ასე, ჩვენს თვალწინ, "განსაკუთრებულად" წოდებული ჟოზე მოურინიო ხდება ყველაზე თავზეხელაღებული მწვრთნელი "სამეფო კლუბის" ისტორიაში...
თქვენს წინაშეა ლა ლიგის მე-18 ტურის შეჯამება, ტურისა, რომელშიც "ბარსელონამ" მდევართან ჰანდიკაპი 11 ქულამდე გაზარდა.
ბარსა-რეალობა
ისტორიას სათადარიგოთა სკამზე მსხდომები ქმნიან, ყოველ შემთხვევაში, ეს ტური ამ ფორმულას კარგად ერგება: სწორედ ჟოზე მოურინიო, ტიტო ვილანოვა და იკერ კასილიასი იყვნენ ტურის მთავარი გმირები თუ
ამ ტურში "ბარსას" და "რეალს" შორის სხვაობა არ შემცირებულა (თუმცა ამის შანსი კი იყო), ეს სხვაობა ისედაც კატასტროფულია - 16 ქულა!
მესი VS რონი
ლიონელ მესიმ 90 წუთი ითამაშა "ესპანიოლთან" 4:0 მოგებულ მატჩში. მან კარისკენ 5-ჯერ დაარტყა, 2-ჯერ ზუსტად, გაიტანა 1 გოლი და გააკეთა 1 საგოლე გადაცემა. მის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
კრიშტიანო რონალდომ 90 წუთი ითამაშა "რეალ სოსიედადთან" 4:3 მოგებულ მატჩში. მან კარისკენ 14-ჯერ დაარტყა, 5-ჯერ ზუსტად, 2 გოლი გაიტანა. მის წინააღმდეგ 4-ჯერ დაჯარიმდნენ, თავად ერთხელ დაარღვია თამაშის წესი და ყვითელი ბარათი მიიღო.
"ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში მორიგ მარცხამდე 1 დღით ადრე კრიშტიანომ ჩვენს "ტურნირში" აჯობა მესის და ოდნავ შეამცირა ჩამორჩენა არგენტინელთან - 8:13.
რონალდოს შეწყვეტილი სიმღერა
შარშან კრიშტიანო რონალდომ "რეალის" ყველა თამაშში მიიღო მონაწილეობა, მისთვის ხელი არც ტრავმას და არც დისკვალიფიკაციას არ შეუშლია.
აი, წლეულს კი მეორე ტურშივე ექნება კრიშტიანოს წყვეტა - მან სეზონში მე-5 გაფრთხილება მიიღო და "ოსასუნასთან" მატჩს ავტომატურად გამოტოვებს, ისევე, როგორც ანტონიო ადანი.
იცით თუ არა, რომ...
* ტიტო ვილანოვამ გუნდს უხელმძღვანელა სიმსივნეზე ოპერაციის გაკეთებიდან 17 დღეში.
* პედრო როდრიგესმა თითქმის ხუთთვიანი პაუზის მერე გაიტანა გოლი, თანაც ორი. არადა, 18-დან 17 შეხვედრაში სასტარტოში იყო.
* "რეალის" კარში ჰეთ თრიკის ავტორმა ჩაბი პრიეტომ უკვე 6 გოლი გაუტანა კარიერაში "სამეფო კლუბს".
* მადრიდის "რეალმა" ბოლო 133 კუთხურიდან ერთშიც კი ვერ იხეირა, გოლი ვერ გაიტანა.
ტურის ფრაზები
ჟოზე მოურინიო: "სიტუაცია, როცა ფანები მე მერჩიან, მაგრამ კლუბს მხარს უჭერენ, მაწყობს კი არა, ძალიან მაწყობს", - "რეალის" ფანების ობსტრუქციის შესახებ.
ხოსე ლუის მენდილიბარი: "ესპანეთის ჩემპიონატში "ოსასუნას" წინააღმდეგ ჩასტვენაზე ადვილი არაფერია", - "ოსასუნას" თავკაცი ამტკიცებს, რომ ნავარულ კლუბს კვლავ ჩაგრავენ.
ხავიერ აგირე: "საფეხბურთო სამყაროზე მაღლა "ბარსელონაა", - 0:4 წაგებული დერბის შემდეგ.
ხუან ანკელა: "უნდიანო მალენკო საერთაშორისო არბიტრია, ესპანეთში საუკეთესო... თეორიულად. აი, პრაქტიკულად კი..." - გამონათქვამი, რის გამოც "გრანადას" თავკაცი შესაძლოა, დასაჯონ.
დომინგუშ პასიენსია: "მე უფრო მეტი და უფრო კარგად მსურს", - "დეპორის" ახალი მწვრთნელი ამბიციურია.
ფილიპ მონტანიე: "ეჰ, რა უნიკალური შანსი გავუშვით ხელიდან "სანტიაგო ბერნაბეუზე", - "რეალ სოსიედადის" თავკაცის სინანული მადრიდული მარცხის მერე.
პაკო ხემესი: "ვფიქრობ, სეზონში საუკეთესო მატჩი ვითამაშეთ", - "რაიო ვალეკანოს" მწვრთნელი მადრიდული დერბის მოგების შემდეგ.
ლუის გარსია: "რაც "ხეტაფეს" მწვრთნელი ვარ, ეს ჩვენი უარესი თამაში იყო", - მადრიდული დერბის წაგების შემდეგ.
ძალიან ცუდი კაცები ესპანურ ფეხბურთში
ტრადიციას დავარღვევთ და ერთ რომელიმე ფაქტს არ გამოვყოფთ.
ვიტყვით მხოლოდ, რომ "მალიორკა"-"ატლეტიკოს" (1:1) მსაჯს, მატეუ ლაოსს "მარკამ" 10-ბალიანი სისტემით 2-იანი დაუწერა. "სელტა"-"ვალიადოლიდის" (3:1) მსაჯმა, ველასკო კარბალიომ 4-იანი დაიმსახურა, "სევილია"-"ოსასუნას" რეფერიმ, დელ სერო გრანდემ - 1-იანი, "გრანადა"-"ვალენსიას" (1:2) მსაჯმა, ალბერტო უნდიანო მალენკომ - 0!
ყველა ზემოჩამოთვლილი დაპირისპირების ბედი მსაჯთა შეცდომებმა გადაწყვიტა. მოკლედ, ესპანეთში, მსაჯობის მხრივ, კატასტროფაა - თუკი ლა ლიგა საფეხბურთო თვალსაზრისით საუკეთესოა მსოფლიოში, მსაჯობის მხრივ, არა გვგონია, ის ასეულში შევიდეს.
სხვათა შორის, ზემოჩამოთვლილი მსაჯები იოლად "გამოძვრნენ". აი, ვიტიენეს ტეიშეირას კი "სარაგოსას" ფეხბურთელმა ალვარო გონსალეს არაგონმა "ძალიან ცუდი კაცი" (ვიცავთ ცენზურას) უწოდა, რისთვისაც წითელი ბარათი უმალ მიიღო.
სხვათა შორის, ტეიშეირამ 6 ბალი მიიღო და სხვებზე უკეთ ნამდვილად იმსაჯა.
ტურის საუკეთესო გოლი
ვისენტე იბორა (ლევანტე) - "ბილბაოს" კარში
ტურის საუკეთესო პასი
სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა) - საგოლე პასი პედროს
ტურის სტატისტიკა
33 გოლი ტურში (3,3 მატჩში). 7 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 1 ფრედ დასრულდა და 2 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 54 ყვითელი ბარათი, 6 წითელი დაარიგეს.
ჰეთ თრიკი: ჩაბი პრიეტო (რეალ სოსიედადი)
დუბლი: კრიშტიანო რონალდო (რეალი), პიტი (რაიო ვალეკანო), პედრო (ბარსელონა), იაგო ასპასი (სელტა).
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: აიმერიკ ლაპორტე (ბილბაო, 18 წლის).
ყველაზე მეტი მაყურებელი: 73 800 - "კამპ ნოუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 11 000 - "ტერესა რივერო"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 28 - ვალენსია
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 11 - რეალი
ყველაზე მეტი ჯარიმა: 24 - დეპორტივო
ყველაზე მეტი კუთხური: 13 - ოსასუნა
ყველაზე მეტი თამაშგარე: 7 - სევილია
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 75% - ბარსელონა
ტურის გმირი
კრიშტიანო რონალდო (რეალი)
ჟოზე მოურინიომ ქაოსი შეიტანა "რეალში" და ეს ქაოსი რონალდომ დაალაგა და ამით მწვრთნელი, შესაძლოა, მორიგი განსაცდელისაგანაც იხსნა. ორჯერ დიდებულად შეასრულა საჯარიმო (ერთხელ გაიტანა, ერთხელ ბურთი ხარიხას მოხვდა). წელიწადი დუბლით დაიწყო.
ლეო მესი (13 მოხვედრა სიმბოლურში) ამჯერად განზე დარჩა, თუმცა არგენტინელს ურიგოდ არ უთამაშია (გოლი და საგოლე პასი). აი, კრიშტიანო რონალდო კი მე-7-ედ მოხვდა სიმბოლურში.
მე-12 ფეხბურთელი: ჩავი (ბარსელონა)
ბომბარდირები
27 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
17- რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)
16 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)
ასისტენტები
11 - ანდრეს ინიესტა (ბარსელონა)
9 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)
გოლი+პასი
33 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
19 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)
18 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)
მომდევნო ტური
11 იანვარი:
ბილბაო-რაიო ვალეკანო.
12 იანვარი:
ვალიადოლიდი-მალიორკა, ესპანიოლი-სელტა, ოსასუნა-რეალი, ვალენსია-სევილია.
13 იანვარი:
ბეტისი-ლევანტე, რეალ სოსიედადი-დეპორტივო, ატლეტიკო-სარაგოსა, მალაგა-ბარსელონა.
14 იანვარი:
ხეტაფე-გრანადა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა, XVIII ტური: ტიტო ბედს ებრძვის, ჟოზე კი ეთამაშება [VIDEO]