სანდრო როსელი: ესპანური ლიგის 16 გუნდამდე შემცირება კარგი იქნებოდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა იმედი გამოთქვა, რომ გამარჯვებული კლუბის ერა კიდევ რამდენიმე წელს გაგრძელდება; ასევე აღნიშნა, რომ ესპანურ საკლუბო ფეხბურთს ცვლილებები სჭირდება.

"ჩვეულებრივ, გუნდის გამარჯვებების ციკლი სამი წელი გრძელდება, შემდეგ კი შედეგები იკლებს. "ბარსელონას" ეს პერიოდი უკვე ოთხ წელიწადს გაუგრძელდა. სეზონი მიმდინარე წელსაც კარგად დავიწყეთ, ასე რომ, ამ მითის დამსხვრევას ვეცდებით. იმედი გვაქვს, რომ გუნდი ხუთ, ექვს და მეტ წელს გაიმარჯვებს.

ამ დროისთვის ტიტო ვილანოვას "ბარსელონასთან" კონტრაქტი ორი უახლოესი წლით აკავშირებს, მაგრამ ვისურვებდი, რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყოს და მას გუნდისთვის
მრავალი წლის მანძილზე ეხელმძღვანელა.

რაც შეეხება სატელევიზიო უფლებების შემოსავლების განაწილებას, 2014/15 წლების სეზონის შემდეგ ამ საკითხს საფუძვლიანად უნდა გადავხედოთ. ესპანური ფეხბურთი უფრო მეტად კონკურენტუნარიანი უნდა გახდეს. ცუდია, რომ ჩემპიონის ტიტულისთვის თავიდანვე მხოლოდ ორი გუნდი - "ბარსა" და "რეალი" იბრძვის.

ლიგის 16 გუნდამდე შემცირება და პირიქით, ჩემპიონთა ლიგის მონაწილეთა რაოდენობის 64-მდე გაზრდა ურიგო არ იქნებოდა, - განაცხადა როსელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული