სულ მაღალ დონეზე ვითამაშოთ. მაშინ, როცა სხვები წარმატებებით ხარობენ, მე უნდა შევეცადო, რომ გუნდი რეალობას არ მოწყდეს და, რაც მთავარია, ენერგია თანაბრად გადაანაწილოს სეზონზე", - განაცხადა მადრიდელთა თავკაცმა კიკე ფლორესმა, რომელიც შარშანდელი სეზონის მიმდინარეობისას დაინიშნა "ატლეტიკოში" და მას შემდეგ ამ გუნდს ვეღარ იცნობთ.

ბილბაოელთა შემტევმა გაისკა ტოკერომ კოჭის ტრავმა მიიღო, თუმცა ის ბოლო დღეებია გუნდთან ერთად ემზადება და არ გამოვრიცხავთ, რომ "ატლეტიკოს" წინააღმდეგ თამაშიც შეძლოს. ტრავმები მოირჩინეს იგორ გაბილონდომ, პაბლო ორბაისმა და მიკელ სან ხოსემ, მაგრამ ჯერაც ვერ ვარჯიშობენ კოიკილი და გუნდის ამომავალი ვარსკვლავი იკერ მუნიაინი. სტუმართა რიგებში ერთი ცვლილება 100%-ით მოხდება, პირველ ტურში "სპორტინგთან" ბრწყინვალედ ნათამაშები მატჩის შემდეგ ხოსე მანუელ ხურადო "შალკეში" გადაბარგდა, მის ადგილს სასტარტოში პორტუგალიელი სიმაო შეავსებს. ახალგაზრდა ფრან მერიდას დებიუტი კიდევ გადაიდო, ყოფილი არსენალელი ტრავმირებულია, ხოლო ტომაშ უიფალუშის თამაში საჭოჭმანოა.

სავარაუდო შემადგენლობები
ბილბაო (4-4-2): ირაისოსი - ირაოლა, სან ხოსე, ამორებიეტა, აურტენეჩე - გურპეგი, ორბაისი, ორბაისი, მარტინესი - ტოკერო, ლორენტე.
ატლეტიკო (4-4-2): დე ხეა - უიფალუში, პერეა, გოდინი, ა. ლოპესი - რეიესი, ასუნსაო, რ. გარსია, სიმაო - ფორლანი, აგუერო.


"კამპ ნოუ" პრიმერაში დაბრუნებულ "ერკულესს" იხილავს, თუმცა ვალენსიელებს მხოლოდ კაშკაშა ვარსკვლავების წინააღმდეგ ლამის პირველად მოთამაშე ფეხბურთელები არ ეყოლებათ მოედანზე - "ერკულესი" ვარსკვლავურ სამეულს გამოიყვანს: დავიდ ტრეზეგეს, როისტონ დრენტესა და ნელსონ ვალდესს. ფრანგს, ჰოლანდიელსა და პარაგვაელს "ერკულესის" შემადგენლობაში დებიუტი "კამპ ნოუზე" ექნებათ.

"ბარსელონა" დღეს ევროპის საუკეთესო კლუბია, მაგრამ ჩვენ საკუთარი ძალებისა გვწამს და ვფიქრობ, შევძლებთ მეტოქის გაოცებას. ჩვენ არაფერი გვაქვს დასაკარგი, "ბარსასთან" მარცხს ყველაზე კრიტიკული ფანიც კი გაგვიგებს, ამიტომ თუკი რამეს მივაღწევთ, თორემ არაფერი დაგვაკლდება. გვინდა "ბარსელონას" მძიმე დარტყმა მივაყენოთ და კლუბის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩავწეროთ", - განაცხადა მატჩის წინა დღეს "იუვენტუსის" ყოფილმა ფორვარდმა. სხვათა შორის, ტრეზეგე სათანადო ფორმაში არ არის და ბევრის აზრით, სჯობს მან მესამე ტურიდან ითამაშოს, როცა "ერკულესი" ვალენსიის მხარის დერბიში "ვალენსიას" უმასპინძლებს.

კარლეს პუიოლი კვლავ ტრავმირებულია და ის ვერ ითამაშებს "ერკულესთან". ჟეფრენსაც ტრავმა აწუხებს. იმის გამო, რომ ჩემპიონთა ლიგა კარს მოადგა, პეპ გვარდიოლამ შეიძლება მცირე ცვლილებებსაც მიმართოს შემადგენლობაში. ხავიერ მასკერანოს ჯერ თანაგუნდელებიც არ გაუცნია კარგად, ამიტომაც გაგვიკვირდება, თუკი პეპი მას ეგრევე სასტარტოში დააყენებს.
წინა კვირაში ფეხი იტკინა "ერკულესის" კიდევ ერთმა ცნობილმა ფეხბურთელმა, ხავიერ ფარინოსმა. მისი თამაში კატალონიაში გამორიცხულია. სამხრეთ ამერიკელი ახალწვეული მათიას ფრიტცლერი დისკვალიფიცირებულია, მან სადებიუტო მატჩშივე წითელი ბარათი მიიღო. სამაგიეროდ დებიუტი ექნება ბელგიიდან გადმოსულ მოჰამედ სარს.

სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დ. ალვეში, პიკე, მილიტო, მაქსველი - ჩავი, ბუსკეტსი, კეიტა - მესი, კრკიჩი, ვილია.
ერკულესი (4-2-3-1): კალატაიუდი - კორტესი, პამარო, სარი, პ. პენია - ტ. გომეში, აგილარი - ტოტე, ვალდესი, დრენტე - ტრეზეგე.


ჟოზე მოურინიომ საკლუბო ჩემპიონატში ბოლოს საშინაო მატჩი 2002 წლის თებერვალში წააგო, მას შემდეგ მან სამ კლუბში ("პორტუ", "ჩელსი" და "ინტერი") მოუს შინ აღარ წაუგია. მაგრამ პორტუგალიელი აცხადებს, რომ ამ რეკორდსაც რისკის ქვეშ დააყენებს, ოღონდ კი "ბერნაბეუზე" მოიგოს: "ხვალ ბოლო წუთებზე 0:0 რომ იყოს ბიჭებს დავავალებ, რომ მთელი ძალებით შეუტიონ". ეს რომ ლიტონი სიტყვები არაა, მოურინიომ ერთი სარისკო გადაწყვეტილებით დაამტკიცა, მან თამაშისთვის მოსამზადებელ სიაში თანამემამულეები კრიშტიანო რონალდო და პეპე შეიყვანა, არადა ორივე ტრავმირებულია და ჯერ ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა.

მოურინიომ გუნდი "დახურულ" ბაზაზე ავარჯიშა, რომ ვერავინ გაიგოს მისი გეგმები "ოსასუნასთან" თამაშის წინ. "რეალში" კვლავ ტრავმიანობაა: მაჰამადუ დიარა, ფერნანდო გაგო, ესეკიელ გარაი და რაულ ალბიოლი ყველა ვარიანტში გამოტოვებენ ტურს. ნაკლები შანსი აქვთ თამაშის ლასანა დიარას, რონალდოსა და პეპეს. ხოსე ანტონიო კამაჩოც არ ამხელს თავის გეგმებს, ერთი ცხადია - გუნდი გამოკვეთილად დაცვითი ტაქტიკით ითამაშებს, დაცვა კი "ოსასუნას" არ დაეწუნება. სერხიომ ტრავმა მოირჩინა და ითამაშებს, ხოლო ხოსეჩე კლუბის ლაზარეთშია.

სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, ს. რამოსი, კარვალიო, მარსელო - ლ. დიარა, ჩაბი ალონსო - დე მარია, იოზილი, რონალდო (ან კანალესი) - იგუაინი.
ოსასუნა (4-4-2): რიკარდო - დამია, სერხიო, მ. ფლანიო, მონრეალი - ხუანფრანი, სორიანო, ნეკუნამი, კამუნიასი - პანდიანი, არანდა.

ანდალუსიაში "სევილიას" რიგებში დებიუტი ექნებათ ალექსის სანჩესს და მარტინ კასერესს, ხოლო "მესტალიაზე" შეცვლაზე მაინც შემოვა ახალწვეული რობერტო სოლდადო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული