ტიტო ვილანოვას გუნდმა 4:1 გაანადგურა მეტოქე და მას 9 ქულით გაუსწრო.
პიკე 200
კვირის მატჩი გამორჩეული იყო 25 წლის მცველ ჟერარდ პიკე ბერნაბეუსთვის - მან "ბარსას" მაისურა ოფიციალურ მატჩებში მე-200-ედ მოირგო! პიკეს დებიუტი 2008 წელს ჰქონდა.
მას შემდეგ ჟერარდმა 14 გოლი გაიტანა, მიუხედავად იმისა, რომ გოლების გატანა მისი
ამ ხნის განმავლობაში ცენტრალურმა მცველმა "ბარსასთან" ერთად 14 ტიტული მოიგო (ლა ლიგა (3), ჩემპიონთა ლიგა (2), საკლუბო ჩემპიონატი (2), ესპანეთის თასი (2), ევროპის სუპერთასი (2) და ესპანეთის სუპერთასი (3)).
"შესანიშნავ ფორმაში ვარ, ძველი ტრავმის კვალიც არ დარჩენილა. მიხარია, როცა ჩემი თანაგუნდელების ასეთ თამაშს ვხედავ და მონაწილე ვარ. როცა აქ დავბრუნდი, პეპი მენდო და თავის გამოსაჩენად უხვად დრო მომცა.
გული მხოლოდ შარშანდელ სეზონზე მწყდება, ის არ იყო საუკეთესო ჩემს კარიერაში, მაგრამ პრობლემები უკან მოვიტოვე, როგორც ფეხბურთელი ვუმატებ და გამოცდილიც ვხდები", - განაცხადა "ბარსა ტვ-ში" სტუმრად მიწვეულმა "იუბილარმა".
კარგი იყო ატლეტიკო... პირველ ტაიმში
თამაშის წინ კლუბმა სამი ყოფილი ფეხბურთელი დააჯილდოვა: დეკუ, სილვინიო და სეიდუ კეიტა.
პრესკონფერენციაზე ტიტო ვილანოვამ "ატლეტიკოს" მიმართ დითირამბები არ დაიშურა - "ნებისმიერ სხვა ლიგაში მადრიდის "ატლეტიკო" ასეთი თამაშით ლიდერი იქნებოდა. მეტოქეს დიდებული ფინიში ჰქონდა ბოლო სეზონში და ახლა დიდებული სტარტი აქვს.
ასეთი სტაბილურობა კი მხოლოდ ძლიერთა ხვედრია. ეს გუნდი მეტია, ვიდრე მხოლოდ რადამელ ფალკაო".
და მართლაც, პირველ ტაიმში სტუმრებმა აჩვენეს თავიანთი რეალური ძალა. განსაკუთრებით რადამელ ფალკაო გამოირჩეოდა, რომელიც სანამ თავის ბრწყინვალე გოლს გაიტანდა, 2-ჯერ ძალიან ახლოს იყო გატანასთან (ერთხელ სულაც ძელს გაარტყა ბურთი).
მაგრამ ყველაფერი თავის ადგილზე პირველივე ტაიმში დადგა, ამაში კი ლომის წილი 28 წლის ადრიანო კორეიამ დაიდო - როგორც შემდეგ ვილანოვამ თქვა, ადრიანოს გოლმა "ბარსა" გამოაღვიძა - ბრაზილიელმა მახვილი კუთხიდან ძალიან მაგარი გოლი გაიტანა.
ტაიმის ბოლოს კი მასპინძლებმა სტუმართა საჯარიმოში ალიაქოთით ისარგებლეს და სერხიო ბუსკეტსმა ლიდერი დააწინაურა. დიეგო სიმეონემ სწორედ ეს თქვა თამაშის მერე: პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთო. ცამდე მართალია არგენტინელი სპეციალისტი, მაგრამ ფეხბურთი 90 წუთს გრძელდება.
ჩარხი პირველივე ტაიმში შემოტრიალდა, მეორეში კი ლეო მესიმ ორი ლურსმანი ჩააჭედა "ატლეტიკოს" საჩემპიონო ამბიციას - 4:1 და 9 ქულით ჩამორჩენილ "როხიბლანკოს", 13 ქულით ჩამორჩენილ "მერენგესზე" დიდ კონკურენტად "ბარსელონასთვის" ვერ განვიხილავთ - ერთის და მეორის შანსებიც ძალიან მინიმალურია. ნუთუ ყველაფერი გადაწყდა?
ჩვენ შენ გვიყვარხარ... მოურინიო!
მეორე ტაიმში, როცა "კამპ ნოუ" დამშვიდდა, ტრიბუნებმა მხიარული შეძახილები წამოიწყეს - მთავარი თემა კი "რეალის" თავკაცი ჟოზე მოურინიო იყო.
