საქართველო არაბეთი არ გეგონოთ - ესპანელთა სპარინგი თბილისში გამომგზავრებამდე

AutoSharing Option
ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა ესპანეთმა საქართველოსთან მატჩისთვის მოსამზადებლად პონტევედრაში გაივარჯიშა, სადაც ფრანკ რაიკაარდის გაწვრთნილ საუდის არაბეთის ნაკრებს ფეხბურთის ჩინებული გაკვეთილი ჩაუტარა - 5:0.

რომელი ერთი ჩამოვთვალოთ: პედროს ულამაზესი გოლები, ფერნანდო ტორესის მე-100 მატჩი "ფურია როხას" შემადგენლობაში თუ დავიდ ვილიას გოლიანი დაბრუნება მძიმე ტრავმის შემდეგ? იქნებ ჩავის მიერ უზადოდ შესრულებული საჯარიმო?

მოკლედ, თემურ ქეცბაიას რომ ბევრი საფიქრალი აქვს, კიდევ ერთხელ დადასტურდა - ესპანეთის ნაკრები ხომ ჩვენთან თამაშით იწყებს იმ ტიტულის დაცვას, რომელიც 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში მოიპოვა.

"ძალიან ცუდი დროება გამოვიარე,
მაგრამ ახლა მივხვდი, რომ ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. დღეს მე სხვებთან ერთად ვხარობ და მაქვს ამის მიზეზიც. შემიძლია უკან აღარც გავიხედო, მე დავბრუნდი"
, - ეს დავიდ ვილიას, ესპანეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე მეტი გოლის გამტანი ფორვარდის სიტყვებია. "ელ გუახემ" არაბებთანაც გაიტანა, უნაკლოდ შეასრულა პენალტი.

"ტორესი გენიალური ფეხბურთელია. 100 მატჩი ნებისმიერ ნაკრებში დიდი მიღწევა იქნებოდა, მით უმეტეს, ჩვენს გუნდში ეს დიდი შედეგია. ვულოცავ, რადგან ის სრულიად იმსახურებდა ამ აღიარებას", - აცხადებს ვილია.

28 წლის "ელ ნინიო" ესპანური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდაა, ვინც ასიანთა კლუბში შევიდა. კლუბში კი სულ 5 კაცი იყო აქამდე: იკერ კასილიასი (139 თამაში ეროვნულ გუნდში), ანდონი სუბისარეტა (126), ჩავი ერნანდესი (116), ჩაბი ალონსო (103) და რაულ გონსალესი (102).

მატჩის შემდეგ
ვისენტე დელ ბოსკე
(ესპანეთის მწვრთნელი):
"ძალიან ნასიამოვნები დავრჩი გუნდის თამაშით, მაგრამ მთავარი სამშაბათს იწყება საქართველოსთან მატჩით.

არაბებთან შეხვედრა დაგვეხმარა კარგად მოსამზადებლად. კარგად ვმოძრაობდით, ბურთი სულ ჩვენ გვქონდა და მომენტებს ხშირად ვქმნიდით.

სამწუხაროდ, ყველა გამოძახებულს თამაში არ მოუწია.

ბიჭებმა ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენი მიზანი საქართველოს დამარცხებაა, რომელმაც მოგებით დაიწყო შესარჩევი ციკლი. ჩვენ უნდა ჩავიდეთ საქართველოში და მოვიგოთ, რადგან ეს შეხვედრა უმნიშვნელოვანესია".

პედრო:
"საქართველოსთან თამაში ძალიან დაძაბული იქნება. ისინი თავიანთ მოედანზე იქნებიან, უდიდესი მოტივაციით. უნდა მოვიგოთ, რადგან კამპანიის გამარჯვებით დაწყებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

საკუთარი თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ვისენტე გადაწყვეტს, ვიმსახურებ თუ არა საქართველოსთან შეხვედრაში სასტარტოში თამაშს"
.

ვინ როგორ ითამაშა
დამაინც, ვინ როგორ ითამაშა ამხანაგურ მატჩში "ფურია როხას" რიგებში. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ საუდის არაბეთი საჯილდაო ქვად ვერ გამოდგა - რაიკაარდს ძალიან სუსტი ნაკრები ჰყავს და ბევრი სამუშაო ელის, რომ ამ გუნდისგან რაიმე ხეირიანი შექმნას.

ჩვენი აზრით, საუკეთესო "ბარსელონას" გარემარბი პედრო როდრიგესი იყო, რომელმაც ამ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა.

დაცვის ხაზი და მეკარე
მათ საქმე ნაკლებად ჰქონდათ. ხუანფრანი წინ თამამად მიდიოდა. მეორე ტაიმში მონრეალმა მოუპოვა გუნდს პენალტი. ვალდესს საქმე თითქმის არ ჰქონია; არც მის შემცვლელ კასილიასს. პიკე, ფაქტობრივად, ექსტრანახევარმცველი იყო.

ნახევარდაცვა
ბენიატმა გაგვაოცა. მიუხედავად იმისა, რომ წუნი ბევრი ჰქონდა, ისე გამოიყურებოდა, თითქოს წლებია, რაც "როხას" წევრია. ერთხელ ხარიხასაც გაარტყა ბურთი. ბუსკეტსს სათავისო საქმე არ ჰქონია და გვიჩვენა, რომ თამაშის გამწვავებაც კარგად გამოსდის. ფაბრეგასი გაცილებით კარგად თამაშობს ნაკრებში, ვიდრე "ბარსელონაში".

თავდასხმა
პედრომ არაბთა გოლკიპერს სისხლი გაუშრო. ძალიან კარგი იყო კასორლაც, რომელმაც გოლით და პასით გამოიჩინა თავი. აი, ტორესს საიუბილეო მატჩი ჩაუვარდა.

07.09. ამხანაგური მატჩი
ესპანეთი-ს. არაბეთი 5:0
გოლები: 1:0 კასორლა (23), 2:0 პედრო (27), 3:0 ჩავი (47), 4:0 ვილია (63-პენ), 5:0 პედრო (73)

ესპანეთი (4-3-3):
ვალდესი (71. კასილიასი) - ხუანფრანი, პიკე (46. სერხიო რამოსი), ალბიოლი, მონრეალი - ფაბრეგასი (46. ჩავი), ბუსკეტსი (60. ინიესტა), ბენიატი - კასორლა (60. სილვა), ტორესი (52. ვილია), პედრო.
საუდის არაბეთი (4-2-3-1): აბდულა - ალ-ბეეში, ჰავსავი (80. ალბიში), ალ-მუსა, მანსური (86. ალ-შამრანი) - ოტაიფი, კარირი - ალ-ჯასამი (60. ალრუვალი), ალდავსარი (70. ალმოსა), ჯეზავი (64. ალჰამადი) - ალ-შაჰრანი (77. ალ-შაჰლავი).
გაფრთხილება: მანსური
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 9-5; თამაშგარე: 8-0; კარში დარტყმა: 19-9 (9-1); ბურთის ფლობა: 69%-31%.
მაყურებელი: 11 850

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვისენტე დელ ბოსკე: თუ ოდესმე წავაგებთ, ქომაგები გვაპატიებენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული