8 ორ-რაუნდიანი დაპირისპირებიდან სენსაცია ერთშიც არ მომხდარა (მცირე მოულოდნელობაა "ლევანტეს" გავარდნა), ბრძოლას ფავორიტები აგრძელებენ, თუმცა საოცნებო ფინალს არ უნდა ველოდოთ - თუკი "რეალი" და "ბარსელონა" მეოთხედფინალურ ბარიერს დაძლევენ, ისინი ერთმანეთს ნახევარფინალში გადაეყრებიან.
სანჩესის და ვილიას შანსი
ტიტოს თუ მის გარეშე "ბარსელონა" უნაკლოდ თამაშობს. მისმა ასისტენტმა ჟორდი როურამ ლეო მესის დასვენების საშუალება მისცა და "ოქროს ბურთის" 4-გზის მფლობელი სათადარიგოთა სკამზე დასვა, თუმცა სეგუნდადივიზიონელ "კორდობასთან" ეს არაფრით დაეტყო გუნდს. პირველ ტაიმში მასპინძელთა უპირატესობას უზარმაზარი
თავიანთი შანსები გამოიყენეს დავიდ ვილიამ და ალექსის სანჩესმა, რომელთაც უჭირთ სასტარტოში მოხვედრა. ესპანელმა და ჩილელმა დუბლები მიითვალეს, ხოლო ანგარიში ტიაგო ალკანტარამ გახსნა. საბოლოოდ, "ბარსელონამ" "კორდობა" ორი მატჩის ჯამში 7:0 დაამარცხა.
მატჩი ვილიამ მცირე ტრავმის გამო დატოვა, ხოლო სერხი რობერტოს ტრავმა უფრო სერიოზულია, ის თვე-ნახევარი დააკლდება კატალონიურ კლუბს.
ჟორდი როურა (ბარსელონა): "გამოვყოფ ფეხბურთელთა დამოკიდებულებას ამ მატჩისადმი და მათ ამბიციებს. თითქოს, ცხადი იყო, რომ ამ მეტოქესთან პრობლემები არ გვექნებოდა, მაგრამ ბიჭებს თვალები უელავდათ, რომ ფანებისთვის ნამდვილი საფეხბურთო სპექტაკლი ეჩვენებინათ. პირველ ტაიმში "ბარსამ" ბრწყინვალე ფეხბურთი აჩვენა, ქედს ვიხრი ბიჭების წინაშე. დავიდ ვილიას მთავარი სავიზიტო ბარათი გოლია. მან ბრწყინვალე მატჩი ითამაშა და კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა ის, რაც კარგად ვიცით - ვილია მალე უფრო მეტ როლს შეასრულებს გუნდში. სანჩესმაც მისთვის ნეგატიური დინამიკა დაძლია, გაიტანა გოლები. ის ყოველთვის საჭირო ფეხბურთელია გუნდისთვის, უბრალოდ, ბოლოს გოლი ვერ გაჰქონდა".
რაფაელ ბერხესი (კორდობა): "ბარსელონას" ფეხბურთელები ისეთ ინდივიდუალურ და გუნდურ ტექნიკას ფლობენ, რაც ნორმალური ადამიანისთვის მიუწვდომელია. რა თქმა უნდა, წინააღმდეგობის გაწევა შესაძლებელია, მაგრამ თუ გოლი გაუშვი, საქმე ცუდად წაგივა. პირველ ტაიმში ჩემს გუნდს უბრალოდ ფეხი არ გაანძრევინეს, მეორეში კი ბურთს მაინც დასდევდნენ. ეს ყველაფერი ძალიან ცუდია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ".
ისევ რუბენ კასტრო
უკვე მერამდენედ ამ სეზონში "ბეტისისთვის" მნიშვნელოვანი გოლი გააქვს 31 წლის რუბენ კასტროს.
პირველი მატჩი კანარის კუნძულებზე 1:1 დასრულდა, ასე რომ, "ლას პალმასს" შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი რჩებოდა და ამ შანსს ის ბოლომდე ებღაუჭა. მასპინძელთა ნახევარმცველმა პოსუელომ ტრავმა მიიღო, ხოლო სტუმართა მცველი კორალესი მატჩის ბოლოს მსაჯთან კამათისთვის გააძევეს.
პეპე მელი (ბეტისი): "ნორმალურია რომ გაგვიჭირდა, პროფესიულ ფეხბურთში იოლად არაფერი მოდის. "ლას პალმასი" კი კარგი გუნდია, მეტოქემ ცოტა შეგვაშინა კიდევაც".
სერხიო ლობერა (ლას პალმასი): "ძალიან დამწუხრებულები ვართ, რადგან წაგებას ძნელად ვეგუებით. მაგრამ შინ თავაწეულები მივდივართ, მეოთხედფინალთან ახლოს ვიყავით".
ფალკაოს პირველი და ტრავმა
"ატლეტიკომ" მშვიდად მიიყვანა თამაში ნულოვან ფრემდე მეტოქესთან, რომელსაც ტაიმ-ნახევარი კაცი აკლდა და დამსახურებულად გავიდა მეოთხედფინალში.
წლეულს პირველად ითამაშა "ატლეტიკოში" რადამელ ფალკაომ, კოლუმბიელმა მცირე ტრავმაც მიიღო.
დიეგო სიმეონე: "პირველ მატჩში მოგების შემდეგ, "ატლეტიკომ" ისეთი თამაში აჩვენა, რომელსაც ველოდი მისგან. ერთია, შეტევაში მეტი შეგვეძლო, საგოლე მომენტებს ვანიავებდით. იმედია, მომავალ მეტოქესაც ასე სერიოზულად მივუდგებით".
ლუის გარსია: "ჩვენი მიზანი იყო, მატჩის დასაწყისშივე წარმატების მიღწევა, მაგრამ თავისუფალი ზონების მონახვა გაგვიჭირდა. ჩემპიონატის მატჩი რომ ყოფილიყო, ასეთ მეტოქესთან ფრით კმაყოფილი ვიქნებოდი. ეს დაპირისპირება კი უკვე პირველ მატჩში წავაგეთ".
ბარსელონა-კორდობა 5:0 (2:0)
გოლები: 1:0 ტ. ალკანტარა (17), 2:0 ვილია (21), 3:0 ვილია (26), 4:0 სანჩესი (55), 5:0 სანჩესი (85)
ბარსელონა (4-3-3): პინტო - დანი ალვეში, პუიოლი (46. ბარტრა), მასკერანო, მონტოია - ს. რობერტო (51. ჯონათან დოს სანტოსი), სონგი, ტ. ალკანტარა - სანჩესი, ფაბრეგასი (46. ტელიო), ვილია.
კორდობა (4-2-3-1): საისარი - ხ. ფერნანდესი, ალბერტო, არმანდო, ფუენტესი - გარი, კაბალიერო (68. რენელია) - სილვა, ვიკო (46. აბელი), დუბარბიე (59. პედრო) - ხოსელუ.
ბეტისი-ლას პალმასი 1:0 (1:1)
გოლი: 1:0 რ. კასტრო (85)
ბეტისი (4-2-3-1): კასტო - ა. ლოპესი, პაულაუ, პერკისი, ჩიკა - რ. პერესი, ბენიატი - აგრა (60. კემპბელი), პოსუელო (34. რ. კასტრო), ვადილიო - მოლინა (71. ნონო).
ლას პალმასი (4-4-2): ბარბოსა - პინიოლი, მურილიო, დეივიდი, კორალესი - მომო (56. დ. გონსალესი), ვ. გომესი (68. გერერო), ერნანი, ვიტოლო - ტიევი, ქრისანტუსი.
გაძევება: კორალესი (92)
ხეტაფე-ატლეტიკო 0:0 (0:3)
ხეტაფე (4-4-2): მოია - ვალერა (47. ფრაილე), აბრაამი, რაფა, მ. ტორესი - ლაფიტა (17. გავილანი), ხ. როდრიგესი, ხ. ტორესი, დ. კასტრო (65. სარაბია) - ალკასერი, ა. ვასკესი.
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - ხუანფრანი (81. მანკილიო), მირანდა, კატა დიასი, სისმა - მ. სუარესი, ემრე - არდა თურანი (61. გაბი), რ. გარსია, კ. როდრიგესი - ფალკაო (59. დ. კოშტა).
გაძევება: რაფა (32)
მეოთხედფინალი
რეალი-ვალენსია
ბარსელონა-მალაგა
ატლეტიკო-ბეტისი
სარაგოსა-სევილია
მატჩები 16 და 23 იანვარს გაიმართება
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
აიტორ კარანკა: ჟოზე მოურინიო არავის ემალება და არც უპირისპირდება