კატალონიელმა ფანებმა უკვე იცოდნენ, რომ "რეალმა" მორიგი ორი ქულა დაკარგა. "ჩვენ შენ გვიყვარხარ, მოურინიო. გვინდა, რომ დარჩე", - ისმოდა ტრიბუნებზე.
კატალონიელები აქცენტს აკეთებდნენ იმაზე, რომ პორტუგალიელის ხელში "სამეფო კლუბი" "ბარსელონას" კონკურენტი ვერ არის.
სხვათა შორის, მოურინიოს თავს მხოლოდ "ბარსას" გულშემატკივრები არ დასხმიან. ამას წინათ, პორტუგალიელმა ლეო მესის "უკბინა", როცა განაცხადა, არ გამიგია, კაცი საკაცით გაეყვანოთ და ორ დღეში ისე ეთამაშოს, ყველა გაეკვირვებინაო.
მოუ მესის "ბენფიკასთან" მიღებულ ტრავმას გულისხმობდა და ირიბად მას არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებდა (თუმცა არ უხსენებია, ვისზე საუბრობდა).
ჟერარდ პიკემ თქვა: "პრობლემის არსი იმაშია, რომ მოურინიოს ფეხბურთი არ უთამაშია და ისეთი ნიუანსები არ ესმის, რომელთაც მხოლოდ მოედანზე ყოფნისას თუ გამოიმუშავებ".
იცით თუ არა, რომ...
* ლეო მესიმ 2012 წელს 90 გოლი გაიტანა. მას ერთი თამაში კიდევ რჩება, სტუმრად "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ.
* ამ სეზონში მე-6-ედ შემოაბრუნა "ბარსამ" თამაშის ბედ-იღბალი.
* მესის ლა ლიგის 16 ტურში უკვე 25 გოლი აქვს გატანილი. ლა ლიგის ისტორიას ასეთი უხვგოლიანობა არ ახსოვს.
* ორი და მეტი გოლი ლეომ ამ სეზონში 14-ჯერ გაიტანა, ბოლო 6 მატჩში - ზედიზედ.
* ადრიანოს ანგარიშზე უკვე 6 გოლია სეზონში. აქედან 5 - ლა ლიგაში.
* მას მერე, რაც ბუსკეტსმაც გაიტანა, "ბარსას" 15 ფეხბურთელს აქვს გატანილი ამ სეზონში (13-ს ლა ლიგაში).
* 2012 წელს "ბარსელონამ" 172 გოლი გაიტანა და შარშანდელი რეკორდი (170) დაამხო.
* "ატლეტიკოსთან" მატჩში "ბარსას" ბურთის ფლობის 74% ჰქონდა. ბურთზე კონტროლმა კი მეტოქის კარში 6 ზუსტი დარტყმა გამოიწვია, "ატლეტიკოს" ერთის წინააღმდეგ.
* ბოლოს ამ ანგარიშით "ბარსამ" "ატლეტიკოს" 1968/69 წლების სეზონში აჯობა.
* 17 დეკემბერს "ბარსელონამ" მსუბუქი ვარჯიში ჩაატარა. ძირითადად, ის ფეხბურთელები დაიტვირთნენ, რომელთაც თამაში არ მოუწიათ. "ბარსას" ვარჯიშს კი ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი ხუან სებასტიან ვერონი დაესწრო.
ვილია ზამთარში არ წავა
არ მართლდება ხმები, თითქოს დავიდ ვილია და ალექსის სანჩესი "ბარსელონას" უკვე ამ სატრანსფერო სეზონში (იანვარში) დატოვებენ.
ვილიას ბედი უკვე დაუკავშირეს ინგლისურ კლუბებს (კერძოდ, "ლივერპულს"), მაგრამ თავად "ელ გუახსეს" არსად სურს წასვლა, იანვარში კი ეს, უბრალოდ, გამოირიცხა. ლა ლიგაში ვილია 6-ჯერ მოხვდა ძირითადში, ხოლო სანჩესი - 5-ჯერ.
ორივე ტრავმირებული იყო, თუმცა ჯანზე მყოფებიც ხშირად ვერ ხვდებიან ვილანოვას 11-ეულში. "ყველაზე რთული იმ 11 კაცის დასახელებაა, რომლებმაც უნდა ითამაშონ, რადგან ამ გუნდში სათამაშოდ ბევრია მზად", - თავს იმართლებს ტიტო, თუმცა მიაჩნიათ, რომ 31 წლის "ელ გუახეს" მწვრთნელი აღარ ენდობა, ხოლო სამხრეთამერიკელი "ბარსელონას" სტანდარტებს, უბრალოდ, არ შეეფერება.
ვილიას საწინააღმდეგოდ მესისთან მუდმივი ქიშპობაც მეტყველებს, თუმცა ორივე ფეხბურთელი ამას უარყოფს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"