მადრიდის "რეალი": იკერის კასილიასის საიუბილეო 400

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" კაპიტანმა იკერ კასილიასმა "სელტასთან" გამარჯვებით კლუბის მაისურით საიუბილეო, მე-400 მოგება მოიპოვა.

სხვათა შორის, იკერი მხოლოდ მესამე რეალელია, ვინც ამ ბარიერს უწია რაულისა (427 გამარჯვება) და სანჩისის (412) შემდეგ. კასილიასმა ახლახან ლა ლიგაში მე-300 ტრიუმფი იზეიმა.

იკერის 400-ეული ამათგან შედგება: 301 მოგება ლა ლიგაში, 73 - ევროთასებზე, 18 - კოპა დელ რეიზე, 4 - ესპანეთის სუპერთასზე, 2 - მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე და თითო ევროპის სუპერთასზე და საკონტინენტთაშორ
ისო თასზე.

კასილიასმა პირველი გამარჯვება 1999 წელს იზეიმა. 14 სეზონის განმავლობაში ყველაზე "მოსავლიანი" ის წლები ჰქონდა იკერს, როცა მას ჟოზე მოურინიო წვრთნიდა (სეზონში სულ მცირე, 40 გამარჯვება).

კასილიასს სულ რაღაც 27 გამარჯვება რჩება რაულ გონსალესის რეკორდამდე. ამის მიღწევა კი მას ამ სეზონშივე შეუძლია.

ამასობაში "რეალთან" ერთად გოლკიპერს 15 ტიტული დაუგროვდა: ჩემპიონთა ლიგა ორჯერ (2000, 2002), საკონტინენტთაშორისო თასი ორჯერ (1998, 2002), ევროპის სუპერთასი (2002), ლა ლიგა ხუთჯერ (2001, 2003, 2007, 2008, 2012), კოპა დელ რეი (2011), ესპანეთის სუპერთასი 4-ჯერ (2001, 2003, 2008, 2012). ინდივიდუალურ ტიტულებს ხომ თვლა არ აქვს.

მარსელო ჰოლანდიაშია
სანამ "რეალი" "სელტას" ამარცხებდა ლა ლიგის VIII ტურში, გუნდის ბრაზილიელი მარცხენა მცველი მარსელო ჰოლანდიაში ოპერაციას იკეთებდა.

24 წლის მარსელოს ექიმმა ნიკ ვან დეიკმა ამსტერდამის კლინიკაში ფეხზე მე-5 მეტატარსული ძვლის მოტეხილობის ოპერაცია გაუკეთა.

ოპერაცია წარმატებული გამოდგა, თუმცა მარსელო 23 ოქტომბრამდე კლინიკაში დარჩება, შემდეგ კი ესპანეთის დედაქალაქში დაბრუნდება.

წლეულს ბრაზილიელის თამაში გამორიცხულია.

ვარანის ზედიზედ მე-17 მოგება
19 წლის რაფაელ ვარანი ჟოზე მოურინიომ გამოცდილ რაულ ალბიოლს არჩია და დაცვის ცენტრში პეპეს შეუწყვილა.

ფრანგი ფეხბურთელი ჯერჯერობით დაუმარცხებელია "რეალში" - სულ 18 მატჩში მოირგო თეთრი მაისურა და აქედან 17-ში "რეალმა" იმარჯვა, ერთი კი ფრედ დაასრულა.

ვარანს ერთი წლის წინათ, 21 სექტემბერს "რასინგთან" მატჩში ჰქონდა დებიუტი. სხვათა შორის, ის შეხვედრა დასრულდა ფრედ და მას მერე, თუკი ვარანი მოედანზეა, "რეალი" აუცილებლად იგებს ზედიზედ 17 მატჩია. 18-დან 16 მატჩში ფრანგი სასტარტოში იყო და შვიდ შემთხვევაში "რეალმა" კარი "მშრალად" შეინახა.

ეს სტატისტიკაც მეტყველებს, რომ ლილელი ჭაბუკი, რომელიც "რეალმა" 10 მილიონ ევროდ იყიდა "ლანსისგან", "სამეფო კლუბის" მომავალია.

ზიზუ მოუსთან უთანხმოებას უარყოფს
ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა ზინედინ ზიდანი უარყოფს ხმებს, თითქოს მას პრობლემები ჰქონდეს "რეალის" თავკაც ჟოზე მოურინიოსთან.

მეტიც, ზიდანი ამბობს, რომ ძალიან ბევრი ისწავლა პორტუგალიელი სპეციალისტისგან.

"საფრანგეთში დაბრუნება და დამოუკიდებელი მწვრთნელობის დაწყება ჩემი ინიციატივა იყო. ჩემი სურვილია, ყოველდღიურად ვიყო მოედანზე, ჩავება ფეხბურთის ორომტრიალში. ეს კი მწვრთნელობით არის შესაძლებელი", - განუცხადა 40 წლის ზიდანმა "სპორტ 365-ს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული