საგიჟეთი გრანდებს და შანსი სხვებს
თუ ი პირველ ორ ტურს შორის სანაკრებო პაუზა იყო, ლა ლიგის მე-3 და მე-4 ტურებს მხოლოდ 23 საათი დააშორებს. ასე რომ, ესპანური გუნდები გიჟურ გრაფიკზე გადაერთვნენ, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც პარალელურად ევროთასებზე ასპარეზობენ და ისეთები, რომელთა ფეხბურთელებს ყველაზე ხშირად იწვევენ ეროვნულ ნაკრებებში. მოკლედ... გრანდები!
ტურის ცენტრალური მატჩი კვირას "ვისენტე კალდერონზე" გაიმართება - ამ მატჩმა უნდა გასცეს მთავარ კითხვას პასუხი - შესწევს თუ არა ძალა "ატლეტიკოს" "ბარსელონასა" და "რეალის" სატიტულო ბრძოლაში ჩაერიოს. აქამდე მადრიდული გუნდის ფეხბურთელები მოედანზე "დაფრინავდნენ",
ძალიან საინტერესო დაპირისპირება გველის სან სებასტიანშიც, სადაც სამწლიანი პაუზის შემდეგ "სამეფო კლუბი" ჩადის. ჟოზე მოურინიოს 3 ქულის მოპოვება "ანოეტაზე" ძალზე გაუჭირდება. კვირას III ტურში სამი დერბი გველის ორი ვალენსიური (ერკულესი-ვალენსია და ლევანტე-ვილიარეალი) და ერთიც ანდალუსიური (მალაგა-სევილია). ტური კი ორშაბათს გალისიაში დაიხურება, სადაც მიჩელის "ხეტაფე" ჩადის...
მთავარი მატჩის მთავარი საკითხავია ითამაშებს თუ არა "ატლეტიკოს" არგენტინელი ფორვარდი სერხიო აგუერო "ბარსელონას" წინააღმდეგ. რაც ბებიამ და ბაბუამ პატარა სერხიო იაპონური მულტსერიალის გმირ კუმ კუმს მიამგვანეს, ფეხბურთელს ყველა კუნს ეძახის. დიეგო მარადონას სიძე ლა ლიგას შესანიშნავ ფორმაში შეხვდა, რაც სიმამრის "დამსახურებაცაა", კუნს იშვიათად უწევდა მუნდიალზე თამაში და არ გადაღლილა. I ტურში მან უნაკლოდ ითამაშა და 10-ბალიანი სისტემით 10 ქულა დაიმსახურა. მე-2 ტურში კი ბილბაოში დაამტვრიეს. არგენტინელმა ფორვარდმა "არისთან" შეხვედრა კი გამოტოვა, მაგრამ გუშინ ინდივიდუალურად ივარჯიშა, ერთი-ორჯერ ბურთითაც გაინავარდა. ეს კარგის ნიშანია "ატლეტიკოსთვის", რადგან კუნს ბოლომდე გამოსაჯანმრთელებლად შაბათი დღე კიდევ წინ აქვს. კუნს გვერდიდან არ მოსცილებია "ატლეტიკოს" ერთ-ერთი მწვრთნელი ოსკარ პიტილიასი. ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღიათ "არისთან" ნათამაშებ ფეხბურთელებს, ისინი მომქანცველი მგზავრობის შემდეგ ისვენებდნენ, მათგან მხოლოდ რაულ გარსიამ ივარჯიშა, რადგან მან სალონიკიში მხოლოდ ერთი ტაიმი ითამაშა. ვარჯიშზე არ ყოფილა არც კიკე ფლორესი. მწვრთნელმა მთელი დღე კაბინეტში გაატარა - "ბარსელონას" თამაშს "სწავლობდა".
"ძალიან მინდა "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაში, მაგრამ მუხლი ჯერ კიდევ მაწუხებს. ჩემი თამაშის საკითხი შაბათს გადაწყდება. "ბარსელონა" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და მის წინააღმდეგ გუნდი დიდი ენთუზიაზმით გავა საბრძოლველად. კატალონიელთა უპირატესობა შეტევებია, სადაც მათ უამრავი ვარიანტი აქვთ, ჩვენ კი კონტრშეტევებზე და სისწრაფის ხარჯზე უნდა გავიდეთ ფონს", - განაცხადა აგუერომ.
ბოლო ხანების სტატისტიკა "ბარსელონას" სასარგებლოდ არ მეტყველებს, სამი სეზონია, რაც "ბლაუგრანას" "ვისენტე კალდერონზე" არ მოუგია, თუმცა სერხიო ბუსკეტსი აღნიშნავს, რეკორდები სწორედ იმისთვისაა, რომ დაამხონ. პარასკევს ლეო მესიმ "ბარსელონასთან" პირველი პროფესიული კონტრაქტის გაფორმების 5 წლისთავი აღნიშნა. ისე კი, "ლა პულგა" "ბარსელონაში" ზუსტად ათი წლის წინ მივიდა - 2000 წლის სექტემბერში, მაშინ არგენტინელი 13 წლის იყო.
"ატლეტიკოს" რიგებში კიდევ ერთი ტრავმირებულია - ტომაშ უიფალუში, თუმცა ჩეხს კუნზე უარესად აქვს საქმე, მისი თამაში კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა. ახალგაზრდა ბარსელონელი ჟეფრენ სუარესი კი გამოჯანმრთელდა, მაგრამ არა გვგონია, მას თამაშის შანსი მიეცეს. ჟერარდ პიკე ერთი-ორი დღე დაასვენეს (თავის ტრავმის გამო), ანდრეს ინიესტა კი ინდივიდუალურად ემზადებოდა, თუმცა თამაშს ერთიც შეძლებს და მეორეც. პარასკევს პეპ გვარდიოლამ გუნდი სულაც დაასვენა.
სავარაუდო შემადგენლობები
ატლეტიკო: დე ხეა - პერეა, გოდინი, დომინგესი, ლოპესი - რეიესი, ასუნსაო, რ. გარსია, სიმაო - ფორლანი, აგუერო (ან დ. კოშტა).
ბარსელონა: ვალდესი - დ. ალვეში, პუიოლი, პიკე, მაქსველი - ჩავი, მასკერანო, ინიესტა - მესი, ვილია, პედრო.
"სამეფო კლუბი" შაბათს ეწვევა "ანოეტას". მანამდე მოკლედ მოვყვებით, როგორ არ გაუშვა ჟოზე მოურინიო პორტუგალიის ნაკრებში "რეალმა". ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ ნებისმიერ შეთავაზებას ამ საკითხზე დაბლოკავდა, ამიტომაც შეხვედრასაც აღარ ჰქონდა აზრი - ჟოზე, თუნდაც ორი თამაშით, ვერ გახდა ეროვნული ნაკრების თავკაცი. "მე მსურდა დათანხმება, მაგრამ "რეალთან" კონტრაქტი მაკავშირებს და ეს შეუძლებელი იყო", - განაცხადა მოურინიომ.
"რეალ სოსიედადს" შესაძლოა დააკლდეს "ვილიარეალიდან" დაბრუნებული ფორვარდი ხოსება ლორენტე, რომელსაც ზურგი აწუხებს. ლორენტე აცხადებს, რომ თუ მწვრთნელი დაავალებს, ითამაშებს, მაგრამ თავად ფიქრობს, რომ გარისკვა არ შეიძლება. მოურინიომ ყველა ის ფეხბურთელი ათამაშა, ვინც "აიაქსთან" თამაშში მიიღო მონაწილეობა, ამათგან ტრავმა არავის აწუხებს. კაკა, გარაი და გაგო კი კიდევ კარგა ხანს ვერ ითამაშებენ.
"როცა გუნდი ქვედა ლიგიდან ამოდის, მას ყოველთვის გამარჯვებულის ფსიქოლოგია აქვს. ასეთ გუნდებთან თამაში განსაკუთრებით ძნელია", - აცხადებს მოურინიო.
სავარაუდო შემადგენლობები
რეალ სოსიედადიL: ბრავო - მარტინესი, გონსალესი, ანსოტეგი, დე ლა ბელა - არამბურუ, რივასი - პრიეტო, ზურუტუზა, სუტილი - ტამუდო.
რეალი: კასილიასი - არბელოა, პეპე, კარვალიო, მარსელო - ხედირა, იოზილი, ალონსო - რონალდო, იგუაინი, დე მარია.
