დუბლები დაუფასდათ - V ტურის სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option

V ტურის სიმბოლური ნაკრები goal.com-მა 3-4-3 ტაქტიკური სქემით შეადგინა. მადრიდის "რეალმა" ვერ მოიგო აუტსაიდერთან მატჩში, გოლიც კი ვერ გაიტანა, მაგრამ სიმბოლურში ერთი "ბლანკო" მაინც მოხვდა - სერხიო რამოსი, რომელმაც ბრწყინვალედ ითამაშა... დაცვის ცენტრში! სიმბოლურშია ერთბაშად 4 ფეხბურთელი, რომელთაც ამ ტურში დუბლი შეასრულეს. 

მეკარე
მანოლო რეინა (ლევანტე): პრიმერა დივიზიონში დაბრუნებულ " გრანოტესს" საშინელი სტარტი ჰქონდა - სამი მარცხი ამდენივე მატჩში. განსაკუთრებით ცუდად "ლევანტე" დაცვაში გამოიყურებოდა - 10 გოლი გაუშვა. მაგრამ ვალენსიურ კლუბს "ალმერიასთან" გამარჯვებამ ფრთები შეასხა, განსაკუთრებით კი 25 წლის მეკარე

მანოლო რეინა გამოიყურება ყოჩაღად. "რეალის" წინააღმდეგ რეინამ კარი "მშრალად შეინახა". რეინა მუდამ ყურადღების ცენტრში იყო, გამოსვლებზე კარგად თამაშობდა და "რეალის" ფორვარდებს სივრცეს უმცირებდა. მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე კი გონსალო იგუაინს "მკვდარი ბურთი" აუღო.

მცველები
სერხიო ბალესტეროსი (ლევანტე): გამოცდილი მცველი ახლახან 35 წლისა შესრულდა, თუმცა "რეალის" საუკეთესო ფეხბურთელებთან, კრიშტიანო რონალდოსთან და გონსალო იგუაინთან ახალგაზრდული შემართებით ითამაშა. ბალესტეროსი უნარიანად უძღვებოდა დაცვის ხაზს, ერთი-ორჯერ გადამწყვეტი ორთაბრძოლაც მოიგო და ვიზავი რეინას კარისკენ არ გაუშვა. ბალესტეროსისა და რეინას კარგმა თამაშმა "ლევანტეს" პრიმერა დივიზიონში ადგილის შენარჩუნების შანსი გაუჩინა.
ფელიპე ლუიში (ატლეტიკო): მარცხენა მცველმა ლა ლიგაში "ატლეტიკოს" მაისურით სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ "კოლოჩონეროსის" შეტევები მარცხენა ფლანგიდან მუდმივად მარაგდებოდა. მადრიდელთა გოლი, რომელიც დიეგო კოშტამ გაიტანა, სწორედ ბრაზილიელი მცველის შეტევაში ჩართვას მოჰყვა.
სერხიო რამოსი (რეალი): ჟოზე მოურინიო იძულებულია სერხიო რამოსი დაცვის ცენტრში ათამაშოს. მან იქ დისკვალიფიცირებული პეპე შეცვალა. რამოსმა ძალიან სოლიდურად ითამაშა, ხანდახან მეწყვილე რიკარდო კარვალიოს შეცდომებსაც ასწორებდა. აი, რატომ სურდა თავიდანვე მოურინიოს, რამოსის ცენტრში გადაყვანა. სწორედ რამოსის კარგი თამაშის წყალობით "რეალის" დაცვის ხაზი ჩვეულებრივზე ძლიერად გამოიყურებოდა.

ნახევარმცველები
სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა): ჯერჯერობით ახალგაზრდა კატალონიელი ხავიერ მასკერანოს სასტარტო შემადგენლობას იშვიათად აკარებს. "სან მამესზე" საშინელ თავსხმაში ბუსკესტმა ორთაბრძოლების აბსოლუტური უმრავლესობა მოიგო. ბურთსაც კარგად აკონტროლებდა და ბოლოს ანგარიშსაც წერტილი დაუსვა.
ჩავი (ბარსელონა): წვიმის და მეტოქის მოწადინების მიუხედავად გამოცდილმა ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსთან დუეტში, "ბილბაო" უბურთოდ დატოვა. ჩავის ამ სეზონში საუკეთესო მატჩი ჰქონდა, მან გოლიც გაიტანა, თუმცა ბასკი მცველის რიკოშეტიც წაეხმარა.
როისტონ დრენტე (ერკულესი): ჰოლანდიელი ალიკანტეში გადასვლით დაწყნარდა, მან იცის, რომ სათამაშო დრო ყოველთვის ექნება, ამიტომაც დრენტეს ვეღარ იცნობთ, "ერკულესში" ის ლამის ყველაფერს ასრულებს და ყველა კომბინაციის წამომწყებია. "სევილიასთან" მატჩში მან მუჰამადუ დაბოს თავბედი აწყევლინა, ბევრჯერ გაცდა და ანდალუსიელთა კართან ხიფათი შექმნა, ერთხელ დრენტეს მოწადინებას დავიდ ტრეზეგეს მეორე გოლი მოჰყვა.
სანტი კასორლა (ვილიარეალი): "წყალქვეშა ყვითელ ნავს" მესაჭე დაუბრუნდა - ტრავმებით გაჯერებული სეზონის შემდეგ ესპანეთის ნაკრების წევრი ისევ ძველებურ ფორმაშია. პირველ ტაიმში მან "მალაგას" ორი გოლი გაუტანა, განსაკუთრებით ლამაზი კასორლას მეორე "გასროლა" იყო.

ფორვარდები
დავიდ ტრეზეგე (ერკულესი): ზაფხულის სატრანსფერო სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაცია "ერკულესის" მიერ ტრეზეგეს დაყოლიება იყო. მას მოკრძალებული მასშტაბის ესპანური კლუბი საკმაოდ "მსუყე" ხელფასს უხდის. თუმცა ფრანგი ფეხბურთელი ისე თამაშობს, რომ ნამდვილად იმსახურებს ამ გასამრჯელოს. ორი გოლი გაიტანა და "სევილიას" დაცვის დუეტს (ესკუდე-ალექსისი) "სისხლი გაუშრო".
კალუ უჩე (ალმერია): ფეხბურთელი, რომელმაც თავკაცი სამუშაოს დაკარგვისგან იხსნა, ხუანმა ლილო ამ ფორვარდს უნდა უმადლოდეს, რომ ისევ "ალმერიას" წვრთნის. 27 წლის ნიგერიელმა პირველ ტაიმში ორი თავური გოლი მიითვალა მასპინძელი "დეპორტივოს" კარში.
ფერნანდო კავენაგი (მალიორკა): არგენტინელ ფორვარდს გარკვეული დრო დასჭირდა "ბორდოს" მერე ბალეარულ "მალიორკას" მორგებოდა. "რეალ სოსიედადთან" მატჩში მან ლამის მარტომ მოუგო მეტოქეს. 27 წლის კავენაგიმ პირველი დუბლი ჩაიწერა ესპანურ აქტივში.
ფეხბურთელები, რომლებიც ტურის სიმბოლურში ვერ მოხვდნენ, მაგრამ ამასთან ახლოს იყვნენ: ელიზეუ (მალაგა), ჯუზეპე როსი (ვილიარეალი), გორკა ირაისოსი (ბილბაო), ალვარო ვასკესი (ესპანიოლი), პაულო ასუნსაო (ატლეტიკო), ხუან მატა (ვალენსია), მეჰმეთ თოფალი (ვალენსია).


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

  

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული