სევილია-ბარსას რეფერი ორივე მხარემ შერისხა

AutoSharing Option
"სევილია" მატეუ ლაოსის მსაჯობით აღშფოთებული დარჩა. შეგახსენებთ, რომ ანდალუსიელთა და კატალონიელთა დაპირისპირებაში, რომელიც "ბარსელონამ" დავიდ ვილიას მიერ 93-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით 3:2 მოიგო, ვალენსიელმა მსაჯმა ორი სევილიელი გააძევა - გუნდის ჩილელი ნახევარმცველი გარი მედელი და მთავარი მწვრთნელი მიჩელი. "სევილიამ" ბოლო 7 მატჩიდან 6 წააგო და ერთი ფრედ დაასრულა, როცა მსაჯი ლაოსი იყო.

გასულ სეზონში მატეუ ლაოსმა "რეალთან" მატჩში დაჩაგრა "სევილია" - "სანტიაგო ბერნაბეუზე" მან ფედერიკო ფასიოს 100%-იანი გოლი გააუქმა, შემდეგ კი გრანეროს მაშინაც კი არ აძევებდა, როცა მეორე ყვითელი
ბარათი აჩვენა.

ხოსე მარია დელ ნიდო, "სევილიას" პრეზიდენტი, რომელიც, როგორც წესი, იშვიათად ლაპარაკობს მსაჯობაზე, უსამართლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

ამიტომაც საფეხბურთო კლუბმა "სევილიამ" გადაწყვიტა, უჩივლოს მატჩის არბიტრს და გაასაჩივროს ივან რაკიტიჩის ყვითელი ბარათი, რომელიც ხორვატი ნახევარმცველისთვის მე-5 გამოდგა და ის ვიგოში თამაშს გამოტოვებს; აგრეთვე, მედელისა (სესკ ფაბრეგასმა თითქოს ისიმულიანტა) და მიჩელის გაძევებები (მიჩელი მე-4 მსაჯთან კამათისთვის გააძევეს).

"სევილია" ფეხბურთის ფედერაციისგან სამივე ამ ეპიზოდის შესწავლას მოითხოვს. მატეუ ლაოსის რაპორტში წერია, რომ მიჩელმა მსაჯობას უსირცხვილო უწოდა.

მატეუ ლაოსი ისეთი მსაჯია, რომ ამ შეხვედრის მეორე მხარეც კი უკმაყოფილო დატოვა - ჩავი ერნანდესი ამტკიცებს, რომ ლაოსი იმ ყაიდის მსაჯია, რომელსაც შეუძლია თავისი უაზრო გადაწყვეტილებებით წყობიდან გამოგიყვანოს.

"ეს რეფერი ორივე გუნდს ვნებს. ის თამაშის სადავეებს ხელიდან უშვებს. ის საფეხბურთო თვალსაზრისით წყობიდან გამოგიყვანს, იმიტომ, რომ აშკარა ჯარიმებს არ დებს, თანაც ამას ყოველგვარი მიკერძოების გარეშე აკეთებს. მაგრამ ამავე დროს, ვიცით მისი სტილი და შესაბამისად ვმოქმედებთ", - განაცხადა ჩავიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული