მადრიდულმა კლუბმა 2-მატჩიანი დაპირისპირების ბედი პირველ ნახევარ საათში გადაწყვიტა, როცა "სანჩეს პისხუანზე" დიეგო კოშტას და რადამელ ფალკაოს გოლების წყალობით 2:0 დაწინაურდა.
ამის შემდეგ უნაი ემერის გუნდს ფინალის საგზურის მოსაპოვებლად 4 გოლის გატანა მართებდა, რაც, ბუნებრივია, თითქმის შეუძლებელი რამაა.
"ატლეტიკო" ორი მატჩის ჯამში (4:3) "სამეფო თასის" ფინალში გავიდა.
"ატლეტიკოს" წარმატება ძვირი დაუჯდა - გუნდმა 2 თვით დაკარგა ნახევარმცველი ტიაგო მენდეში. პორტუგალიელს გარი მედელმა ხელი მოსტეხა.
მედელი მაშინ არა და მეორე ტაიმში დაისაჯა, როცა დიეგო კოშტას ეუხეშა (თუმცა ბრაზილიელმაც ერთობ გააფორმა), შემდეგ კი გაძევებას აგრესიულად შეხვდა, სკამი ერთ-ერთ პოლიციელს ესროლა.
Video
სევილიას ფეხბურთელმა სიბრაზისგან სკამი გატეხა
სევილიას ფეხბურთელმა სიბრაზისგან სკამი გატეხა
ჩილელ ნახევარმცველს სერიოზული სანქციები ელის.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი უდავოდ დიეგო კოშტა იყო: მან გოლი გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა. მასთან ორთაბრძოლისთვის ჯერ მედელი, შემდეგ ჟოფრეი კონდობია გააძევეს.
უნაი ემერი (სევილია): "ჩემი გუნდი მოტივირებული გავიდა მოედანზე, მაგრამ პირველი გაშვებული ბურთის შემდეგ ჩვენს მოქმედებაში გაურკვევლობის შეგრძნება გაჩნდა, ხოლო "ატლეტიკოს" მეორე გოლმა ძალები წაგვართვა.
კი გვქონდა ბევრი მომენტი, მაგრამ იმდენის გატანა ვერ შევძელით, რამდენიც საჭირო იყო საბოლოო წარმატებისთვის.
ბიჭები თავიანთ შესაძლებლობებში ბოლომდე არ იყვნენ დარწმუნებულნი, სწორედ ამიტომაც მივიღეთ ორი წითელი ბარათი.
მადლობა გულშემატკივრებს, ისინი ბოლომდე ჩვენთან იყვნენ, ჩვენ კი მათთან ვალში ვართ".
დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "მთავარია, რომ "ატლეტიკოს" გულშემატკივრები, რომლებიც ამხელა მანძილზე გამოგვყვნენ, ბედნიერები არიან. დილით გავიღვიძებ და გავიაზრებ, რა ძნელი ფინალი გველის. ახლა კი, უბრალოდ, ვტკბები ამ გამარჯვებით.
იმაზე ფიქრი, რომ ჩემპიონატში მყარად მე-2 ადგილზე ვართ, თასის ფინალშიც გავედით, კმაყოფილების შეგრძნებას ტოვებს.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ჩვენი გუნდი თავიდანვე კარგად თამაშობდა. ბიჭების თამაშში ამბიცია და მონდომება იგრძნობოდა. "სევილია" ღირსეული მეტოქე იყო".
21 წლის შემდეგ
ზუსტად ამდენი დრო გავიდა მას მერე, რაც ესპანეთის თასის ფინალში ერთმანეთს "რეალი" და "ატლეტიკო" დაუპირისპირდნენ. ეს ფინალი მადრიდული კლუბებისთვის მე-5 ჯახი იქნება.
აქამდე "ატლეტიკო" ფლობდა უპირატესობას - 3:1.
"სამეფო კლუბმა" ის ერთი მატჩიც პენალტების სერიის წყალობით მოიგო (1975 წელს "ვისენტე კალდერონზე"). "ატლეტიკომ" სამივე შემთხვევაში "სანტიაგო ბერნაბეუზე" იმარჯვა: 3:1 (1960), 3:2 (1961) და 2:0 (1992).
სად და როდის გაიმართება ფინალი? გუნდები ("რეალი" და "ატლეტიკო") მომავალ კვირაში შეთანხმდებიან. მატჩი 17-19 მაისს შორის უნდა ჩატარდეს. "რეალი" მხარს უჭერს ბარსელონას ან ვალენსიას კანდიდატურებს.
ასე რომ, არ გაგიკვირდეთ, თუკი მადრიდულ დერბის "კამპ ნოუზე" იხილავთ. "ატლეტიკოს" პრეზიდენტი ენრიკე სერესო კი მატჩის "ვისენტე კალდერონზე" გამართვას ითხოვს! და ამას კლუბებს შორის ისტორიული შეთანხმებით ხსნის.
კოპა დელ რეი. ნახევარფინალი. საპასუხო მატჩი
სევილია-ატლეტიკო 2:2 (1:2)
გოლები: 0:1 დ. კოშტა (6), 0:2 ფალკაო (29), 1P:2 ხესუს ნავასი (39), 2:2 რაკიტიჩი (91)
სევილია (4-2-3-1): ბეტო - კოკე, ფასიო, ბოტია (69. სისინიო), მორენო - მედელი, კონდობია - ხესუს ნავასი, რაკიტიჩი, რეიესი (46. დელ მორალი) - ნეგრედო.
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, კატა დიასი, ფილიპე ლუიში - ტიაგო (23. მ. სუარესი), გაბი - არდა თურანი (63. კ. როდრიგესი), რაულ გარსია (72. კოკე), დ. კოშტა - ფალკაო.
გაფრთხილება: კონდობია, მედელი, რაკიტიჩი - რაულ გარსია, კატა დიასი
გაძევება: მედელი (76. სევილია), კონდობია (92)
კუთხური: 12-3; ჯარიმა: 22-16; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 13-8 (5-5); ბურთის ფლობა: 72%-28%.
მაყურებელი: 45 000
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"სევილიას" ფეხბურთელმა ერთ მეტოქეს ხელი მოსტეხა, მეორე ჩაწიხლა, პოლიციელს კი სკამი ესროლა... [VIDEO]