49 წლის მწვრთნელმა ამ ინტერვიუში, როგორც სჩვევია ხოლმე, რამდენიმე ფრთიანი ფრაზა თქვა.
პოპულარობა
მოურინიო კარგად აცნობიერებს, რომ მისი პერსონა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, თუმცა ეს მას ნაკლებად აღელვებს. კიდევ უფრო საოცარია, თუ როგორ გამოხატავს ამას "განსაკუთრებული":
"იესო ქრისტე ყველას კი არ უყვარს; უფრო მეტს კი არ ვუყვარვარ მე", - უთხრა "ა ბოლას" ჟოზემ.
როგორ თვლის თავად მწვრთნელი, შეიცვალა თუ არა ის წლების განმავლობაში? "ახლა უფრო გამოცდილი
დასამტკიცებელი აღარაფერია
მწვრთნელს "რეალის" გეგმებსა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაზეც დაეკითხნენ: "ლიგის მოგება აკვიატებული სულაც არ მაქვს. ჩემი პირადი ამბიცია ამ მხრივ უკვე დავიკმაყოფილე "პორტუსთან" და "ინტერთან" ერთად. თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიბრძოლებთ ლიგის მოსაგებად".
ფალკაო
"რეალის" თავკაცს მომავალ სატრანსფერო ჭორებზეც დაეკითხნენ, რამდენად არის შესაძლებელი კოლუმბიელი რადამელ ფალკაოს ყიდვა, თუმცა პორტუგალიელმა აღნიშნა, რომ "რეალმა" და "ატლეტიკომ" "თავდაუსხმელობის პაქტი" დადეს. სწორედ ამის გამო მას ფალკაოს შეძენის შანსიც კი არა აქვს: "ფალკაო - ეს აკრძალული ხილია.
ფალკაო ფანტასტიკური ფეხბურთელი და ბიჭია. რა გაეწყობა, მას წარმატებას "ატლეტიკოში" ვუსურვებ".
პეპე
ბოლო დროს "რეალის" პორტუგალიელ მცველ პეპესა და "ბარსელონას" ფეხბურთელებს და მწვრთნელს შორის ნამდვილი ომია პრესის ფურცლებზე. ეს მას მერე დაიწყო, რაც პეპემ "ბარსას" ფეხბურთელები მსახიობობაში დაადანაშაულა.
პეპეს ბევრი აკრიტიკებს თუნდაც ამ გამონათქვამების გამო, მაგრამ, აი, რას ამბობს ამ საკითხზე "განსაკუთრებული": "პეპე საოცარ სიტუაციაშია. მისმა მტრებმა შექმნეს მონსტრის იმიჯი, რის გამოც ახლა პეპე ყოველ მატჩში იღებს ყვითელ ბარათებს, თუნდაც მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდეს, მაგრამ ეს იმიჯი ხელს ვერ შეუშლის "რეალის" ფანებს, უყვარდეთ პეპე, რადგან პეპე თავს დებს კლუბისთვის".
მესი თუ რონალდო
ბუნებრივია, მოურინიო ვერ ასცდებოდა კრიშტიანო რონალდოს და ლიონელ მესის შედარებას.
მოურინიოსთვის კრიშტიანო პლანეტის ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელია: "ოქროს ბურთი საუკეთესომ უნდა მიიღოს. ასეთი ახლა ორია, რონალდო და მესი. მაგრამ თუ ორივე თანაბარია, რატომ აქვს ერთს ეს პრიზი 4-ჯერ მიღებული, მეორეს კი მხოლოდ ერთხელ? ვფიქრობ, წლეულს უსამართლობა იქნება, რომ პრიზი რონალდომ არ მიიღოს".
რატომ რონალდო
სხვათა შორის, მოურინიომ საინტერესო რამ თქვა ამ ორი ფეხბურთელის შედარებისას: "ჩემი აზრით, რონალდოობა გაცილებით რთულია, ვიდრე იყო მესი. ლეო "ბარსელონაში" იზრდებოდა. ის იქ ყველას უყვარდა.
რონი კი ინგლისიდან იყიდეს. გუნდში, რომელიც იმ დროს ტიტულებს ვერ იგებდა, მას უნდა დაემტკიცებინა თავისი კლასი და გუნდიც აეყოლიებინა", - ამბობს ჟოზე.
და მაინც, რომელია უკეთესი ობიექტურად, მესი თუ რონალდო: "კვირის კლასიკოს შემდეგ დამისვეს ეს კითხვა. მინდოდა, რომ არც ერთი მათგანი არ დამემწუხრებინა, რადგან ისინი ამას არ იმსახურებენ.
თუმცა ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ფეხბურთელი არ არის დაბადებული მადეირაზე. ის ალბათ მარსიდანაა, უცხოპლანეტელია.
ამიტომაც ის არის სწორედ საუკეთესო. მესი 9-იანის, არა, უფრო 9,5-ის პოზიციაზე თამაშობს. ის ბურთს გოლის გასატანად ყველაზე ხელსაყრელ ადგილას იღებს. მას არავინ ავალდებულებს უკან ჩამოსვლას. რონალდო კი გარემარბია.
როგორ შეიძლება გარემარბმაც იმდენი გოლი გაიტანოს, რამდენიც ცენტრფორვარდმა? მაგრამ რონალდოს გააქვს, თანაც ის ახერხებს უკან ჩამოსვლას და დაცვის დახმარებას, თუნდაც 20-ჯერ თამაშში. კლასიკოზე პედროს კარგი მცველივით დაჰყვებოდა. ამიტომ რონალდო უკეთესია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"