ესპანეთისა და საფეხბურთო ევროპის ყურადღება კვირას საპორტო ქალაქ ალიკანტესკენ იქნნება მიქცეული: ვალენსიის მხარის დერბიში "ერკულესი" "ვალენსიას" მასპინძლობს. მას შემდეგ, რაც "ერკულესმა" "კამპ ნოუზე" "ბარსელონა" დაამარცხა, ნელსონ ვალდესს და კომპანიას უკვე ბევრს სთხოვენ. "ვალენსიამ" სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო, გუნდს სულაც არ ეტყობა დავიდ ვილიას და დავიდ სილვას წასვლა, ჩემპიონატში ქულათა მაქსიმუმი აქვს და ჩემპიონთა ლიგაც დიდებულად დაიწყო, თურქეთის ჩემპიონი "ბურსა" 4:0 გაანადგურა.
მასპინძელთა ყველაზე ცნობილი ესპანელი ფეხბურთელი ხავიერ ფარინოსი ჯერაც იშუშებს ტრავმებს, სხვა მხრივ, "ლოს ერკულანოსი" უძლიერესი შემადგენლობით დახვდება "ლოს ჩეს". სტუმრებს არ ეყოლებათ არგენტინის ნაკრების ნახევარმცველი ევერ ბანეგა.
სავარაუდო შემადგენლობები
ერკულესი: კალატაიუდი - კორტესი, პამარო, პასი, პ. პენია - ფრიტცლერი, აგილარი - ტ. გომეში, ვალდესი, დრენტე - ტრეზეგე.
ვალენსია: სანჩესი - მიგელი, რ. კოშტა, მადურო, მატიო - ალბელდა, კოსტა - ხოაკინი, მატა, ალბა - სოლდადო (ან ადურისი).
ამ სეზონში ვალენსიის მხარეს 4 გუნდი წარადგენს, ამ ტურში კიდევ ერთი დერბია - "ლევანტე", რომელიც აშკარად მოისუსტებს სხვა გუნდების ფონზე "ვილიარეალს" მასპინძლობს, რომელიც ევროპის ლიგაში ზაგრებში დამარცხდა. ხუან კარლოს გარიდოს გუნდს ახლა შინაურ ასპარეზზე აქვს დასამტკიცებელი, რომ ამ სეზონისYთვის სერიოზული მიზნები ამოძრავებს.
სავარაუდო შემადგენლობები
ლევანტე: მუნუა - ვენტა, რობუსტე, ბალესტეროსი, დელ ორნო - ვალდო, პალიარდო - სისკო, რუბენი, ხუანლუ - სალსიდო.
ვილიარეალი: დ. ლოპესი - ანხელი, მარჩენა, მუსაჩიო, კაპდევილა - კასორლა, ბრუნო, სენა, ბ. ვალერო - როსი, ნილმარი.
ესპანეთი. ლა ლიგა. III ტურის წინ
დღეს
ესპანიოლი-ალმერია 20:00
მალიორკა-ოსასუნა 20:00
სპორტინგი-ბილბაო 22:00
რეალ სოსიედადი-რეალი 00:00
ხვალ
ერკულესი-ვალენსია 19:00
ლევანტე-ვილიარეალი 19:00
რასინგი-სარაგოსა 19:00
ატლეტიკო-ბარსელონა 21:00
მალაგა-სევილია 23:00
ზეგ
დეპორტივო-ხეტაფე 23:00
თ მ ფ წ ბ ქ
1. ატლეტიკო 2 2 0 0 6-1 6
2. ვალენსია 2 2 0 0 4-1 6
3. სევილია 2 1 1 0 4-1 4
4. რეალ სოსიედადი 2 1 1 0 3-2 4
5. რეალი 2 1 1 0 1-0 4
6. ვილიარეალი 2 1 0 1 4-1 3
7. ერკულესი 2 1 0 1 2-1 3
8. ბილბაო 2 1 0 1 2-2 3
9. ესპანიოლი 2 1 0 1 3-5 3
10. სპორტინგი 2 1 0 1 2-4 3
11. მალაგა 2 1 0 1 6-6 3
12. ხეტაფე 2 1 0 1 5-4 3
13. ბარსელონა 2 1 0 1 3-2 3
14. ალმერია 2 0 2 0 2-2 2
15. დეპორტივო 2 0 2 0 0-0 2
16. ოსასუნა 2 0 1 1 0-1 1
17. სარაგოსა 2 0 1 1 3-5 1
18. მალიორკა 2 0 1 1 0-2 1
19. რასინგი 2 0 0 2 0-4 0
20. ლევანტე 2 0 0 2 2-8 0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"