მისი მშობლიური მხარე კატალონიასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ვალენსიასთან. მას "ვალენსიის" გარდა კიდევ ორ კლუბში უთამაშია, მაგრამ მაინც ძნელი წარმოსადგენია "ასტურიელი "ბავშვი" ("ელ გუახე") "ღამურების" წინააღმდეგ. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ამას ამაღამ ვიხილავთ!
სეზონის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მე-7 ტურში "კამპ ნოუზე" გასამართ მატჩში ლიდერი "ვალენსია" იქნებოდა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხოსეპ გვარდიოლას გუნდი "ღამურებს" დაამარცხებს, "ბარსელონა" მხოლოდ გაუთანაბრდება ქულებით მას. ბუნებრივია, ტურის მთავარი დაპირისპირებაც ეს შეხვედრაა. ლა ლიგას ამ უქმეების მენიუში მცირე მადრიდული დერბი, "რეალის" ვიზიტი ანდალუსიაში და ზედიზედ ხუთი თამაშის
ხოსეპ გვარდიოლას ბანაშკი კარგი ამბებია, პარასკევს მატჩისთვის მზადებაში მონაწილეობა მიიღეს ტრავმამოშუშებულმა ჩავიმ, პედრომ და დავიდ ვილიამ. გვარდიოლასთვის სამი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის დაბრუნება ბევრს ნიშნავს. შეგახსენებთ, რომ ვილია პირველ ორს ლაზარეთში ესპანეთის ნაკრებში თამაშის დროს დაშავებისას დაემატა. "ელ გუახეს" მუხლი აწუხებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ტრავმა სერიოზული არაა და ის ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშებს. მატჩში მთავარი ინტრიგაც ეს არის - ვილია "ვალენსიას" წინააღმდეგ.
პედრომ "მალიორკასთან" მატჩში მიღებული ტრავმა მოირჩინა, ჩავიმ კი დასვენების შემდეგ პირველად გააგორა ბურთი. "ბარსელონაში" დაშავებული აღარავინაა, ადრიანომ ბრაზილიის ნაკრებშიც შეძლო თამაში, ხოლო გაბი მილიტომ სამშაბათს ვარჯიშზე მიღებული ტრავმა მოიშუშა. გვარდიოლას მეთვალყურებით 19-მა ფეხბურთელმა ივარჯიშა, რომელთაც პეპმა ტიაგო ალკანტარა დაუმატა. ჩავი და პედრო ალბათ უფრო შეცვლაზე შემოვლენ, ვილია კი სასტარტო წუთებიდან დაიწყებს.
სხვათა შორის, გუნდებს ახალი საფარი დახვდებათ - "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ სანაკრებო პაუზით ისარგებლა და მინდვრის საფარი მთლიანად გამოცვალა. ასე რომ, "ყანა" აღარც "კამპ ნოუზეა".
მოკლედ უნაი ემერის გუნდის უპირატესობა (ჯერ კიდევ ერთი დღის წინ ამბობდნენ, "ბარსას" ცენტრალურ მატჩში ლიდერები არ ეყოლებაო) თვალსა და ხელს შუა შემოეცალა. სამაგიეროდ, ვინც მართლა არ იქნება ეს "ვალენსიას" ერთ-ერთი ლიდერი ხოაკინ სანჩესია. ასევე გამორიცხულია პორტუგალიელი მიგელის თამაშიც. ამით უნაი ემერის დანაკლისი არ ამოიწურება: მეჰმეთ თოფალს წელი სტკივა (არადა რა კარგად ითამაშა თურქმა ბოლო ტურში), მარიუს სტანკევიჩიუსს ბოლო დღეებში გასტროენტერიტის გამო არ უვარჯიშია, მაგრამ კატალონიაში შეიძლება ითამაშოს. ნაკლებად გაუმართლათ ჰედვიგეს მადუროსა და ახალგაზრდა ფრანგ შემტევ სოფიან ფეგულის, ისინი "ბარსელონასთან" ვერ ითამაშებენ. სულ ბოლოს "ლოს ჩეს" არგენტინელი ალეხანდრო "ჩორი" დომინგესიც გამოაკლდა, კაცი, რომელსაც მეორე ტაიმში თამაშის გამწვავება შეუძლია. ჯერ უცნობია ამის მიზეზი ტრავმაა თუ უნაი ემერის პრინციპები - ფაქტია, ის 18 კაციან განაცხადში არ იქნება. ამდენი უარყოფითი ინფორმაციის შემდეგ "ვალენსიას" გულშემატკივრებს გავახარებთ, რომ საკმაო ხნის შემდეგ მწყობრში ჩადგა არგენტინელი ნახევარმცველი ევერ ბანეგა.
უნაი ემერი: "ჩვენ გვსურს, რომ თამაშის ყველა ასპექტი დავხვეწოთ. საამისოდ კი ყველაზე კარგი საშუალება "კამპ ნოუზე" მოგებაა. ეს ის სტადიონია, სადაც შეიძლება მწარე დარტყმა მოგაყენოს ძალიან ძლიერმა მეტოქემ, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, ძალიან კარგად მოვემზადეთ ამ შეხვედრისთვის. "ბარსას" დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ შიშით არ გავალთ. სხვანაირად არ შეიძლება, შიშით "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაში თვითმკვლელობაა. უნდა გამოვავლინოთ ძლიერი ხასიათი, საუკეთესო საფეხბურთო თვისებები, რა თქმა უნდა, ეს ძნელია - მეტოქემ შარშან მხოლოდ ერთი ფრე ითამაშა შინ, ძნელია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია".
პეპ გვარდიოლა: "ჩავის ისევე სურს თამაში, როგორც სხვებს, მაგრამ ჩემთვის მის სურვილზე მნიშვნელოვანი მისივე ჯანმრთელობაა, საბოლოო გადაწყვეტილებას კლუბის ექიმებთან ერთად გამოვიტან. დღეისათვის ასე ვიტყოდი - ჩავიმ შეიძლება მიიღოს მატჩში მონაწილეობა. ჩვენ ზოგჯერ უზომოდ ბევრს ვთხოვთ სპორტსმენებს. "ვალენსია" კარგი გუნდია. სხვების არ ვიცი და მე არ გამკვირვებია მეტოქის ასეთი კარგი სტარტი. "ვალენსიამ" ორი კარგი შემტევი დაიმატა სეზონის წინ, სოლდადო და ადურისი".
სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დ. ალვეში, პიკე, პუიოლი, აბიდალი - კეიტა, მასკერანო, ინიესტა - მესი, ვილია, კრკიჩი.
ვალენსია (4-2-3-1): სესარი - ბრუნო, რ. კოშტა, ნავარო, მატიო - ალბელდა, ბანეგა - პ. ერნანდესი, მატა, ვისენტე - სოლდადო.
სანაკრებო პაუზის წინ მადრიდის "რეალმა" "დეპორტივოს" გადაურბინა - 6:1. ახლა ჟოზე მოურინიოს გუნდი "მალაგას" სტუმრობს. ეტყობა მწვრთნელსა და ახალწვეულ პედრო ლეონს შორის გაუგებრობა მართლა დასრულდა, პორტუგალიელმა მატჩის განაცხადში შეიყვანა "ხეტაფეს ზიდანი". სხვათა შორის, ტრავმები მოირჩინეს და გუნდთან ერთად ემზადებიან სერხიო კანალესი და რაულ ალბიოლი. შოტლანდიის ნაკრებთან მიღებული ტრავმა არ გამოდგა სერიოზული და "მალაგასთან" სერხიო რამოსი აუცილებლად ითამაშებს. ასე რომ, მოურინიოს მხოლოდ გარაი, გაგო და კაკა დააკლდება.
"მალაგა" რუბენ მარტინესს მოისაკლისებს, მან ვარჯიშზე დაიშავა მხარი. ასე რომ, კარში როდრიგო გალატო ჩადგება. დისკვალიფიცირებულ ელიზეუს ალბათ სებასტიან ფერნანდესი შეცვლის.
ჟოზე მოურინიო: "გეთანხმებით, რომ სტუმრად თამაშის ხარისხი მოსამატებელი გვაქვს. თუკი "მალაგას" დამარცხება გვსურს უკეთ უნდა ვითამაშოთ, ვიდრე ლიგის სხვა საგარეო მატჩებში შევძელით. მეტოქე ძლიერია, შინ კარგად თამაშობს და ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს. ყველაზე მთავარი და ძნელი ისაა, როგორ "დავავიწყებინო" ჩემს ფეხბურთელებს, რომ სამშაბათს მათ უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვთ ჩემპიონთა ლიგაში".
სავარაუდო შემადგენლობები
მალაგა (4-3-2-1): გალატო - გამესი, ველინგტონი, სტადსგაარდი, მტილიგა - ფერნანდო, აპონიო, ს. სილვა - ქუინსი, ლუკე - რონდონი.
რეალი (4-3-2-1): კასილიასი - რამოსი, რ. კარვალიო, პეპე, მარსელო - ხედირა, ჩაბი ალონსო, იოზილი - დი მარია, რონალდო - იგუაინი.
დღეს
ატლეტიკო-ხეტაფე 20:00
ბარსელონა-ვალენსია 22:00
მალაგა-რეალი 00:00
ხვალ
დეპორტივო-ოსასუნა 19:00
ლევანტე-სოსიედადი 19:00
მალიორკა-ესპანიოლი 19:00
რასინგი-ალმერია 19:00
ბილბაო-სარაგოსა 21:00
სპორტინგი-სევილია 23:00
ერკულესი-ვილიარეალი 23:00
თ მ ფ წ ბ ქ
1. ვალენსია 6 5 1 0 11-4 16
2. ვილიარეალი 6 5 0 1 12-4 15
3. რეალი 6 4 2 0 12-2 14
4. ბარსელონა 6 4 1 1 10-5 13
5. სევილია 6 3 2 1 10-6 11
6. ხეტაფე 6 3 1 2 11-8 10
7. ატლეტიკო 6 3 1 2 10-7 10
8. ესპანიოლი 6 3 0 3 5-9 9
9. მალიორკა 6 2 2 2 5-6 8
10. ბილბაო 6 2 1 3 9-9 7
11. მალაგა 6 2 1 3 12-12 7
12. სოსიედადი 6 2 1 3 6-9 7
13. ერკულესი 6 2 1 3 5-6 7
14. ალმერია 6 1 3 2 5-5 6
15. ოსასუნა 6 1 2 3 4-6 5
16. სპორტინგი 6 1 2 3 6-11 5
17. ლევანტე 6 1 2 3 5-11 5
18. რასინგი 6 1 1 4 3-8 4
19. სარაგოსა 6 0 3 3 5-10 3
20. დეპორტივო 6 0 3 3 3-11 3
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"