ბარსელონას წარმატების საიდუმლო ჩავისგან

AutoSharing Option
ამ ქვის შენობას, "კამპ ნოუს" გვერდით რომ დგას, უნიჭიერესი ფეხბურთელების აღზრდის რეპუტაცია აქვს. მას კატალონიელები "ლა მასიას" უწოდებენ - "ბარსელონას" საფეხბურთო აკადემიის შესახებ ყველა გულშემატკივარს გაუგია. გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ჩავი ერნანდესიც ამ სკოლის აღზრდილია და ახლა ის უეფას ოფიციალურ საიტს უზიარებს "ბარსელონას" წარმატების საიდუმლოს...

სულ ადრეული წლებიდან "ბარსელონას" სკოლაში ბავშვებს, მომავალ ვარსკლავებს, ასწავლიან მთავარს - ჯერ თავიანთი გონებრივი შესაძლებლობები გამოიყენონ და მხოლოდ ამის მერე - ფეხები. "11 წლის ვიყავი, როცა აქ მოვხვდი და აქაურმა საფეხბურთო ფილოსოფიამ მთლიანად მშთანთქა, მეც ამ
ფილოსოფიის ნაწილი გავხდი. იცით რა არის მთავარი? არა, შედეგი არა - სწავლის წყურვილი", - გვიამბობს ჩავი.

როცა ჩავი "ლა მასიაში" მივიდა, მას ეგონა, რომ ფორვარდია, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ უფრო ნელია, ვიდრე სხვა ბავშვები. მას თანაგუნდელებმა "მანქანა" (Maqquina) შეარქვეს, რადგან შეეძლო სტაბილურად ერთი სისწრაფით ერბინა სწორხაზოვნად და ზუსტი გადაცემები ეკეთებინა. აი, ამ პროდუქტისგან შექმნეს "მასიის" მწვრთნელებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მომგები ცენტრალური ნახევარმცველი:

"ჩვენ ვთამაშობდით "სამკუთხედებს", ბურთს წრეზე ვათამაშებდით. ასეთი ვარჯიშების შემდეგ იძენ ძალიან სასარგებლო ჩვევებს, რომელსაც მერე და მერე თამაშისას იყენებ კიდეც. მაგალითად, იქაური ვარჯიშების შემდეგ, ყოველთვის იცი შენი თანაგუნდელების ძლიერი მხარეები და შეგიძლია თავაწეული თამაში".

"აქ სწავლობ პასი გადააწოდო მემარჯვენეს მარჯვენა ფეხზე, ცაციას კი მისთვის ხელსაყრელ ფეხზე. სანამ ბურთს მიიღებ მანამდე უნდა იცოდე, რა უნდა გააკეთო შემდეგში. გსურთ ნახოთ ასეთი მუშაობის შედეგები? მაშინ უნდა უყუროთ "ბარსელონას" თამაშს, როცა გუნდში 8-9 მისი სკოლის აღზრდილი თამაშობს. "მასია", ეს ის საფუძველია, რომელზეც დგას გუნდის თამაშის სტილი".
"მასიას" საფეხბურთო ფილოსოფია არ იქნებოდა ასე მნიშვნელოვანი, რომ კლუბის მთავარი გუნდი ამ სისტემის მიმდევარი არ იყოს, ასეთ რამეს ის მწვრთნელები ითხოვენ, რომელთაც კარგად უწყიან კლუბის კრედო: "გვარდიოლაც "ლა მასიის" პროდუქტია, მან იცის, რომ როცა ახალგაზრდული გუნდებიდან ფეხბურთელებს იმატებს, ისინი აუცილებლად გამოადგებიან მთავარ გუნდს, რადგან სისტემა ერთია", - ამბობს ჩავი.

თავად გვარდიოლა დიდად გაკვირვებული დარჩა, როცა ჟოან ლაპორტამ გუნდის გაწვრთნა შესთავაზა, მას ხომ ტოპ-კლუბის მწვრთნელობის გამოცდილება არ ჰქონდა. ჩავი გვადრიოლას დიდი ფანია:

"მე ყოველთვის მჯეროდა პეპის. ის ძალიან ერთგულია, წვრილმანსაც დიდ ყურადღებას აქცევს, ენთუზიაზმით სავსეა. მას ძალიან დიდი უნარი აქვს - ირგვლივ ყველას ოპტიმისტურად განაწყობს. ვიცი, რომ თავიდან ეჭვობდნენ, გაამართლებდა თუ არა პეპი მთავარ გუნდში. მაგრამ რომ მოსულიყო სხვა, გარედან, მისთვის ჯერ უნდა ეჩვენებინათ როგორ მუშაობს ყველა კლუბში, ამას კი დრო სჭირდება. პეპმა კი ყველაფერი იცის, რა სურს, როგორ გრძნობენ თავს ფეხბურთელები, რა ზეწოლაა მათზე. გვარდიოლა ზუსტად ის არის, ვინც კლუბს სჭირდება. თუმცა ყველაზე ოპტიმისტებიც კი ვერ იფიქრებდნენ, რომ ყველაფერი ასე კარგად აეწყობოდა გუნდში".

რაშია გვარდიოლას წარმატების საიდუმლო? - "ის ძალიან წყნარია, არასოდეს არ მოგაქცევს ფსიქოლოგიურ წნეხში. პირიქით, გიბიძგებს, რომ შენი თამაშით სიამოვნება მიიღო. პეპი აქცენტს ბურთის ფლობაზე, პასებზე აკეთებს. თამაშის წინ მეტოქეს მწვრთნელი სამი-ოთხი საკვანძო მახასიათებლით გვიღწერს, გვეუბნება, თუ როგორ გვეთამაშება მეტოქე და რა უნდა დავუპირისპიროთ ჩვენ მათ თამაშს. მთელი ეს საუბარი 10 წუთზე მეტი ჯერ ერთხელაც არ გაგრძელებულა, მაგრამ ჯერ არ მახსოვს, შემცდარიყო. გვარდიოლა ყველაზე დიდ მნიშვნელობას სათამაშო კონცეფციას ანიჭებს".

ბოლო დროს "ბარსელონა" საფეხბურთო მოდის დამკანონებელია, ჩავი ფიქრობს, რომ ამ წარმატების მთავარი საიდუმლო მაინც ნიჭია:

"ბუნებრივი შესაძლებლობები და ტალანტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიზიკური ძალა. ეს რომ არ იყოს, 11 ფიზიკურად უნაკლოდ მომზადებული ფეხბურთელის გამოყვანას წინ რა უდგას, მაგრამ ვერავინ მოგცემთ გარანტიას, რომ ამ ფეხბურთელებს უფრო გაუადვილდებათ თამაშის მოგება", - ასკვნის "ბარსელონას" ნახევარდაცვის მაესტრო.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

 


 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული