ხუანმიმ რაული ჩამოიტოვა

AutoSharing Option
ესპანური გაზეთ AS-ის ცნობით, ევროპის საუკეთესო კლუბები და მათ შორის "ბარსელონა", "რეალი" და "ჩელსიც", "მალაგას" 17 წლის ფორვარდით, ხუან მიგელ ხიმენეს ლოპესით, იგივე ხუანმით დაინტერესებულან.

ლა ლიგას ერთ-ერთმა უმთავრესმა ნორჩმა ტალანტმა ახალდაწყებულ სეზონში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მალაგური გუნდის ხელმძღვანელობა ძირითად შემადგენლობაში ადგილს დამსახურებულად ანდობს. ანდალუსიელმა თინეიჯერმა გასულ კვირას "სარაგოსას" კარში ორი გოლი გაიტანა და ესპანური ფეხბურთის ელიტარული დივიზიონის ისტორიაშიც შევიდა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა დუბლის შემსრულებელი ფეხბურთელი. სხვათა შორის, ხუანმიმ თვით რაულის მიღწევა გააუმჯობესა. მთავარი კი მაინც ისაა, რომ ხუანმიმ
"სარაგოსას" არა უბრალოდ ორი გოლი გაუტანა, არამედ თავისი გუნდის შემადგენლობაში სულაც საუკეთესო იყო. სარაგოსული მატჩი "მალაგამ" 5:3 მოიგო, ხოლო ხუანმიმ ერთი საგოლე პასიც მიითვალა...

17 წლის ჭაბუკმა აგვისტოში "მალაგასთან" კარიერის პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა. ხუანმის ანდალუსიურ კლუბთან ხელშეკრულება 2015 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა საეჭვოა, ამხელა ნიჭის პატრონი მეორეხარისხოვან კლუბში დიდხანს შეყოვნდეს, თუნდაც მისი ფასი 10 მილიონი ევრო იყოს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული