ვისი თავი დაგორდება პირველი ესპანეთში?

AutoSharing Option

მწვრთნელთა დოღში ხუანმა ლილო დაწინაურდა


ესპანური პირველობა სულ 4 ტურის დაწყებულია, მაგრამ უკვე აქტუალური გახდა კითხვა - რომელი მწვრთნელის თავი დაგორდება პირველი? ესპანური მედია, კერძოდ კი "დიარიო AS" მიიჩნევს, რომ ყველას, შესაძლოა, "ალმერიას" თავკაცმა ხუან მანუელ ლილო დიესმა "დაასწროს". გუნდის სტარტით უკმაყოფილო ხელმძღვანელობა გუშინ შეიკრიბა მწვრთნელის მომავლის სამსჯელოდ. კლუბის პრეზიდენტი ალფონსო გარსია ძალზე უკმაყოფილოა შედეგებით, ასევე თამაშის იმ სტილით, რასაც ანდალუსიური გუნდი სთავაზობს გულშემატკივრებს. პრეზიდენტი ეჭვქვეშ აყენებს ლილოს სავარჯიშო მეთოდების მართებულობასაც. საბოლოოდ კი "ალმერიას" ბოსები შეთანხმდნენ, რომ ხუანმა ლილოს ერთი

შანსი კიდევ მისცენ, მაგრამ, თუკი "ალმერია" სტუმრადაც წააგებს ამ უქმეებზე "დეპორტივოს" წინააღმდეგ, მწვრთნელს თანამდებობას დაატოვებინებენ.

"ალმერიას" 4 ტურის შემდეგ სულ რაღაც 2 ქულა აქვს და მხოლოდ "სარაგოსასთან" გოლთა ბალანსის უკეთესი მაჩვენებლით არ არის ბოლო ადგილზე. ხუანმა ლილო სულ რამდენიმე თვეა "ალმერიას" თავკაცი, მან ანდალუსიური გუნდი დეკემბერში ჩაიბარა, მას შემდეგ, რაც მექსიკელი უგო სანჩესი მოხსნეს. ახლა 44 წლის სპეციალისტის ბედი კვირას "რიასორზე" გადაწყდება.

ხუანმა ლილო სხვა სპეციალისტებისგან იმით გამოირჩევა, რომ მას არასოდეს უთამაშია ფეხბურთი, ხოლო მწვრთნელობას ხელი... თინეიჯერობის ასაკში მოკიდა! ის 16 წლის იყო, როცა მშობლიური ქალაქის, ტოლოსას "ამაროზის" მთავარი მწვრთნელი გახდა და საქმეს ისე კარგად გაუძღვა, რომ 20 წლის ასაკში ტერსერა დივიზიონის კლუბ "ტოლოსაში" გადაიყვანეს.

ბასკი სპეციალისტი ესპანური ფეხბურთის ისტორიაში პრიმერა დივიზიონის ყველაზე ახალგაზრდა მთავარი მწვრთნელი გახდა - ის ჯერ 30 წლისაც არ იყო, როცა "სალამანკას" წვრთნიდა. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად,  ლილოს იმდენად მდიდარი სამწვრთნელო კარიერა აქვს, რომ უკვე ორჯერ მოასწრო მწვრთნელობის დანებება (ხან კომენტატორობდა, ხან პრესაში სვეტებს წერდა) და ისევ დაბრუნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული