ბარსელონური ტრიუმფი მადრიდულ გალაზე

AutoSharing Option

ესპანეთის ყველაზე მაღალტირაჟიანი გაზეთი "მარკა" ყოველი სეზონის შემდეგ აჯიდლოვებს თავგამოჩენილ ფეხბურთელებს. წლეულს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის, ბომბარდირის, მსაჯის და სხვა პრიზებს კიდევ ერთი შეემატა - მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი, რომელიც "რეალის" გოლკიპერმა იკერ კასილიასმა მიიღო.

"დიდი მადლობა ამ აღიარებისთვის, თუმცა მიმაჩნია, რომ ამ პრიზს ესპანეთის ნაკრები მთელი შემადგენლობით იმსახურებს - ფეხბურთელებიც და მწვრთნელებიც. მანუელ პელეგრინი და ჟოზე მოურინიო ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული სპეციალისტები და პიროვნებები არიან, მაგრამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მე ორივესგან ძალიან ბევრი ვისწავლე", - განაცხადა მადრიდის "რეალის" გოლკიპერმა ჯილდოს

მიღებისას.

ბოლო წლების ტრადიციისამებრ, დაჯილდოვების ცერემონიალი მადრიდის "რიტც ჰოტელში" გაიმართა. სასტუმროში ესპანური ფეხბურთის ძველი თუ თანამედროვე ელიტა შეიყარა. ცერემონიალზე საზეიმო ვითარებაში შეაჯამეს 2009/10 წლების საფეხბურთო სეზონი. 1953 წელს დაარსებული უძველესი პრიზი - "პიჩიჩი", სეზონის საუკეთესო ბომბარდირს გადაეცა - "ბარსელონას" არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ პირადად ჩაიბარა ყველაზე პრესტიჟული ესპანური ჯილდო. შეგახსენებთ, რომ მესიმ 34 გოლი გაიტანა შარშანდელ ლა ლიგაში, რისთვისაც რამდენიმე დღის წინათ ევროპული აღიარება - "ოქროს ბუცი" მიიღო. იმავე მიღწევისათვის მესი ამჯერად "პიჩიჩის" მფლობელი გახდა.

თუმცა "პიჩიჩი" ერთადერთი პრიზი არაა, რაც მესიმ ორშაბათ საღამოს მიიღო, ის ბარსელონაში პრიზებით დახუნძლული წავიდა - "მარკამ" ლეო ალფრედო დი სტეფანოს სახელობის პრიზითაც დააჯილდოვა ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელობისათვის. მესის ბრწყინვალე თამაშის და გოლების წყალობით "ბარსელონამ" მეოცედ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი. ამიტომაც სეზონის საუკეთესო ფეხბურთელობას მესი ნამდვილად იმსახურებდა.

"ვიცი, რომ ახლა შედარებით რთული სეზონი გველის, მაგრამ ძალიან მინდა, რომ მომავალ წელს ისევ ჩემი საკუთრება გახდეს ეს პრიზები. შარშანდელ 34-ივე გოლს ერთნაირად ვაფასებ, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე ლამაზი გოლი "სარაგოსას" კარში გავიტანე", - განაცხადა მესიმ.

ყველაზე მეტი "პიჩიჩი" - 6 - ლეგენდარულ ბასკ ფეხბურთელ ტელმო ზარას აქვს მოპოვებული. ამ ჯილდოს 5-5-ჯერ შესწვდნენ: ალფრედო დი სტეფანო, ქუინი და უგო სანჩესი, 4-ჯერ გაიმარჯვა ფერენც პუშკაშმა. მართალია, მესის ამ ლეგენდებამდე ბევრი უკლია, მაგრამ მას ჯერ ყველაფერი წინ აქვს - არგენტინელი მხოლოდ 23 წლისაა.
მადრიდში ბარსელონელებმა გაილაღეს - ლამის ყველა პრიზი მათ მიიღეს. "ბარსას" გოლკიპერი" ვიქტორ ვალდესი ზედიზედ მეორედ (კარიერაში კი მესამედ) რიკარდო ზამორას სახელობის პრიზის მფლობელი გახდა, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო გოლკიპერს გადაეცემა.

"ბარსელონას" ფორვარდმა დავიდ ვილიამ ზარას ტროფეი მიიღო, რომელსაც ჩემპიონატში ყველაზე მეტი გოლის გამტან ესპანელ ფეხბურთელს გადასცემენ. "ელ გუახემ" შარშან, ოღონდ "ვალენსიას" მაისურით, 21 გოლი გაიტანა მეტოქეთა კარში. ვილიამ ეს პრიზი უკვე მეოთხედ მოიპოვა. ბოლო წლებში მას მხოლოდ ერთხელ აჯობეს - 2007/08 წლების სეზონში სეზონში 27 გოლი დანიელ გუისამ გაიტანა, რომელიც მაშინ "მალიორკაში" თამაშობდა.
"რაც შეიძლება მეტი გოლის გატანა მსურს. იმედია, გაისად "პიჩიჩის" მე მოვიგებ, თუმცა ლეოს გამარჯვებაც გამიხარდება", - განაცხადა დავიდ ვილიამ.

"მარკამ" ახალი პრიზიც დააწესა, რომლის მფლობელსაც ფეერ-პლეის პრინციპით შეარჩევენ. პრიზს ორი ფეხბურთელის სახელი ერქმევა პუერტა-ხარკეს ტროფეი. შეგახსენებთ, რომ ეს ორი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა. "ესპანიოლის" კაპიტანი დანიელ ხარკე 2009 წლის აგვისტოს გულის შეტევისგან დაიღუპა გუნდის იტალიურ შეკრებაზე. მაშინ პუერტა მხოლოდ 26 წლის იყო. "სევილიას" მცველ ანტონიო პუერტას გულის შეტევა 2007 წლის აგვოსტოში "ხეტაფესთან" მატჩში მოუვიდა. 22 წლის ფეხბურთელი ორი დღის შემდეგ ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

პუერტა-ხარკეს ტროფეის პირველი მფლობელი ერთბაშად ორი ფეხბურთYელი გახდა "დეპორტივოს" ყოფილი მცველი (ახლა "ატლეტიკოში" თამაშობს) ფილიპე ლუიში და ბილბაოს "ატლეტიკის" მეკარე გორკა ირაისოსი. შარშან სათამაშო ეპიზოდში ბასკი მეკარე მთელი წონით დაეცა ბრაზილიელ მცველს, როცა ამ უკანასკნელს "ატლეტიკის" კარში გოლი გაჰქონდა. ფილიპემ კოჭის საზარელი ტრავმა მიიღო, რომელმაც კინაღამ კარიერა დაასრულებინა. ირაისოსმა ერთ-ერთმა პირველმა მიაკითხა დაზარალებულს საავადმყოფოში და ბოდიში მოუხადა, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს მეტოქე განზრახ არ დაუშავებია. ამ ინციდენტმა ეს ორი ფეხბურYთელი ლამის ახლო მეგობრებად აქცია.

მადრიდის "ატლეტიკოს" მწვრთნელ კიკე ფლორესს სპეციალური პრიზი გადაეცა ევროპის ლიგის პირველი გათამაშების და ესპანეთის სუპერთასის მოგებისათვის. წლის საუკეთესო მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა გახდა, რომელსაც მიგელ მუნიოსის სახელობის პრიზი გადაეცა. წლის საუკეთესო მსაჯი კი მირანდა ტორესი გახდა. "მარკას" პრიზები მიიღეს სეგუნდა დივიზიონში თავგამოჩენილმა ფეხბურთYელებმა და მწვრთნელებმაც.

"მარკა" 1938 წლიდან გამოიცემა. დღეისათვის მადრიდული სპორტული გაზეთს ყოველდღიურად 3 მილიონამდე მკითხველი ჰყავს, აქედან 400 ათასი ხელმომწერია. ამ მაჩვენებლებით "მარკა" ესპანეთში ნებისმიერ ყოველდღიურ გამოცემას უსწრებს, არათუ სპორტულს. აქამდე "მარკა" უფრო იმით იყო ცნობილი, რომ ძალიან დიდ ფართს უთმობდა "სამეფო კლუბს" და ლამის "რეალის" გაზეთად ითვლებოდა. ბოლო დროს ეს ტრადიცია ნელნელა ირღვევა და "რეალთან" ერთად სხვა ესპანურ კლუბებსაც სათანადო ყურადღებას აქცევენ. 2001 წლიდან 24-საათიანი რეჟიმით ფუნქციონირებს რადიო "მარკა".

პიჩიჩი
(დაწესდა 1953 წლიდან, გადაეცემა სეზონის საუკეთესო ბომბარდირს):

ლეო მესი (ბარსელონა) - 34 გოლი

ბოლო 5 გამარჯვებული
2008/09: დიეგო ფორლანი (ატლეტიკო) - 32
2007/08: დანი გუისა (მალიორკა) - 27
2006/07: რუუდ ვან ნისტელროი (რეალი) - 25
2005/06: სამუელ ეტოო (ბარსელონა) - 26
2004/05: დიეგო ფორლანი (ატლეტიკო) - 25

პიჩიჩი ყველაზე მეტჯერ "რეალის" ფეხბურთელებმა მოიგეს - 24-ჯერ. საუკეთესო ბომბარდირობას 12-ჯერ შეწვდნენ "ბილბაოს" ფეხბურთელები, 11-ჯერ კი - "ბარსელონასი".
შენიშვნა: 1953 წლამდელ ყველა ბომბარდირსაც მიანიჭეს "პიჩიჩი".

დი სტეფანოს ტროფეი
(2007 წლიდან, ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი): ლეო მესი

ყველა გამარჯვებული
2007/08: რაული (რეალი)
2008/09: მესი (ბარსელონა)

ზარა ტროფეი
(2005 წლიდან, ყველაზე მეტი გოლის გამტანი ესპანელი ფეხბურთელისთვის): დავიდ ვილია (ვალენსია) - 21 გოლი

ყველა გამარჯვებული
2008/09: დავიდ ვილია (ვალენსია) - 28 გოლი
2007/08: დანი გუისა (მალიორკა) - 27
2006/07: დავიდ ვილია (ვალენსია) - 16
2005/06: დავიდ ვილია (ვალენსია) - 25

რიკარდო სამორა ტროფეი
(1958 წლიდან, ენიჭება გოლკიპერს, რომელიც ყველაზე ნაკლებ გოლს უშვებს საშუალოდ ერთ თამაშში): ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა) - 0,63 გოლი/მატჩში.

ბოლო 5 გამარჯვებული
2008/09: ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა) - 0,89 გ/მ
2007/08: იკერ კასილიასი (რეალი) - 0,89
2006/07: რობერტო აბონდანსიერი (ხეტაფე) - 0,81
2005/06: ხოსე მანუელ პინტო (სელტა) - 0,78
2004/05: ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა) - 0,71

მიგელ მუნიოს ტროფეი
(2005 წლიდან, ლა ლიგის საუკეთესო მწვრთნელი): ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა) - 77 ქულა.
ყველა გამარჯვებული
2008/09: ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა) - 77
2007/08: მანუელ პელეგრინი (ვილიარეალი) - 69
2006/07: ხუანდე რამოსი (სევილია) და მარსელინიო (უელვა) - 63-63
2005/06: ბერნდ შუსტერი (ხეტაფე) - 63

გურუსეტა ტროფეი
(1986 წლიდან, ლა ლიგის საუკეთესო არბიტრი: მირანდა ტორესი.

სეგუნდა დივიზიონი

პიჩიჩი: ხორხე მოლინა (ელჩე)
ზარა: ხორხე მოლინა (ელჩე)
სამორა: ვისენტე გუაიტა (უელვა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული