ლა ლიგა. XIX ტურის შეჯამება: რვანახევარი თვე და ეკვატორი

AutoSharing Option
როდესაც გემი პირველად გადალახავს ეკვატორს, დიდი ზარ-ზეიმი იმართება გემბანზე.

ეს ცერემონიალი, რომ ჩავუღრმავდეთ, ნეპტუნის სამეფომდე ჩაგვიყვანს - არ ვაპირებთ, მით უფრო, რომ ლა ლიგა ის ხომალდია, რომელმაც ეკვატორი აგერ, უკვე 82-ედ გადალახა.

თუმცა ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ესპანურ საფეხბურთო ხომალდთა რეგატაში ერთი ისე დაწინაურდა, რომ თითქმის მაქსიმალური სისწრაფე განავითარა - "ბარსელონამ" 57 შესაძლებლიდან 55 ქულით დაასრულა ჩემპიონატის პირველი ნახევარი.


ბარსა-რეალობა
"ბარსელონამ" I წრის ბოლო ტურში მოგებით ესპანური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ზამთრის ჩემპიონის ტიტული დაიბევა. "რეალმა" კი ბოლოადგილოსანს ვერ მოუგო. კონტრასტი
უკვე თვალშისაცემია - გუნდებს შორის სხვაობა 18 ქულაა. ამ ორი კლუბის "ვირტუალურ" დაპირისპირებას აზრი ეკარგება, ისევე, როგორც ჩემპიონატის მთავარ საკითხს - საჩემპიონო ინტრიგას.

მესი vs რონი
ლიონელ მესიმ "მალაგასთან" 3:1 მოგებულ მატჩში 90 წუთი ითამაშა. მან 4-ჯერ დაარტყა კარისკენ, ერთხელ ზუსტად, გაიტანა გოლი და გააკეთა 2 საგოლე გადაცემა. მის წინააღმდეგ 3-ჯერ იუხეშეს.
კრიშტიანო რონალდომ "ოსასუნასთან" 0:0 დასრულებულ მატჩში დისკვალიფიკაციის გამო არ ითამაშა.
ჩვენს "ტურნირში" საპატიო გაცდენები არ არსებობს. ასე რომ, მესიმ კიდევ უფრო გაზარდა უპირატესობა: 14:8.

რვანახევარი თვის შემდეგ
ბევრ გუნდზე გაიგონებთ, წინა ხაზში კრიზისი აქვსო, თუნდაც ტურინის "იუვენტუსზე", მაგრამ ის, რაც "ხეტაფეში" ხდებ(ოდ)ა, კრიზისზე მეტიცაა - მშობლიურ "კოლისეუმზე" "ხეტაფეს" თავდამსხმელებს რვანახევარი თვე გოლი ვერ გაეტანათ! ბოლოს ეს მაისში "რასინგის" კარში მიკუმ მოახერხა.

მას მერე "ხეტაფეს" ფორვარდებმა სულ 3 გოლი (!) გაიტანეს და სამივე სტუმრად. არადა, ალვარო ვასკესი "ესპანიოლიდან" დიდი ზარ-ზეიმით გადაიყვანეს, მაგრამ 21 წლის ტალანტმა მადრიდში ვერ გაამართლა იმედები (2 გოლი), ხოლო ფრანსისკო "პაკო" ალკასერს ჯერ ეპატიება, ის მხოლოდ 19 წლისაა. პაკომ სეზონში მე-2 გოლი გაიტანა "გრანადას" კარში და თითქმის 9-თვიანი ანტირეკორდი შეწყვიტა.

იცით თუ არა, რომ...
* მადრიდის "ატლეტიკო" ერთადერთი გუნდია ლა ლიგაში, რომელმაც პირველ წრეში ყველა საშინაო მატჩი მოიგო - 10-დან 10! "ატლეტიკომ" წრე 44 ქულით დაასრულა, რაც შარშანდელ მაჩვენებელზე 18 ქულით მეტია.
* "ბარსელონა" ერთადერთი გუნდია ლა ლიგაში, რომელმაც პირველ წრეში ყველა საგარეო მატჩი მოიგო - 10-დან 10!
* მიჩელ გონსალესი პრიმერას მე-4 მწვრთნელია, რომელიც ამ სეზონში მოხსნეს, მაურისიო პოჩეტინოს (ესპანიოლი), მაურისიო პელეგრინოს (ვალენსია) და ხოსე ლუის ოლტრას (დეპორტივო) შემდეგ. მის ნაცვლად "სევილიას" უნაი ემერი გაუძღვება.

ტურის ფრაზები
ხოაკინ კაპაროსი: "მე მგონი, შევცდი, მოედანზე მიშელ პერეირა რომ გამოვიყვანე - სხვაგან ქრის მისი გონება", - "მალიორკას" თავკაცი ფრანგ ფეხბურთელზე, რომელიც "სევილიაში" გადადის.

ჟოზე მოურინიო: "ესპანეთის ჩემპიონატის საწყის ეტაპზე "რეალში" რაღაც მოხდა, თუმცა რა მოხდა, იმას არ ვიტყვი", -
ჟოზე შეთქმულების თეორიებზე გადავიდა თუ მართლა საიდუმლოს ინახავს?

პეპე მელი: "სტადიონიდან შინ ისე მივდივარ, როგორც ამაყი მშობელი", - "
ბეტისის" თავკაცი მორიგი გამარჯვების შემდეგ.

ტიტო ვილანოვა: " მირჩევნია, ჩემი ავადმყოფობის გამო ყურადღების ცენტრში არ მოვექცე. მირჩევნია, თითითსაჩვენებელი ჩემი საქმის გამო ვიყო ", -
"ბარსელონას" თავკაცი, რომელმაც ყველა გააკვირვა, როცა მალაგაში ჩავიდა.

ანდრეს ინიესტა: "მაისში გამოჩნდება - აი, მაშინაც ასე თუ ვითამაშეთ, უკვე სულ სხვა საქმეა", -
"ბარსელონას" ნახევარმცველი ტიტულებს უმიზნებს.

ლუის გარსია: "ჩვენ რომ მსაჯები გვყავს, მათგან ერთი-ორი თუ შეეფერება მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატს", -
"ხეტაფეს" თავკაცის მწარე სიმართლე.

დიეგო სიმეონე: "პირველ ტაიმში თითქმის უნაკლო ფეხბურთი ვითამაშეთ", - "ატლეტიკოს" თავკაცი "სარაგოსას" დამარცხების შემდეგ.

მიჩელი: "შემართება რომ გამოავლინო, სისხლი უნდა გიჩქეფდეს ძარღვებში", - ეს იყო ლეგენდარული ფეხბურთელის ბოლო პრეტენზია "სევილიას" ფეხბურთელებისადმი. მეორე დღეს ის მოხსნეს.

ესპანური ფეხბურთის სუსტი წერტილი - მსაჯობა
პერეს მონტერო (ბილბაო-რაიო ვალეკანო): 4 - "მარკას" შეფასებით (10-ბალიანი სისტემით)
რა დააშავა: სტუმართა კარში დანიშნა პენალტი. არადა, თამაშის წესი საჯარიმოს გარეთ დაირღვა.

ტურის საუკეთესო გოლი
პატრიკ ებერტი (ვალიადოლიდი) "მალიორკას" კარში

ტურის საუკეთესო პასი
რობერტო ტრაშორასი (რაიო ვალეკანო) საგოლე პასი ალჰასან ბანგურას.

ტურის სტატისტიკა
24 გოლი ტურში (2,4 მატჩში). 5 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 3 ფრედ დასრულდა და 2 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 61 ყვითელი ბარათი და 3 წითელი დაარიგეს.

ჰეთ თრიკი: არავინ
დუბლი: პატრიკ ებერტი (ვალიადოლიდი), სიკეირა (გრანადა), რობერტო სოლდადო (ვალენსია).
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: ხონათან კასტრო (სელტა, 18 წლის).

ყველაზე მეტი მაყურებელი: 45 000 - "ვისენტე კალდერონი"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 6 000 - "ალფონსო პერეს კოლისეუმი"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 20 - დეპორტივო
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 9 - ბილბაო, ვალიადოლიდი
ყველაზე მეტი ჯარიმა: 23 - რაიო ვალეკანო
ყველაზე მეტი კუთხური: 10 - ატლეტიკო
ყველაზე მეტი თამაშგარე: 8 - რეალი, რეალ სოსიედადი
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 64% - ბარსელონა

ტურის სიმბოლური ნაკრები
ლელოს ვერსიით. 3-4-3

არ გავამხვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ ლეო მესი 14-ჯერ მოხვდა სიმბოლურში. ჩვენი დაკვირვების სუბიექტი ხონათან "ხონი" კასტროა. ეს ბიჭი "სელტას" ფეხბურთელია, 18 წლისაა (ამ ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი) და მხოლოდ მესამედ თამაშობდა პრიმერაში. მისმა გუნდმა წააგო, მაგრამ მან დიდებულად ითამაშა დაცვის მარჯვენა ფრთაზე.

მე-12 ფეხბურთელი: სერხიო გარსია (ესპანიოლი)

Sportall.Ge

ტურის გმირი
პატრიკ ებერტი (ვალიადოლიდი)
პატრიკი საკმაოდ სერიოზული ტრავმის შემდეგ პირველად თამაშობდა. მის ანგარიშზე ორი გოლი და საგოლე პასია "მალიორკას" კარში. ამით "ვალიადოლიდმა" 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

ბომბარდირები
28 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
18- რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)
16 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)

ასისტენტები
11 - ანდრეს ინიესტა (ბარსელონა)
9 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)
8 - ლიონელ მესი (ბარსელონა)

გოლი+პასი
36 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
19 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)
19 - კრიშტიანო რონალდო (ატლეტიკო)

მომდევნო ტური
18 იანვარი:
ესპანიოლი-მალიორკა

19 იანვარი:
გრანადა-რაიო ვალეკანო, რეალ სოსიედადი-ბარსელონა, ხეტაფე-სევილია, მალაგა-სელტა.

20 იანვარი:
ოსასუნა-დეპორტივო, ვალიადოლიდი-სარაგოსა, ატლეტიკო-ლევანტე, ვალენსია-რეალი.

21 იანვარი:
ბეტისი-ბილბაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XIX ტური: "ბარსელონა" - არის პირველი წრის რეკორდი! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული