დანიელ პრანიჩი - გალისიელთა მხსნელი?

AutoSharing Option
ესპანეთში ზამთრის სატრანსფერო სეზონი ძალიან მშვიდად მიმდინარეობს. ნორმალური, ყურადღების მისაქცევი ტრანსფერი სანთლით საძებარია.

გრანდები, "რეალი" და "ბარსელონა" ბაზარზე საერთოდ არ აქტიურობენ და არც აპირებენ; სხვები კი, უმთავრესად, ელიან.

ყველაზე მეტად "მალაგა" აქტიურობს. ანდალუსიური კლუბი ცდილობს, ისტორიაში პირველ პლეი ოფს ჩემპიონთა ლიგაში ღირსეულად შეხვდეს. "ჩელსიდან" ბრაზილიელი ლუკას პიაზონის, ხოლო "პარი სენ-ჟერმენიდან" დიეგო ლუგანოს დამატებაც ამის დასტურია. სამაგიეროდ, გუნდმა გაუშვა ზედმეტი ხალხი: ხუანმი და რესიო.

22 იანვარს მნიშვნელოვანი შენაძენი გააკეთა ვიგოს "სელტამ", რომელიც ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, თან ისე, რომ გალისიურ კლუბს
ევროც არ დაუხარჯია - ლისაბონის "სპორტინგიდან" გამოცდილი ხორვატი მარცხენაფლანგელი დანიელ პრანიჩი იჯარით აიყვანა. ხელშეკრულება სეზონის ბოლომდეა გათვალისწინებული.

ზაფხულში "სელტას" ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება აქვს.

"ერთი წუთითაც არ მიფიქრია, როცა ეს წინადადება მივიღე - "სელტა" ჩემი კარიერის გაგრძელების მისაღები ვარიანტია - ესპანეთის ჩემპიონატი მსოფლიოში საუკეთესოა და იმედია, გუნდს ჩემი გამოცდილებით გამოვადგები ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში", - განაცხადა პრეზენტაციაზე დანიელ პრანიჩმა.

პრანიჩი 31 წლისაა. ის 2005 წელს ზაგრების "დინამოდან" ჰოლანდიურ "ჰეერენვეენში" გადავიდა, საიდანაც 4 წლის შემდეგ გერმანიის რეკორდმაისტერში, მიუნხენის "ბაიერნში" მოხვდა. ბუნდესლიგაში მან სულ 55 მატჩში მიიღო მონაწილეობა და შარშან ზაფხულში ლისაბონის "სპორტინგში" გადაბარგდა.

ხორვატიის ნაკრებში პრანიჩმა 45 მატჩი ითამაშა. სექტემბერში მან საერთაშორისო კარიერის დასრულება გამოაცხადა.

რეკორდი ისევ როსისია
ბოლო დღეების სხვა ტრანსფერებიდან გამოვყოფთ "ხეტაფეს" იღბლიან ვაჭრობას - მადრიდულმა კლუბმა 26 წლის არგენტინელი ცენტრალური მცველი დავიდ აბრაამი 4 მილიონ ევროდ გაყიდა ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმში".

სულ რაღაც ნახევარი მილიონი ევრო დაუჯდა "გრანადას" 32 წლის ფორვარდი კარლოს არანდა, რომელიც "სარაგოსაში" თამაშობდა. არანდა "რეალის" აღზრდილია, "გრანადაში" კი ის 2007/08 წლების სეზონშიც თამაშობდა.

ესპანეთის ზამთრის სატრანსფერო სეზონის რეკორდად კი ჯერჯერობით ისევ ჯუზეპე როსის ტრანსფერი რჩება, რომელიც ლა ლიგის გუნდში არც კი ირიცხებოდა - სეგუნდა დივიზიონის "ვილიარეალმა" იტალიის ნაკრების ფორვარდი "ფიორენტინას" 9 მილიონ დოლარად მიჰყიდა.

ესპანურ კლუბებს კი იანვარში მილიონზე მეტი არავისში გადაუხდიათ - ზუსტად მილიონად შეიძინა "სევილიამ" ბოსნიელი მიროსლავ სტევანოვიჩი სერბული "ვოივოდინადან".

ლა ლიგა. უკანასკნელი ტრანსფერები

თარიღი ფეხბურთელი საიდან სად თანხა
15 იან. როლან ლამა (ბელ) ოსასუნა სუონსი იჯარა
15 იან. ხუანმი მალაგა რასინგი იჯარა
16 იან. ლუკას პიაზონი (ბრ) ჩელსი მალაგა იჯარა
17 იან. ხუან ალბინი (ურუ) ესპანიოლი ნასიონალი იჯარა
17 იან. ხოელ რობლესი ატლეტიკო უიგანი იჯარა
18 იან. კარლოს არანდა სარაგოსა გრანადა 0,5 მლნ. ევრო
18 იან. მასიმო ვოლტა (იტა) ლევანტე სამპდორია იჯ. დაიბრუნა
18 იან. გილერმო მოლინსი (შვ) ანდერლეხტი ბეტისი იჯარა
19 იან. ხოსე ფერნანდესი კორდობა სარაგოსა თავ. აგენტი
19 იან. სალვადორ აგრა (პორ) ბეტისი სიენა იჯარა
21 იან. ფრანსისკო სილვა (ჩილ) უნივერსიდადი ოსასუნა
21 იან. დიეგო ლუგანო (ურუ) პსჟ მალაგა იჯარა
22 იან. მანუელ არანა ვალეკანო უელვა თავ. აგენტი
22 იან. დანიელ პრანიჩი (ხორ) სპორტინგი სელტა იჯარა
22 იან. ჩეჩუ დორადო ბეტისი ვილიარეალი თავ. აგენტი
22 იან. დავიდ აბრაამი (არგ) ხეტაფე ჰოფენჰაიმი 4 მლნ. ევრო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სრული ესპანური სატრანსფერო ბაზარი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული